რა იწვევს გასტრიტს და რა უნდა ვიცოდეთ კუჭის დაავადებების შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.08, 2023 წელი

გასტრიტს უამრავი გამომწვევი მიზეზი აქვს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
- პილორუსის ჰელიკობაქტერიით ინფიცირება;
- კუჭის ამომფენი გარსის დაზიანება;
- ავტოიმუნური რეაქცია.
პილორუსის ჰელიკობაქტერია მიკრობია, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება გასტრიტის ჩემოყალიბების მიზეზი. მას შეუძლია, გამოიწვიოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული გასტრიტი. პილორუსის ჰელიკობაქტერია საკმაოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში. ინფიცირება, წესისამებრ, ბავშვობაში ხდება, თუმცა შესაძლოა, ინფიცირებული მთელი ცხოვრება არაფერმა შეაწუხოს.
კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების ფონზე განვითარებულ გასტრიტს რეაქტიულს უწოდებენ. რეაქტიული გასტრიტიც შეიძლება, იყოს მწვავე და ქრონიკული, გამოიწვიოს ეროზიები და მსუბუქი ანთება.
რეაქტიული გასტრიტის დადასტურებული მიზეზებია:
- ალკოჰოლის ან კოკაინის მოხმარება;
- დასხივება ან რადიაციული მკურნალობა;
- ნაღვლის რეფლუქსი ანუ თორმეტგოჯა ნაწლავიდან კუჭში უკუდენა – ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირია იმ პაციენტებთან, რომლებსაც კუჭი ნაწილობრივ ამოკვეთილი აქვთ;
- ძლიერი სტრესი;
- მძიმე ავადმყოფობა, მწვავე დამწვრობა ან სერიოზული ოპერაცია.
ავტოიმუნური გასტრიტის დროს იმუნური სისტემა თავს ესხმის კუჭის ამომფენი გარსის უჯრედებს. მოგეხსენებათ, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქცია ორგანიზმში შეჭრილი ბაქტერიებისა და ვირუსების განეიტრალებაა, ავტოიმუნური გასტრიტის დროს კი ის საკუთარ უჯრედებს აზიანებს.
ავტოიმუნური გასტრიტი, წესისამებრ, ქრონიკული და არაეროზიულია.
გასტრიტის შედარებით იშვიათი მიზეზებია კრონის დაავადება – მას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერი ნაწილის დაზიანება შეუძლია, ასევე: სარკოიდოზი, ალერგია საკვებზე, რძესა და სოიაზე, ესა თუ ის ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი და სოკო.
ეროზიული გასტრიტის მიზეზებია:
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები;
- ალკოჰოლი;
- სტრესი;
- რადიაცია (იშვიათად);
- ვირუსული ინფექცია;
- სისხლძარღვოვანი დაზიანება;
- კუჭის ლორწოვანის მექანიკური დაზიანება, მაგალითად, გასტროსკოპით.
არაეროზიული გასტრიტის მთავარი სიმპტომი ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნებაა, თუმცა, ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როცა პაციენტი არაფერს უჩივის. გარდა ტკივილისა, გასტრიტის დროს მოსალოდნელია გულისრევის შეგრძნება და ღებინება.
საშუალო სიმძიმის ეროზიული გასტრიტის დროს სიმპტომები აშკარად არ არის გამოხატული, თუმცა ზოგი პაციენტი უჩივის გულისრევას ან ღებინებას. ხშირად პირველი ნიშანია სისხლიანი ღებინება ან შავი, კუპრისებრი განავალი. სისხლდენა, როგორც წესი, ზომიერია, თუმცა შესაძლოა, იყოს მასიურიც, თუ საქმე გვაქვს ღრმა წყლულთან, უმეტესად – მწვავე სტრესული გასტრიტის დროს.
კუჭის პრობლემების ძირითადი გამომწვევია:
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ასპირინი, პიროქსიკამი) ხანგრძლივი გამოყენება, თუმცა კუჭისა და თორმეტგოჯას ლორწოვან გარსს არანაკლებ ვნებს ქიმიოთერაპიული და სხვა მედიკამენტური საშუალებები;
- თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმში შემავალი ნივთიერებები ანელებს შეხორცების პროცესს და ზრდის რეციდივის სიხშირეს. რისკი დღის განმავლობაში მოწეული ღერების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია;
- ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
- გენეტიკური ფაქტორები;
- სტრესი;
- ზოგიერთი საკვები – ცხარე, მჟავე, ცხიმიანი, სანელებლებიანი, კოფეინის შემცველი, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან