მედიცინა

რა არის მიზოფობია და როგორ გავუმკლავდეთ მას

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.11, 2023 წელი

მეზოფობია
დაკოპირებულია

მიზოფობია არის პათოლოგიური შიში ჭუჭყისა და მიკროორგანიზმების მიმართ. ამ დროს ადამიანი ცდილობს, არ შეეხოს ირგვლივ არსებულ საგნებსა თუ გარშემო მყოფებს. მიზოფობია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

მიზოფობია არ გულისხმობს მხოლოდ მიკრობების შიშს. ამ დარღვევის მქონე ადამიანებს შეიძლება, მრავალფეროვანი აკვიატებული აზრები აწუხებდეთ.

მავნე ბაქტერიების შიში ნორმალურია, მაგრამ ეს შიშები ფობიაში გადადის, როდესაც მიკრობებზე ფიქრები აკვიატებული ხდება, ძალიან აწუხებს ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ცვლის მის ქცევას.

ამ შიშმა შესაძლოა, სოციალური პრობლემებიც კი გამოიწვიოს. ალბათ, გაგიკვირდეთ, მაგრამ მიზოფობიით შეპყრობილ ადამიანს შესაძლოა, ეშინოდეს ხელის ჩამორთმევისა და ჩახუტების, რათა მათგან არ დაინფიცირდეს, რის გამოც თავს არიდებს ადამიანებს.

ასეთი სპეციფიკურ ფობიებს ადამიანთა 30 პროცენტი მემკვიდრეობით იღებს. თუმცა, საქმე მხოლოდ გენებში არ არის, გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

მაგალითად, თუ მშობლებს მიკრობების ეშინიათ, შვილები დიდი ალბათობით დაიწყებენ ბაქტერიების ბოროტებად აღქმას და მათგან ნებისმიერი საშუალებით თავდაცვას. ეს უკვე, ბუნებრივია, მათი გარემოს გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ფობია შესაძლოა ნეგატიური გამოცდილების ფონზეც გაჩნდეს — მაგალითად, მძიმე ავადმყოფობის ან შემდგომი გართულებების გამო.

სპეციალისტების თქმით, ადამიანი მიზოფობია, თუ:

• ხშირად იბანს ხელებს, ზოგჯერ ზედიზედ რამდენჯერმე ან გაუმართლებლად დიდი ხნის განმავლობაში;

• ატარებს ხელთათმანებს, რათა მიკრობებთან კონტაქტი აიცილოს თავიდან;

• ერიდება სოციალურ კონტაქტებს, რესტორნებსა და კაფეებში სიარულს. უფრო მეტიც, შეიძლება, მაღაზიაშიც კი არ შედიოდეს, როცა იქ ხალხია და კიდევ მეტი, ერიდებოდეს ურთიერთობებს ახლობელ ადამიანებთან და მათ შორის ოჯახის წევრებთანაც კი;

• ასეთი ადამიანი ფუთავს ან რაიმეს აფარებს საგნებს, რომლებსაც ხშირად იყენებს — მაგალითად, ტელევიზორის პულტს, მანქანის საჭეს;

• თუ ეჭვი შეეპარა, რომ რაღაც მიკრობიანს შეეხო, მაშინვე შინ ბრუნდება და თავიდან ფეხამდე ისუფთავებს სხეულს, შესაძლოა, დღეში რამდენჯერმე იბანაოს;

• ის არსად არ მიდის სანიტაიზერის გარეშე და როგორც კი რაიმეს შეეხება, მაშინვე ხელების დეზინფექციას იტარებს.

მიზოფობიამ შეიძლება შფოთვის ფიზიკური სიმპტომებიც გამოიწვიოს:

• გულისრევის შეგრძნება;

• თავბრუდახვევა; ხუთვა;

• ხშირი გულისცემა;

• კანკალი;

• ჭარბოფლიანობა.

ნებისმიერი ფობია კარგად იკურნება კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის, კონკრეტულად კი, დესენსიბილიზაციის პროცედურებით ან ზემოქმედების თერაპიით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული