მედიცინა

რა ჩივილები მიგვანიშნებს კარდიოლოგიურ პრობლემებზე და როგორ დავიცვათ თავი გართულებებისგან

№7

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:21 14.02

მაია ჩიგოგიძე
დაკოპირებულია

დღეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიო მასშტაბით, რასაც არასათანადო ყურადღების შემთხვევაში ხშირად ფატალურ შედეგებამდე მივყავართ, რა ჩივილებით მივხვდეთ, რომ საქმე გვაქვს გულის პრობლემებთან და როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას, ამის შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი, კადიოლოგი, „ჯეოჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური და თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ჩიგოგიძე გვესაუბრა.

– ქალბატონო მაია, რა გზა გაიარეთ პროფესიულ წარმატებამდე?

მაია ჩიგოგიძე: სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ გავიარე ინტერნატურის სრული კურსი, მოგვიანებით – დიპლომის შემდგომი აკადემიის სრული კურსი კარდიოლოგიაში. ჩემი პრაქტიკული საქმიანობა თავდაპირველად მედდის პოზიციაზე დავიწყე, 2002 წლიდან ვფლობ სახელმწიფო სერტიფიკატს კარდიოლოგიაში. 2009-2010 წლებში ვმუშაობდი ანკარაში ,,ნუმონეს“ სახელობის მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური კარდიოლოგიის დეპარტამენტში; 2010 წელს წარმატებით დავამთავრე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA – საზოგადოებრივი ჯანდაცვის, დაზღვევისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით. 2011 წელს წარმატებით დავამთავრე საქართველოსა და ამერიკის ერთობლივი კოლეჯი გადაუდებელ მედიცინაში; 2012 წლიდან ვფლობ სახელმწიფო სერტიფიკატს საოჯახო მედიცინაში; 2012-2013 წლებში გავიარე ექოკარდიოგრაფიის სრული კურსი აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში. 2013 წლიდან ვფლობ სახელმწიფო სერტიფიკატს სუბსპეციალობაში – ექოკარდიოგრაფია. 2014 წლიდან ვსწავლობდი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვას კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლაში. 2017 წელს ავსტრიაში, ვენაში ვმონაწილეობდი ულტრაბგერის მასტერკლასში ტრანსთორაკალურ და ტრანსეზოფაგურ ექოკარდიოგრაფიაში. 2018 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას, ვკითხულობ ექოკარდიოგრაფიის კურსს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შინაგან მედიცინას საქართველოს უნივერსიტეტში, უცხოენოვან ფაკულტეტზე. 2018-2019 წლებში ვმუშაობდი ბერლინში კლინიკა „ნაუენში“ ტრანსთორაკალური და ტრანსეზოფაგეალური ექოკარდიოგრაფიის ლაბორატორიაში. 2017-2020 წლებში ვხელმძღვანელობდი აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის გულისა და სისხლძარღვთა დეპარტამენტს. თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ აღნიშნულ კლინიკაში კარდიოლოგიის საფუძვლის ჩაყრა ჩემი დამსახურებაა, რაშიც კლინიკის მენეჯმენტმა ძალიან შემიწყო ხელი. 2021 წლიდან დღემდე ვხელმძღვანელობ შპს „ჯეოჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური ცენტრის კარდიოლოგიურ და თერაპიულ დეპარტამენტს.

ვარ საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ევროპის გულის უკმარისობის, მწვავე კარდიოლოგიური დაავადებებისა და გამომსახველობითი ასოციაციის წევრი.

– რამდენად ხშირია კარდიოლოგიური დაავადებები და რა ასაკიდან უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა?

– გულსისხლძარღვთა დაავადებები, ავადობისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა მსოფლიოში. დღესდღეობით სამედიცინო სფეროს განვითარება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა მთავარია დროული მიმართვიანობა ექიმთან, რაც დიდწილად ამცირებს გართულებების ალბათობას.

ძალიან გახშირდა უეცარი კარდიული სიკვდილი, ხშირია ოჯახური კარდიომიოპათიები, რომელიც გენეტიკურად არის განპირობებული და შემდეგ ვეჯახებით პრობლემების კასკადს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები პატარა ასაკშივე მივიყვანოთ ექიმთან. ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა 15 წლის მოზარდი, სპორტსმენი, რომელსაც ფეხბურთის თამაშის დროს ასისტოლია დაუფიქსირდა. აუცილებელია, რომ ყველას ჰქონდეს პირველადი დახმარებისთვის საჭირო ელემენტარული უნარ-ჩვევები, აგრეთვე, მნიშვნელოვანია გარეგანი დეფიბრილატორების არსებობა ქვეყანაში, სხვადასხვა ლოკაციაზე და შემდგომ – პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია.

– რა ჩივილები მიგვანიშნებს კარდიოლოგიურ პრობლემებზე?

– კარდიოლოგიური პრობლემებისგან გამოწვეული ჩივილები შეიძლება, ძალიან მრავალმხრივი იყოს, დაწყებული ტკივილიდან ქვედა ყბის არეში, დამთავრებული ეპიგასტრიუმში ტკივილით, უეცრად განვითარებული ქოშინით, სიცივეში განვითარებული წვა მკერდის ძვლის უკან, რომელიც გადაეცემა ორივე ხელს იდაყვებს ქვემოთ, აგრეთვე, უეცრად განვითარებული გონების დაკარგვა.

– ძირითადად, რა ასაკის პაციენტები გყავთ?

– ყველა დაავადება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებაც ძალიან გაახალგაზრდავდა და თუ ადრე ეგონათ, რომ კარდიოლოგიური პრობლემები მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს აწუხებდათ, დღეს მე 30 წლის პაციენტებიც მყავს.

– რა იწვევს ახალგაზრდებში კარდიოლოგიურ პრობლემებსა და უეცარ სიკვდილს?

– მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა შემაშფოთებელია გახშირებული კლუბური ნარკოტიკით ინტოქსიკაციის შემთხვევები, რაც იწვევს ძილიანობას და ძილიანობის დროს ისე თრგუნავს სუნთქვის ცენტრს, რომ სუნთქვას აჩერებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდების, რომლებსაც უნდა უხაროდეთ ცხოვრება და შეუძლიათ, აკეთონ ბევრი საინტერესო რამ, წამიერი სიამოვნების გამო უდიდესი საფრთხის ქვეშ იგდებენ თავს. შესაძლოა, პაციენტი აღარ იყოს არანაირ ნარკოტიკზე დამოკიდებული, მაგრამ ისე ჰქონდეს გულსისხლძარღვთა სისტემა დაზიანებული, რომ იმ პერიოდს მთელი ცხოვრება იმკიდეს. ასევე, მნიშვნელოვანია ჭარბი წონა, შემცირებული ფიზიკური აქტივობა, დისლიპიდემიის არსებობა, მემკვიდრული წინასწარგანწყობა და ასე შემდეგ.

– ვიცით, რომ თქვენი ერთ-ერთი ქალიშვილი თქვენი პროფესიული გზის გაგრძელებას გეგმავს?

– ჩემი უმცროსი ქალიშვილი, ანასტასია მოწამლულია ჩემი პროფესიით, თავად გვეტყვის, რატომ დაინტერესდა მედიცინით.

ანასტასია გოგაძე: მთელი ჩემი ბავშვობა ვუყურებდი საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულ დედას და მესმოდა, რომ როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, ექიმმა ყველაფერი უნდა გადადოს, რადგან პაციენტზე ზრუნვა მისთვის პირველ ადგილზეაო. ეს მიდგომა აქვს დედას და მე ეს მომწონს. ნეიროქირურგიას ვგეგმავ. დავიწყე ამ პროფესიასთან დაკავშირებული წიგნების კითხვა, ფილმების ყურება. ამ ყველაფერმა ძალიან ჩამითრია, დედას სულ ვთხოვ, რამე მომიყვეს და უფრო მეტად გამარკვიოს სიტუაციაში. დამპირდა, რომ თავის კოლეგებთან ერთად მოვა ჩემს სკოლაში და ჩავატარებთ ლექციას გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების შესახებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული