მედიცინა

რა არის ცერის ართრიტი და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 31.10

ართრიტი
დაკოპირებულია

მარტივი მოძრაობების შესრულებისას, როგორიც, მაგალითად, გასაღების გადატრიალებაა, თუ ტკივილსა და უძალობას გრძნობთ, შესაძლოა, ცერის ართრიტი გქონდეთ.

ცერის ართრიტის პირველი და ყველაზე ხშირი სიმპტომია ტკივილი, რომელიც საგნის ხელში დაჭერისას ცერის სახსრის ფუძეზე იგრძნობა ან ცერა თითისთვის ძალის დატანების დროს იჩენს თავს. სხვა სიმპტომებია შეშუპება, შებოჭილობა, ცერა თითის სახსრის ფუძეზე მგრძნობელობის მომატება, მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა, ძალის დაკლება. ართრიტის პროგრესირებასთან ერთად ტკივილი და სისუსტე იმატებს, ვითარდება ძვლოვანი გამონაზარდები, რაც სახსარს ვიზუალურად ადიდებს და ძვლოვან შესახედაობას აძლევს.

ცერის ართრიტი ყველაზე ხშირად ოსტეოართრიტით არის გამოწვეული, რომელიც ხრტილის ცვეთითა და დაზიანებით მიმდინარეობს, ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება და ამიტომ უმეტესად 40-ს გადაცილებულებთან გვხვდება. ცერის ართრიტის განვითარების ალბათობა მეტია, როდესაც ადამიანს მოტეხილობა ან ტრავმა აქვს გადატანილი. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ართრიტის განვითარების მაღალ რისკთან ასოცირდება: სიმსუქნე; ისეთი ჰობი ან საქმიანობა, რომელიც ძლიერ ტვირთავს ცერის სახსარს; კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა; ზოგიერთი გენეტიკური მდგომარეობა, მათ შორის – სახსრის იოგის სისუსტე და არასწორად განვითარებული სახსრები; დაავადებები, რომლებიც არღვევს ხრტილის ნორმალურ სტრუქტურას და ფუნქციას, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი.

ადრეულ სტადიაზე ცერის ართრიტი კარგად ექვემდებარება არაქირურგიულ მკურნალობას, რაც გულისხმობს:

* დღეში რამდენჯერმე 5-15 წუთით სახსარზე ყინულის დადებას შეშუპებისა და ტკივილის ჩასაცხრობად, თუმცა ზოგჯერ ყინულზე ეფექტურად ტკივილს სითბო ამსუბუქებს;

* გამახურებელი მალამოს ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მალამოს წასმა სახსრის გარშემო;

* ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას, რომლებიც ტკივილსა და შეშუპებას ამცირებს;

* არტაშნის გამოყენებას, რომელიც ზღუდავს მოძრაობას და სახსარს დასვენებისა და აღდგენის შესაძლებლობას აძლევს.

ართრიტი პროგრესირებადი, დეგენერაციული დაავადებაა, დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიძლება, დამძიმდეს და სახსარში სტეროიდის შეყვანა გახდეს საჭირო. ამის შემდეგ, წესისამებრ, რამდენიმე თვით მდგომარეობა უმჯობესდება.

როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა და ცერის სახსარში მოძრაობა მეტისმეტად გართულებულია, ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. ჩარევის ტიპი დაავადების სტადიასა და სიმპტომების სიმძიმეზეა დამოკიდებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა