რა არის კოლიკა და როგორ გავუმკლავდეთ მას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.09, 2023 წელი

კოლიკა არის ჯანმრთელი ბავშვის უკონტროლო ტირილი მუცლის შებერილობის გამო. თქვენ შეიძლება მასზე ეჭვი მიიტანოთ, თუ ბავშვი არის 5 თვემდე და ტირილი გრძელდება 3 საათზე მეტხანს, 3 ან მეტი დღე კვირაში და ეს გრძელდება ბოლო სამი კვირის განმავლობაში. კოლიკა არ არის დაავადება და თქვენს შვილს გრძელვადიან ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ ის ძალიან დამთრგუნველია ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. დაახლოებით, 5-იდან 1 ბავშვს კოლიკა ეწყება 2-3 კვირის ასაკში ან 2-3 კვირის შემდეგ, თუ ნაადრევი ახალშობილია.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვის გაუჩერებელი ტირილი კოლიკის ბრალია, სცადეთ შემდეგი მეთოდები მის დასამშვიდებლად:
• მსუბუქი მასაჟი - პატარას შეიძლება, ესიამოვნოს მსუბუქი მასაჟი, საათის ისრის მიმართულებით წრიული მოძრაობებით ნაზად დაუზილეთ მუცელი. მაგრამ ყურადღებით იყავით, მასაჟით უფრო მეტად ხომ არ იღლება;
• ხმა - ჩვილებს უყვართ მონოტონური ხმები, რადგან მუცელში ყოფნას ახსენებთ და თავს დაცულად გრძნობენ. შეიძლება თმის საშრობის, სარეცხი მანქანის, მტვერსასრუტის ხმაზე დამშვიდდნენ. სცადეთ „თეთრი ხმაური“, მოძებნეთ „იუთუბიზე“ შესაბამისი ხმები ან აპლიკაციები;
• სიჩუმე - ზოგიერთი ბავშვი თავს მშვიდად გრძნობს სიჩუმესა და სიბნელეში;
• მოძრაობა - ბავშვი შეიძლება, მსუბუქმა რწევამ დაამშვიდოს. ამისთვის საჭიროა ბავშვის სარწეველა სკამი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვილის ძილისთვის ერთადერთი დაცული ადგილი მყარი ზედაპირის საწოლია, ამიტომ თუ ჩაეძინა, გადააწვინეთ თავის ლოგინში ან ჩაისვით ბავშვი კენგურუში ან სლინგში ისე, რომ თქვენი გულისცემა ესმოდეს და იარეთ ოთახში;
• დატოვეთ სახლი - ღია ცის ქვეშ ეტლით ან კენგურუთი გასეირნების დროს ახალი ხმები, სუნები და საგნები ჩვილის ყურადღებას ტკივილიდან სხვა რამეზე გადაატანინებს, სუფთა ჰაერი და რიტმული მოძრაობები კი დაამშვიდებს და ჩაძინებაში დაეხმარება;
• შეახვიეთ - გაიხსენეთ, როგორ მყუდროდ იყო მოკალათებული თქვენი პატარა თქვენს მუცელში და მიხვდებით, როგორი ფართო და შეიძლება საშიშიც კია ეს სამყარო მისთვის. ამიტომ, შეახვიეთ მსუბუქი ნაჭრით კვებებს შორის ან კოლიკის გამძაფრების პერიოდში და ეს მას ჩაძინებაშიც დაეხმარება. პატარებს საკუთარი სხეულის უნებლიე მოძრაობებიც აფრთხობთ, შეხვევა ამ პრობლემასაც აგვარებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდი გამოგადგებათ იქამდე, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად გადაბრუნებას მოახერხებს;
• თბილი აბაზანა - ბავშვებს ამშვიდებთ თბილი აბაზანა და წყლის ხმა;
• წოვა - წოვის რეფლექსის დასაკმაყოფილებლად მიეცით ბავშვს მატყუარა საწოვარა ან შეიძლება, მან თვითონ მოინდომოს საკუთარი თითის წოვით თავის დამშვიდება;
• გაზების დაგროვების პრევენცია - დაეხმარეთ ჩვილებს ჭამის შემდეგ ამობოყინებაში;
• სითბო მუცელზე - მუცელზე დაადეთ თბილი წყლით სავსე ბოთლი ან თბილი პირსახოცი, ზოგ ბავშვს ეს დამშვიდებაში ეხმარება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან