მედიცინა

რა არის ლუდომანია

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.05

ლუდომანია
დაკოპირებულია

ლუდომანია – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ისევე, როგორც წამალდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი და სხვა ადიქციები, ქცევითი დარღვევაა, რომელსაც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით (ICD) მინიჭებული აქვს კოდი F63, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება, ითქვას, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება დაავადებაა და არა უბრალოდ მავნე ჩვევა. ადიქციების მთავარი პრობლემა, საზოგადოდ, ფსიქოლოგიურ ფაქტორს უკავშირდება, თუმცა მათ, როგორც წესი, ფიზიკური აბსტინენციაც, ეგრეთ წოდებული, „ლომკაც“ ახლავთ თან. აზარტული თამაშების შემთხვევაში კი დამოკიდებულება მხოლოდ ფსიქოლოგიურია, რადგან აქ არ არსებობს არანაირი ქიმიური ნივთიერება, რომელზეც შეიძლება, ფიზიკური დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს. სწორედ ეს განასხვავებს აზარტომანიას სხვა ადიქციებისგან და განაპირობებს მკურნალობის სირთულეს, რაც, უპირველეს ყოვლისა, პრობლემის აღიარების პროცესის გაჭიანურების ბრალია.

აზარტულ თამაშს გასართობად იწყებენ, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ის მიჯაჭვულობაში, თამაშის მანიაკურ მოთხოვნილებაში გადაიზრდება. ეს პროცესი რამდენიმე სტადიას მოიცავს. პირველია მოხიბვლა, როდესაც აღმოაჩენ, რომ მარტივად „შოულობ“ ფულს, თითქოს ციდან ცვივა. ეს ეტაპი, ჩვეულებრივ, უფრო მძაფრად მიმდინარეობს მოზარდებსა და ახალგაზრდებთან. შემდეგ იწყება რაღაცების დამალვა არა მხოლოდ სოციუმისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც, არ ტყდები, რომ უფრო და უფრო ხშირად გინდება თამაში, ეს პრობლემად არ მიგაჩნია და გჯერა, რომ მარტივად დაანებებ თავს. გარკვეული ხნის შემდეგ დგება სტადია, როდესაც პრობლემას გაიაზრებ და აღიარებ, რასაც მალევე მოჰყვება თვითდადანაშაულების სტადია.

ლუდომანია არცთუ ისე ძნელი ამოსაცნობია, განსაკუთრებით – ოჯახის წევრებისთვის. მთავარია, თვალი არ დავხუჭოთ თითქოსდა პატარ-პატარა პრობლემებზე, რომლებსაც საბოლოოდ დიდ პრობლემასთან მივყავართ. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები, როგორც წესი, იკეტებიან, წყვეტენ სოციუმთან კონტაქტს, ხდებიან აგრესიულები, ღიზიანდებიან იმაზე, რაც წინათ არ აბრაზებდათ. ვინაიდან გემბლინგი (აზარტული თამაში) პირდაპირ კავშირშია ფულთან, ლუდომანებს უგროვდებათ ვალები, მიუხედავად მუდმივი შემოსავლისა, ფული არასდროს ჰყოფნით და დამატებით თანხებს, ძირითადად, ოჯახის წევრებისგან ითხოვენ, ხშირად მიმართავენ ლომბარდს...

მკურნალობაში წამყვანი ადგილი უკავია ფსიქოთერაპიას, როგორც ინდივიდუალურს, ასევე ჯგუფურს. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად საჭიროა მედიკამენტური ჩარევაც წინა პლანზე წამოწეული დეპრესიის, უძილობის, შფოთვის, აგრესიულ-დესტრუქციული ქცევის გამო.

ის, რომ ყოფილი ნარკომანი ან ყოფილი ლუდომანი არ არსებობს, სტიგმაა, ყოველგვარი სტიგმა კი ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. ლუდომანია ქრონიკული დაავადებაა, მისგან ასი პროცენტით განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია რემისიის მიღწევა, რომელიც შეიძლება, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავარია, პაციენტის მონდომება, მისი უნარი, დასვას წერტილი, რაც მედიცინის ენაზე რემისიაა, ხოლო პაციენტის რეალობაში განკურნებას ნიშნავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა