მედიცინა

რა არის გულის ნევროზი და როგორ გავუმკლავდეთ მას

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.11, 2022 წელი

გულიხ ნერვოზი
დაკოპირებულია

კარდიონევროზის დროს ადამიანს იპყრობს განგაშის შეგრძნება და უსაფუძვლო შიში. უჩივის გაძლიერებულ გულისცემას, ჰაერის უკმარისობას, ოფლიანდება... თუმცა, როგორც წესი, კარდიოფობიით დაავადებულ ადამიანს ასეთი შეტევა არ ემართება კლინიკაში ან კლინიკასთან ახლოს, რადგან იცის, რომ ექიმი ახლოსაა და დაეხმარება. კარდიოფობიის, „გულის ნევროზის“ დროს პაციენტს გამოხატული აქვს კარდიული და ზოგადი ხასიათის ჩივილები:

კარდიონევროზის შეტევისას აღინიშნება:

👉 უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი გულის არეში;

👉 მოუსვენრობის შეგრძნება, რომელიც პანიკაში გადადის;

👉აკვიატებული აზრები მოახლოებულ სიკვდილზე;

👉 გულის რიტმის დარღვევა (გაძლიერებული გულისცემა, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია);

👉 ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება;

👉 ჟანგბადის უკმარისობა, ხშირი ზედაპირული სუნთქვა;

👉 მცირე დატვირთვის დროსაც კი დაღლილობის შეგრძნება;

👉 ღრმა ჩასუნთქვის შეუძლებლობა;

👉 თავის ტკივილი;

👉 გაძლიერებული ოფლის გამოყოფა, სხეულზე სიცხისა და სიცივის მონაცვლეობითი შეგრძნება;

👉 გულის წასვლა;

👉 უძილობა.

ტკივილი გულმკერდში, რომელიც შეიძლება, იყოს სხვადასხვა ხანგრძლიობის, ზოგჯერ საათებისა და დღეების განმავლობაში გრძელდება. შეიძლება, ტკივილი გადაეცემოდეს მარცხენა ხელსა და ბეჭში. ასევე ახასიათებს თავბრუ, კანკალი, ჰაერის უკმარისობა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება. ასევე, შესაძლებელია, გამოვლინდეს ფსიქონევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად: შფოთვა, შიში, მოუსვენრობა, სიკვდილის შიში, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

ეს პრობლემა უმეტესად თავს იჩენს ახალგაზრდა ქალებში. გარკვეულ როლს ასრულებს შთამომავლობითი ფაქტორი. გულის ნევროზის განვითარების ძირითადი მიზეზი ორგანიზმზე სტრესული სიტუაციის გავლენაა. ეს შეიძლება, იყოს ცხოვრებისეული პრობლემები და უახლოეს პერიოდში გადატანილ ფსიქოლოგიური ტრავმები, ახლობლის გარდაცვალება ან ავადმყოფობა, სამსახურებრივი პრობლემები, მატერიალური სირთულეები...

ზოგჯერ გულის ნევროზი შეიძლება, გამოვლინდეს მოზარდობის ასაკშიც, ჰორმონული ცვლილებებისა და უარყოფითი სტრესული გარემოს შედეგად.

გულის ნევროზს საფუძვლად უდევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქცია და მასთან დაკავშირებული ფსიქოემოციური მოვლენები. მას ცივილიზაციის დაავადებასაც უწოდებენ. მისი გამოვლენის მიზეზი, ასევე, შეიძლება, გახდეს თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმი, სტრესი, გადაღლა, კონფლიქტური სიტუაციები, წარუმატებლობა, ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბად მიღება, ჰორმონული ცვლილებები და სხვა რისკ-ფაქტორი.

ამ დაავადების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია, შრომისა და დასვენების რეჟიმის რეგულირება. სასურველია, დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც გულისხმობს სწორ კვებას, დოზირებულ ფიზიკურ აქტივობას, საკმარის ძილს, ხანგრძლივი დროით სუფთა ჰაერზე სეირნობას, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის, ენერგეტიკული სასმელების, ყავის შეზღუდვას და საყვარელ საქმეში ჩართულობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა