რა ასაკამდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კალციუმის დაგროვებაზე ზრუნვა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.04

ძვლების სიმტკიცისთვის კალციუმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მისი წყალობით დავდივართ, დავრბივართ, ვეზიდებით ტვირთს...
ძვლების სიმაგრის შენარჩუნება კალციუმის ერთადერთი დანიშნულება არ არის. ამ ელემენტს გაცილებით მეტი ევალება: სისხლძარღვების შეკუმშვა და გაფართოება, სისხლის შედედება, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, ჰორმონების სეკრეცია... თუმცა, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულებას ორგანიზმში არსებული კალციუმის 1%-ზე ნაკლები ჰყოფნის. დანარჩენი 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი და მათი სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
კალციუმს განუწყვეტლივ მოვიხმართ, შესაბამისად, ორგანიზმში მისი მარაგი დღითიდღე ილევა. კალციუმის წარმოქმნა ორგანიზმს თავად არ შეუძლია, ამიტომ ის გარედან უნდა მივაწოდოთ. ამისთვის საუკეთესო საშუალება საკვებია. კალციუმი არაერთი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში შედის. ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა ორგანიზმს კალციუმითაც ამარაგებს და არაერთი სხვა პრობლემისგანაც გვიცავს.
რა ხდება კალციუმის ნაკლებობის დროს
კალციუმი ყოველდღიურად, მეტიც – ყოველწუთიერად გვჭირდება. სხვაგვარად ვერც სისხლძარღვები შეიკუმშება, ვერც ნერვული იმპულსები გავრცელდება. რა მოხდება, თუ ორგანიზმს კალციუმი დროულად არ მივაწოდეთ?
ორგანიზმი კარგად გრძნობს ამ ელემენტის აუცილებლობას, ამიტომ მის დეფიციტს ვერ ეგუება – თუ რაიმე მიზეზით „ნედლეულის” მიწოდებამ იკლო, მისი ალტერნატიული წყაროების ძიებას იწყებს და ადვილად პოულობს: კალციუმით ხომ ასე მდიდარია ჩვენი ძვლები, ორგანიზმიც საკუთარი ძვლებიდან „იპარავს” საჭირო ელემენტს. ეს ერთგვარი საკომპენსაციო მექანიზმია, რომლითაც კალციუმის დეფიციტის პრევენცია ხდება, მაგრამ თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, ძვალსახსროვან სისტემას კარგი დღე არ ელის: დროთა განმავლობაში ძვლები გაღარიბდება და პრობლემებიც წამოჰყოფს თავს.
მტკიცე ძვლების ფორმირების შანსი ორგანიზმს მხოლოდ ბავშვობაში ეძლევა. ის, ვინც ამ ასაკში კალციუმის უკმარისობას არ განიცდის, ზრდასრულ ცხოვრებას მტკიცე ძვლებით იწყებს და სამომავლოდ მრავალ პრობლემას იცილებს თავიდან. რატომ? საქმე ის არის, რომ ორგანიზმი მუდმივად იღებს ძვლებიდან ცოტაოდენ კალციუმს და მას ახლით ცვლის. ამ პროცესს რემოდელირება ეწოდება. პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა ამოღებული კალციუმი ჩალაგებულზე მეტია.
ძვლის რეზორბციასა და დეპოზიციას (კალციუმის ამოღებასა და ჩალაგებას) შორის ბალანსი ასაკთან ერთად იცვლება. ბავშვებსა და მოზარდებთან რეზორბციას დეპოზიცია უსწრებს, საშუალო ასაკში ორივე პროცესი თანაბარი ტემპით მიმდინარეობს, ხანდაზმულებთან კი, ცხადია, რეზორბცია ჭარბობს. მაშასადამე, „დაგროვება” 20 წლამდე ხდება, 30-დან კი „ხარჯვა” იწყება. რაც უფრო მეტ კალციუმს დააგროვებთ, მით უფრო უმტკივნეულოდ ჩაივლის ხარჯვის პროცესი. თუმცა ნურც 20 წლის შემდეგ ისხდებით გულხელდაკრეფილი – კალციუმის სათანადო ოდენობით მიღება და ფიზიკური აქტიურობა ძვლის გამოფიტვის პროცესს შეანელებს და გაცილებით უმტკივნეულოს გახდის.
კალციუმის მთავარი წყარო რძე და რძის ნაწარმია. საუკეთესოა ყველი, მაწონი, ხაჭო. მცენარეული საკვებიდან კალციუმს შეიცავს კომბოსტო, ბროკოლი და ჩინური კომბოსტო.
კალციუმის შემცველობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ცხიმის შემცველობაზე. რაც უფრო მეტი ცხიმია პროდუქტში, მით ნაკლებია კალციუმი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან