მედიცინა

რა არის მორცხვობა და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.08, 2024 წელი

მორცხვობა
დაკოპირებულია

მორცხვობა არის ემოცია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს განცდებსა და ქცევებზე სხვა ადამიანების გარემოცვაში. მორცხვი ადამიანი ამ დროს თავს არაკომფორტულად გრძნობს და ღელავს.

მორცხვობა არა მარტო შეგრძნებებით, ხშირად ფიზიკური ნიშნებითაც გამოიხატება: შეხურებით, შეფაკვლით, სუნთქვისა და ლაპარაკის გაძნელებით, ოფლიანობით, კანკალით.

ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ მორცხვობა ნაწილობრივ გენებზეა დამოკიდებული. ის ასევე დამოკიდებულია ჩვენ მიერ ბავშვობაში დასწავლილ უნარებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე.

ადამიანების დაახლოებით 20%-ს მორცხვობისკენ გენეტიკური მიდრეკილება აქვს. თუმცა, ცხადია, არ არის აუცილებელი, ყველას, ვისაც მორცხვობისკენ აქვს მიდრეკილება, მორცხვი ხასიათი ჩამოუყალიბდეს. ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ცხოვრებისეული გამოცდილება. როდესაც ბავშვი ხვდება ისეთ სიტუაციაში, რომელშიც იმორცხვებს, გარშემო მყოფთა რეაქციაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა ის მსგავს სიტუაციებში, რაც მომავალში იჩენს თავს. ამაში დიდია მშობლის როლი. თუ ბავშვს ნელ-ნელა შევამზადებთ და მივაჩვევთ ახალ, მისი კომფორტის ზონის მიღმა მყოფ სიტუაციებს, ის მეტ თავდაჯერებას შეიძენს და მალე მსგავს სიტუაციებს დამოუკიდებლად, თავდაჯერებულად გაუმკლავდება. ხოლო თუ ვაიძულებთ, სწრაფად შეეგუოს მისთვის სტრესულ გარემოებებს, მსგავს გარემოებებში მას ყოველთვის შეეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და, შესაბამისად, დაიმორცხვებს. თუ ბავშვი მორცხვობს და უჭირს სხვა ბავშვებთან კონტაქტის დამყარება, აუცილებლად უნდა დაეხმაროთ, ერთად გაიცნოთ მისი უცნობი თანატოლი, შესთავაზოთ ერთად თამაში. როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ ამაში მოსარიდებელი არაფერია და ახალ ნაცნობობას არა უხერხულობის, არამედ სიამოვნების განცდასთან დააკავშირებს, თავადაც ადვილად გააკეთებს იმავეს, მაგრამ თუ დააძალებთ, მიდი და დაელაპარაკე, მიდი და ეთამაშეო, ახალი ურთიერთობების დამყარება მისთვის პრობლემად იქცევა და ზრდასრულ ასაკშიც გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მაგალითი. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელს უჭირს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება, თუ მშობელი ჰიპერმზრუნველობას იჩენს ან ყოველთვის ცდილობს, ბავშვის მაგიერ თავად გასცეს პასუხი სხვებს, ბავშვს ავტომატურად უყალიბდება მორცხვი ხასიათი, ერიდება ახალ სიტუაციებს და ყოველთვის ვიღაცის მოლოდინშია, რომ დაიცვას ან მის მაგიერ უპასუხოს მასთან კონტაქტის მსურველ თანატოლს ან ზრდასრულს.

რა თქმა უნდა, მთლიანობაში, მორცხვობა არასასიამოვნოა, მაგრამ ბუნებრივად მორცხვ ადამიანებს თავიანთი ძლიერი მხარეებიც აქვთ, რომლებსაც ხშირად თვითონ ვერ ამჩნევენ. ისინი ძალიან კარგი მსმენელები არიან, შესაბამისად, კარგი მეგობრებიც, გულთან მიაქვთ სხვისი გასაჭირი, არიან მზრუნველები და მოსიყვარულეები. ამის მიუხედავად, ბევრ მორცხვ ადამიანს სურს, გათავისუფლდეს ამ თვისებისგან, ამიტომ უმჯობესია, მშობლებმა თავიდანვე იზრუნონ და დაეხმარონ ბავშვს, ახალ სიტუაციებში თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს:

იარეთ ბავშვთან ერთად ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად, სათამაშო მოედანზე, მაგრამ, იმავდროულად, მიეცით თავისუფლება. როცა დაინახავთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნო და გაიხსნა, ნელ-ნელა მოშორდით და გვერდზე გადექით. მაგალითად, დაჯექით სკამზე სხვა უფროსებთან ერთად ისე, რომ ბავშვი თვალთახედვის არეში გყავდეთ. დაარწმუნეთ, რომ მისი გრძნობები ნორმალურია, რომ უცნობ სიტუაციებში ზოგჯერ დიდი ადამიანებიც ნერვიულობენ. მაგალითად, თუ შეატყობთ, რომ დაბადების დღეზე მიმავალი ნერვიულობს, უთხარით: ვიცი, ცოტას ღელავ, რადგან არ იცი, წვეულებაზე ვინ იქნება. მოდი, შესვლისას ერთად დავათვალიეროთ ყველა. ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ განსაზღვრულ სიტუაციაში მშობელი დაძაბულია, ეს მისთვის მინიშნებასავითაა, რომ ეს სიტუაცია საშიშია. წაახალისეთ სითამამე, შეაქეთ, როდესაც რაიმე ახალს სცდის ან სხვა ბავშვთან ურთიერთობისას ინიციატივას გამოიჩენს. მიეცით სხვა ადამიანებთან თავდაჯერებული ურთიერთობების მაგალითი, ყოველთვის მიესალმეთ მეზობლებს და ბავშვის თვალწინ გაუბით სასიამოვნო საუბარი, წამოიწყეთ დიალოგი თავად. როდესაც სხვა ადამიანი თქვენს შვილს მორცხვს უწოდებს, ზრდილობიანად შეუსწორეთ, რომ ის მორცხვი არ არის, უბრალოდ, დრო სჭირდება სიტუაციასთან შესაგუებლად; როგორც კი თავს კომფორტულად იგრძნობს, აუცილებლად შეუერთდება სხვებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა