მედიცინა

რა არის პიროვნული აშლილობა და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან არიდება

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.08, 2023 წელი

პიროვნული აშლილობა
დაკოპირებულია

პიროვნული აშლილობა – ეს არის პიროვნების პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც კლინიკურად გამოვლინდება საზოგადოებისთვის კულტურულად მისაღები, ჩვეული ქცევის დარღვევით. ის შეიძლება, იყოს კონსტიტუციურიც, ანუ თანდაყოლილიც და ადრეულ ასაკში, ინდივიდის აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებულიც. შეიძლება ითქვას, რომ ეს პიროვნული დისჰარმონიაა, ინდივიდის ხასიათში პათოლოგიური თვისებები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ხასიათის ანომალია, პათოლოგიური ხასიათი, რომელიც გამოვლინდება ადამიანის ემოციებითა და ქცევით.

განასხვავებენ პერსონოლოგიური აშლილობის რამდენიმე ტიპს: პარანოიდულს, შიზოიდურს, ანტისოციალურს, ემოციურად არასტაბილურს (მოსაზღვრეს), თეატრალიზებულს (ისტერიულს), ნარცისულს, შფოთვითს (აცილებადს), ანანკასტურს (ობსესიურ-კომპულსიურს), დამოკიდებულს.

პიროვნული აშლილობის ჩამოყალიბების ალბათობა უმთავრესად (60%-ით) გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ იმას, თუ რომელი ტიპი ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ემოციური ფაქტორები, აღზრდა და გარემო. მაგალითად, კონფლიქტი ოჯახში, უარყოფა, აგრესია, ძალადობა, განქორწინება, სიმკაცრე და ეკონომიკური სიდუხჭირე ზრდის აშლილობის განვითარების რისკს. სამშობიარო ტრავმამ შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს აშლილობის ზოგიერთ ტიპს (იმპულსურს, ანტისოციალურს). დადგენილია, რომ ანტისოციალური ტიპის აშლილობის გამომწვევია თავის ტვინის ორგანული დაზიანება. პარანოიდული ტიპის ეტიოლოგია უცნობია. ის უმთავრესად გვხვდება იმ ადამიანებთან, რომელთა პირველი რიგის ნათესავები (დედა, მამა, და-ძმა) შიზოფრენიით არიან დაავადებულნი. შიზოიდური და ემოციურად არასტაბილური ტიპის აშლილობები გენეტიკურად მჭიდროდ არ უკავშირდება შიზოფრენიას.

პიროვნულ აშლილობას უმთავრესად გენეტიკური განწყობა განაპირობებს, თუმცა მის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს აღზრდაც. მშობლების დამოკიდებულებას და, საზოგადოდ, გარემოს შეუძლია, შეარბილოს ან, პირიქით, გააძლიეროს, გაამძაფროს ბავშვის პათოლოგიური ხასიათი. მაგალითად, გათამამება, ზედმეტი ფუფუნება, ყველა სურვილის ასრულება ამკვეთრებს ხასიათის ისეთ შტრიხებს, როგორიცაა ისტერიულობა (როდესაც მშობლები ხშირად ეუბნებიან ბავშვს, რომ ძალიან ლამაზია, საუკეთესოა, უწოდებენ პრინცესას). ყველა ბავშვის აღზრდისას ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ბავშვს, რომელიც შფოთვიანია, მორცხვი, თავს დაჩაგრულად გრძნობს, საკუთარი თავის არ სჯერა – სხვანაირი მოპყრობა სჭირდება: უნდა გავუღვივოთ თავდაჯერება, დავარწმუნოთ, რომ კარგია, ნიჭიერია, თუ მოინდომებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს და ასე შემდეგ, ხოლო თუ ბავშვი მეტისმეტად თამამია, ჯიუტი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, ქებითა და განებივრებით ამ წარმოდგენას უფრო მეტად გავუღვივებთ. ბავშვს ჩამოუყალიბდება ისტერიული ხასიათი, გახდება პრეტენზიული და მომთხოვნი. ასე რომ, ბავშვის აღზრდისას მშობლებს დიდი დაკვირვება და სიფრთხილე მართებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა