მედიცინა

რა არის ჰიპერპროლაქტინემია და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.08

მედიცინა
დაკოპირებულია

პროლაქტინი წარმოიქმნება ჰიპოფიზში – სხეულის მთავარ ჯირკვალში, რომელსაც თავის ტვინის დანამატს უწოდებენ. ის მდებარეობს ტვინის ქვედა ზედაპირზე და შემოსაზღვრულია თურქული კეხით – თავის ქალას ფუძის ძვლით. პროლაქტინის სახელი (prolaqtin) მისივე ფუნქციიდან გამომდინარეობს – ამ ჰორმონის მთავარი ფუნქცია სარძევე ჯირკვლის ზრდა და მომწიფება, ლოგინობის ხანაში კი სარძევე ჯირკვალში რძის (lactos) წარმოქმნაა. გარდა ამისა, პროლაქტინი იმუნურ და რეპროდუქციულ პროცესებზე, ნივთიერებათა და წყალმარილოვან ცვლაზე ახდენს პირდაპირ თუ ირიბ გავლენას. არაორსულ ქალებთან პროლაქტინი მენსტრუალურ ციკლს არეგულირებს, მამაკაცებთან კი სპერმის წარმოქმნაში მონაწილეობს.

ორსულობის დროს სისხლში პროლაქტინის დონე იმატებს. მშობიარობის შემდეგ ესტროგენისა და პროგესტერონის დონე ერთბაშად იკლებს, ხოლო პროლაქტინის ისევ მაღალი რჩება, რაც ლაქტაციის გააქტიურებას იწვევს.

ჰიპერპროლაქტინემია ეწოდება პროლაქტინის ჭარბ წარმოქმნას მამაკაცისა და იმ ქალების ორგანიზმში, რომლებიც ორსულად არ არიან. ქალებთან ეს მოვლენა უფრო ხშირია. რეპროდუქციული ასაკის იმ ქალთა, დაახლოებით, მესამედს, რომლებსაც არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მაგრამ საკვერცხის ნორმალური ფუნქცია აქვთ, ჰიპერპროლაქტინემია აღენიშნება.

ჰიპერპროლაქტინემია იწვევს უნაყოფობას, თავის ტკივილს, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობას, გაჯირჯვებას და გალაქტორეას (არაორსული ქალის სარძევე ჯირკვალში რძის წარმოქმნას).

პროლაქტინის მაღალი დონე ხელს უშლის სხვა ჰორმონების, მაგალითად, ესტროგენისა და პროგესტერონის ნორმალურ გამომუშავებას. ამან შესაძლოა, შეცვალოს ან შეაჩეროს ოვულაციის პროცესი, გააიშვიათოს ან გაახანგრძლივოს მენსტრუალური ციკლი, გამოიწვიოს ამენორეა.

პროლაქტინის ჭარბი წარმოქმნისას ორგანიზმში ესტროგენის დონე ნელ-ნელა მცირდება. ჰიპოესტროგენია ვლინდება საშოს სიმშრალით, მტკივნეული სქესობრივი აქტით, ლიბიდოს დაქვეითებით. თუ ჰიპოესტროგენია დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, საქმე ოსტეოპოროზამდეც მივიდეს.

თუმცა ისეც ხდება, რომ პროლაქტინის მომატებისას ქალი არაფერს უჩივის.

მამაკაცებში პროლაქტინის მაღალმა დონემ შეიძლება, გამოიწვიოს გალაქტორეა, იმპოტენცია, ერექციული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება და უნაყოფობა. ჰიპერპროლაქტინემიით დაავადებული არანამკურნალევი მამაკაცების ეაკულატში სპერმატოზოიდები შესაძლოა, ნორმაზე ნაკლები იყოს (ოლიგოსპერმია) ან საერთოდ არ იყოს (აზოოსპერმია).

დამატებითი ჩივილები იჩენს თავს ჰიპოფიზის მოცულობითი ცვლილების დროს. ჰიპოფიზის ადენომა უპირატესად ზემოთ და გვერდით იზრდება (ქვემოდან მყარადაა შემოსაზღვრული) და მეზობელ ორგანოებს აწვება, რაც კლინიკურად სხვადასხვანაირად გამოიხატება: მხედველობის ნერვის მიჭყლეტის გამო შესაძლოა განვითარდეს მხედველობის ველის დეფექტები, თვალის მამოძრავებელი ნერვის დამბლა და სხვა.

რა იწვევს

ჰიპერპროლაქტინემიის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: ორსულობა; ისეთი მედიკამენტების მიღება, რომლებიც ამცირებს დოფამინის გამოყოფას (ჰიპოტენზიური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ჰორმონული საშუალებები); ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება; ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე (პროლაქტინომა); თავის ტვინის სხვა მოცულობითი პროცესები (გლიომა, მენინგიომა, მეტასტაზები); თირკმლის უკმარისობა.

ჰიპერპროლაქტინემიას საკმაოდ ბევრი მიზეზი აქვს. მათ პირობითად ორ დიდ კლასად ყოფენ – ფუნქციურად და ორგანულად.

პროლაქტინომის შემთხვევათა უმრავლესობა წარმატებით ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას.

სისხლში პროლაქტინის დონე ფიზიოლოგიურ პირობებშიც იმატებს როგორც გარეგან ფაქტორებზე ცოცხალი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება: სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, სქესობრივი აქტი, საკვების მიღება, ორსულობა, ლაქტაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა