რა არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
სპეციალისტები ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის რამდენიმე ფორმას გამოყოფენ. ზოგადად კი ეს მდგომარეობა აკვიატებული აზრებით, რიტუალებით, უსაფუძვლო მღელვარებით და განმეორებადი სტერეოტიპული ქცევებით გამოვლინდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი, ხელს უშლის ადამიანის სრულფასოვან ცხოვრებას. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონეთა 50% არ ან ვერ ქმნის ოჯახს, რადგან ასეთ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ადვილი არ არის.
რა არის ობსესია? ეს არის აკვიატებული ფიქრი, აზრი ან იდეა, რომელიც შფოთვის შეგრძნებას ბადებს. მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ სხეულის დაბინძურების შიში, ნივთების სიმეტრიულად დალაგების დაუძლეველი სურვილი. რა არის კომპულსია? კომპულსია არის გაცნობიერებული ქცევა, რომელსაც ახორციელებს ადამიანი ობსესიური აზრების გასანეიტრალებლად. მაგალითად, ხელების წამდაუწუმ ბანა, თვლა, შემოწმება, გარკვეული სიტუაციებისთვის თავის არიდება. ხშირად კომპულსია ობსესიის საპასუხოდ აღმოცენდება. მაგალითად, როცა გონებაში გაგვიელვებს, ღუმელი ჩართული ხომ არ დამრჩაო, ვამოწმებთ მას, ხოლო თუ ადამიანს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, ამას აკეთებს ასჯერ, ათასჯერ, გამუდმებით. თუმცა, ამ აშლილობის მქონეთა უმეტესობა აცნობიერებს, რომ ობსესიები რეალურ საფუძველს მოკლებულია. კომპულსიისგან თავის შეკავების შემთხვევაში შფოთვა იმატებს. ყველა რიტუალი და ჩვევა, რა თქმა უნდა, კომპულსია არ არის, ყველას გვიყვარს გადამოწმება, სისუფთავე და ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგრამ ზომიერად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანი კი ვერ აკონტროლებს ფიქრს და ქცევას, რა ზედმეტადაც უნდა მიაჩნდეს ის. მნიშვნელოვანია, რომ კომპულსიური ქცევა ადამიანს კმაყოფილების განცდას არ ჰგვრის, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ შფოთვას ამსუბუქებს, ზიანს კი გაცილებით დიდს აყენებს. მაგალითად, ხდება ისეც, რომ ადამიანი გაუჩერებლად ალაგებს სახლს, ამის გამო აგვიანდება სამსახურში, აცდენს შეხვედრებს და საბოლოოდ შემოსავლის წყაროს კარგავს, თუმცა დალაგება მაინც უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია.
ზემოთ აღწერილი სიმპტომები ყოველთვის არ აწუხებს ადამიანს. როგორც წესი, ერთმანეთს ენაცვლება უარესობისა და უკეთესობის, მწვავე და ნათელი პერიოდები. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანები თავს არიდებენ სიტუაციებს, რომლებმაც შესაძლოა, მათი ემოციური ფონის დამძიმება გამოიწვიოს და, შესაბამისად, ბიძგი მისცეს მდგომარეობის გამწვავებას. ზოგიერთი ფსიქოემოციური დაძაბულობის მოსახსნელად ალკოჰოლს ან სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარს.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ზრდასრულსაც შეიძლება, აღმოაჩნდეს და ბავშვსაც. ქალებს მამაკაცებზე ხშირად ემართებათ, თუმცა მცირე განსხვავებით. ბავშვებს აშლილობას ატყობენ ის ზრდასრულები, რომლებიც ყველაზე მეტ დროს ატარებენ მათთან: მშობლები ან მასწავლებლები. დიაგნოზის დასმა შესაძლებელია 19 წლიდან, ბიჭებთან – უფრო ადრეც, თუმცა ისეც ხდება, რომ ადამიანი წლობით მალავს აკვიატებულ ქცევას, რადგან რცხვენია მისი.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისგან, ისევე როგორც ფსიქიკურ აშლილობათა უმრავლესობისგან, ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მისი მართვა და ცხოვრების ხარისხის ამაღლება. მკურნალობენ მედიკამენტებით (ანტიდეპრესანტებით), ფსიქოთერაპიით ან ორივეთი ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





