მედიცინა

რა არის სინკოპე და როგორ ვმართოთ ის

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.08, 2022 წელი

სინკოპე
დაკოპირებულია

სინკოპე სამედიცინო ტერმინია, რაც გულისხმობს გულის წასვლას, გონების დაკარგვას. სინკოპეს უშუალო მიზეზია თავის ტვინში სისხლის მიწოდების დროებითი, მკვეთრი შემცირება. სინკოპე შესაძლოა, განვითარდეს წნევის ან გულისცემის სიხშირის უეცარი დაქვეითების ან მთელ სხეულში სისხლის მოცულობის შემცირების დროს. გონების კარგვის ეპიზოდი შეიძლება იყოს ძალიან ხანმოკლე, ამ დროს პაციენტი მცირე ხნით რჩება გაბრუებული.

რა არის სინკოპეს სიმპტომები

👉თვალებში დაბნელება;

👉 თავბრუ;

👉 დაცემა, რომლის მიზეზი, ერთი შეხედვით, აუხსნელია (მაგალითად, არ არის გამოწვეული რაიმე საგანზე ფეხის წამოკვრით, სველ ზედაპირზე ფეხის აცურებით და ასე შემდეგ);

👉 გაბრუება;

👉 ძილიანობა და დაღლილობა;

👉 გულისწასვლა, განსაკუთრებით კვებისა და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;

👉 წონასწორობის დარღვევა და სისუსტე ფეხზე დგომისას;

👉 შავი წერტილები მხედველობის არეში ან მხედველობის ველის დავიწროება (გვირაბისებური მხედველობა);

👉 თავის ტკივილი;

სინკოპე შესაძლოა, სერიოზული დაავადების სიმპტომიც იყოს, ამიტომ, მნიშვნელოვანია სინკოპეს პირველივე ეპიზოდის შემდეგ პაციენტმა დაუყოვნებლივ მიაკითხოს ექიმს.

მკურნალობის გზები:

👉 მედიკამენტების მიღება ან უკვე არსებულ დანიშნულებაში ცვლილების შეტანა;

👉 ბანდაჟის ან ელასტიკური წინდების ტარება სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესების მიზნით;

👉 დიეტის ცვლილება; რეკომენდებულია მცირე ულუფებით ხშირი კვება, მარილიანი საკვების მიღება, ბევრი სითხე, კალიუმის შემცველი პროდუქტების ჭარბი მიღება, კოფეინისა და ალკოჰოლის შეზღუდვა;

👉 ფეხზე წამოდგომისას რეკომენდებულია მეტი სიფრთხილის გამოჩენა.

👉 მაღალ სასთუმალზე ძილი, დიდი ზომის ბალიშის გამოყენება ან საწოლის თავთან საწოლის ფეხების შემაღლება;

👉პაციენტის ოჯახმა და გარშემო მყოფებმა უნდა იცოდნენ სინკოპეს ნიშნები და საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ დასახმარებლად. დახმარება გულისხმობს პაციენტის დაწვენას და ფეხების მაღლა აწევას;

👉 გულისცემის სიხშირის, არტერიული წნევისა და კუნთების დაჭიმულობის კონტროლი ტრეინინგის საშუალებით (ფსიქოლოგიური თერაპიის მეთოდი);

👉 გულის სტრუქტურული დაავადების მკურნალობა.

რა გავლენას ახდენს სინკოპე პაციენტის ცხოვრებაზე

ზუსტი დიაგნოზის დასმისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია სინკოპეს მართვა და კონტროლი. სინკოპეს ეპიზოდის განმეორება და მისგან მიღებული ზიანი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, სინკოპეს მიზეზზე, პაციენტის ასაკზე, სქესსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე.

სინკოპეს თავიდან აცილების ტექნიკა

ყველა პაციენტი განსხვავებულია, მაგრამ სინკოპეს განვითარებამდე საერთო სიმპტომებია თავბრუ, გულისრევა, ცივი და სველი კანი. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა უნდა მიმართოს „სხეულის დაჭიმვის“ ტექნიკას. ეს ტექნიკა უნდა შეისწავლოს და ხშირად გაიმეოროს (ივარჯიშოს), რათა სიმპტომების გამოვლენისთანავე შეძლოს მისი შესრულება;

👉პაციენტი მცირე ზომის რეზინის ბუშტს იჭერს მარჯვენა ხელში (ცაციები – მარცხენა ხელში), მოიქცევს მუჭში და მთელი ძალით უჭერს იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებს ან, სანამ სინკოპეს ნიშნები გაივლის;

👉 მკლავების დაჭიმვა. ერთი ხელის თითებით პაციენტი იჭერს მეორე ხელის თითებს და მკლავების განზე გაჭიმვით ცდილობს, დააცილოს ერთმანეთს. ამ მანევრს აგრძელებს იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებს ან სანამ სინკოპეს სიმპტომები გაივლის;

👉 ქვემო კიდურების გადაჯვარედინება. პაციენტი გადააჯვარედინებს ქვემო კიდურებს ერთმანეთზე და ჭიმავს ქვემო კიდურების, საჯდომ და მუცლის კუნთებს. ამ პოზიციას ინარჩუნებს რამდენ ხანსაც შეძლებს ან სანა სინკოპეს სიმპტომები მოიხსნება.

სინკოპეს შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს არითმოლოგს და ნევროლოგს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი