რა არის მებაღის დაავადება და როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.04

სპოროტრიქოზი კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სოკოვანთა ოჯახის წარმომადგენელი სპოროტრიქსშენკი იწვევს. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც – მებაღის დაავადება.
ინფექციის გამომწვევი სოკო ბინადრობს ვარდის ეკლებზე, თივაში, ტორფის ხავსზე, ხის წვრილ ტოტებსა და ნიადაგში, ამიტომ ყველაზე ხშირად სპოროტრიქოზით ავადდებიან მიწათმოქმედები და მებაღეები, რომლებსაც ხშირი კონტაქტი აქვთ ვარდებთან, თივასთან და ნიადაგთან. დაავადებულებს შორის ჭარბობენ ადამიანები, რომლებიც ვარდებს უვლიან, რადგან ძალიან ადვილია კანის დაზიანება ეკლით, რომელზეც სოკოა.
დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც:
* დაზიანებული კანიდან სოკოს სპორები კანქვეშ აღწევს;
* სპორებს ჩაისუნთქავთ;
* ან გადაყლაპავთ.
სპორები ფეხს იკიდებს სხეულში და იწვევს პნევმონიას ან დისემინირებულ (გავრცობილ) – ცენტრალური ნერვული სისტემის, ლორწოვანის, პროსტატის, თვალის – ინფექციას, თუმცა ასეთი რამ უმთავრესად იმუნური სისტემის სისუსტის ფონზეა მოსალოდნელი. ადამიანისგან ადამიანს დაავადება არ გადაედება, თუმცა შესაძლოა, გადაედოს ცხოველისგან, განსაკუთრებით – კატისგან.
კლინიკური სურათი დაავადების ფორმასა და გავრცელების არეალზეა დამოკიდებული. პირველი ნიშანია წითელი, ვარდისფერი ან იასამნისფერი მკვრივი კვანძოვანი, უმტკივნეულო გამონაზარდი კანზე, ინფექციის შეჭრის ადგილას, რომელიც ინფიცირებიდან 12 კვირის ფარგლებში ჩნდება, ჩვეულებრივ, თითებზე, მტევნებზე ან მხრებზე. კვანძი შესაძლოა ნელ-ნელა გაიზარდოს, დაწყლულდეს და ღია ჭრილობად გადაიქცეს, რომელიც ძალიან ძნელი შესახორცებელია. მოგვიანებით შესაძლოა, გაჩნდეს ახალი კვანძებიც, რომლებიც მკურნალობის გარეშე ქრონიკული ხდება და წლობით რჩება.
ლიმფური სისტემის სპოროტრიქოზის შემთხვევაში პირველი ნიშნების გამოვლენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ლიმფურ სისტემაში დაზიანების ახალი ტალღა იწყება. დაავადების ამ ფორმის დროს ტემპერატურა არ იმატებს. დაზიანებები ოდნავ მტკივნეულია.
კანის ადგილობრივი ფორმისთვის დამახასიათებელია უმტკივნეულო, იისფერი ერითემული (შეწითლებული და შესივებული) წარმონაქმნი, რომელიც ძნელად ხორცდება.
ფილტვის ფორმა უმეტესად ვითარდება ისეთი ძირითადი დაავადების ფონზე, როგორიცაა მძიმე ფორმით მიმდინარე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ვლინდება ქვემწვავე ან ქრონიკული პნევმონიით. სიმპტომები არასპეციფიკურია. წესისამებრ, ესენია ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, სისუსტე.
ძვალსახსროვანი სპოროტრიქოზი 30 ან მეტი წელი გრძელდება. პროცესი, წესისამებრ, იწყება ერთი, უმეტესად მუხლის სახსრის ანთებით, ტკივილითა და შეწითლებით.
გავრცობილი ფორმის კლინიკური გამოხატულება იმაზეა დამოკიდებული, სხეულის რომელ ნაწილებს აზიანებს ინფექცია. მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში მოსალოდნელია ფიქრის გაძნელება, თავის ტკივილი, კრუნჩხვა. შესაძლოა, განვითარდეს სოკოვანი მენინგიტიც.
შესაძლოა, გამონაყარი დაზიანებული ადგილის გარშემო გაჩნდეს. ის აზიანებს თვალს და იწვევს კონიუნქტივიტს.
დაავადების თავიდან ასაცილებლად ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ, ვინც სარისკო პირობებში მუშაობს, უნდა ჩაიცვას მაღალყელიანი ფეხსაცმელები, გრძელსახელოებიანი მაისური, ხელთათმანები და გრძელი შარვალი. პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კანის დაცვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან