მედიცინა

რა იწვევს ჭარბოფლიანობას და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.07, 2023 წელი

ოფლიანობა
დაკოპირებულია

ოფლის გამოყოფა სხეულის გაგრილების ბუნებრივი გზაა. ამ პროცესს არეგულირებს ავტონომიური ნერვული სისტემა, რომელიც ჩვენს ნება-სურვილს არ ემორჩილება.

ჭარბია ოფლიანობა, როდესაც ადამიანი იმაზე მეტად ოფლიანდება, ვიდრე მოსალოდნელია გარემოს განსაზღვრული ტემპერატურის, დატვირთვის დონისა თუ სტრესის პირობებში. შესაძლოა, ოფლიანობა იმდენად ინტენსიური იყოს, რომ ხელი შეუშალოს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას და გამოიწვიოს სოციალური უხერხულობა ან შფოთვა.

ჭარბ ოფლიანობას ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ის მთელ სხეულზეც შეიძლება გამოვლინდეს და მის ცალკეულ უბნებზეც (ხელისგულები, ფეხსიგულები, იღლიები, სახე).

თუ ჭარბი ოფლიანობა არც რომელიმე სამედიცინო მდგომარეობით არის გამოწვეული და არც სხვა მიზეზით (გარემოს ტემპერატურის მატებით, ფიზიკური აქტივობით), მას პირველადი, ანუ ესენციური ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ამ შემთხვევაში საოფლე ჯირკვლების მუშაობაზე პასუხსმგებელი ნერვები ზედმეტად აქტიურობენ. სტრესის, მღელვარების დროს ოფლიანობა კიდევ უფრო იმატებს. ჰიპერჰიდროზის ეს ტიპი, როგორც წესი, ადგილობრივია – ხელების, ფეხებისა და ზოგჯერ სახის ოფლიანობით გამოიხატება. სხეულის ამა თუ იმ უბნის ოფლიანობა ჰიპერჰიდროზად რომ ჩაითვალის, ეპიზოდი უნდა გამეორდეს კვირაში, სულ მცირე, ერთხელ და გაოფლიანდეს სხეულის ორივე მხარე.

პირველადი ჰიპერჰიდროზი ნაწილობრივ მემკვიდრეობითიც არის. ზოგჯერ ის ოჯახის რამდენიმე წევრს აღენიშნება.

როდესაც ჭარბ ოფლიანობას განსაზღვრული სამედიცინო მდგომარეობა განაპირობებს, მას მეორეული ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ეს მდგომარეობებია: ორსულობა, დიაბეტი, მენოპაუზა, ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული აქტიურობა), ჰიპოგლიკემია – სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობა, კიბოს ზოგიერთი სახეობა, გულის შეტევა ან გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ნერვული სისტემის დარღვევები, ინფექციები, მათ შორის – ტუბერკულოზი, ზოსტერი; მალარია, აკრომეგალია, გაურკვეველი წარმოშობის ცხელება, მედიკამენტების გვერდითი მოვლენები, კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი, ნევროლოგიური დაავადებები, მათ შორის – პარკინსონის დაავადება; შფოთვა, სიმსუქნე, რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა.

ოფლიანი ხელები ან ოფლით დასველებული ტანსაცმელი სოციუმში უხერხულობას იწვევს. შესაძლოა, ამან ხელი შეგიშალოთ მუშაობაში ან განათლების მიღებაში. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებიც ჭარბად ოფლიანობენ, კანის ინფექციებისადმი მიდრეკილება ახასიათებთ.

თუ ძლიერ ოფლიანობას თან ახლავს თავბრუ, გულმკერდის ტკივილი ან გულისრევა, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თუ უეცრად დაგეწყოთ ჩვეულებრივზე ძლიერი ოფლიანობა, იმდენად ძლიერი, რომ თქვენს ყოველდღიურ რუტინას არღვევს, ღამღამობით უმიზეზოდ ოფლიანდებით ან ოფლიანობა იწვევს ემოციურ დისტრესსა თუ სოციალურ იზოლაციას, დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ.

ოფლიანობასა და უსიამოვნო სუნთან გასამკლავებლად შეგიძლიათ ანტიპერსპირანტები გამოიყენოთ.

ყოველდღიური დაბანა ხელს უშლის კანზე ბაქტერიების გამრავლებას და, შესაბამისად, უსიამოვნო სუნის გაჩენას. დაბანის შემდეგ გულდასმით უნდა შეიმშრალოთ თითებს შორის არეები და იღლიები.

თუ ფეხები გიოფლიანდებათ, ატარეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელები და წინდები, რომლებიც ფეხებს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ძლიერი დატვირთვისას ტენის შემწოვი სპორტული წინდები ჩაიცვით. გამოიცვალეთ წინდები დღეში ერთხელ ან ორჯერ, თან, ფეხები კარგად შეიმშრალეთ. კარგია ბამბისძირებიანი კოლგოტები, ოფლის საწინააღმდეგო ფეხის ფხვნილები. ფეხები დროდადრო ფეხსაცმლიდან ამოყავით და ხშირად გაინიავეთ. კარგია ფეხშიშველა სიარულიც.

ყოველდღიურად ატარეთ ბუნებრივი ბოჭკოს (ბამბის, შალის, აბრეშუმის) ტანსაცმელი, ხოლო ვარჯიშის დროს – ტენის შემწოვი ქსოვილის.

ოფლის მოდენის შემდეგ სხეულმა სითხის მარაგი რომ შეივსოს:

👉სვით ბევრი წყალი ან ელექტროლიტების შემცველი სასმელი;

👉 დასწიეთ ოთახის ტემპერატურა, რათა კიდევ არ გაოფლიანდეთ.

თუ ოფლი კანზე შეგაშრათ, ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა