მედიცინა

რა არის ძილის აპნოე და რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს ამ დარღვევამ

№13

ავტორი: „თბილისელები“ 22:33 03.04, 2024 წელი

ლელა ლორთქიფანიძე
დაკოპირებულია

ძილის აპნოე ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევაა, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი პერიოდი, რომელიც 10 წამის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება. რამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოე, რა ასაკშია გავრცელებული ეს პრობლემა და მკურნალობის რა გზები არსებობს – ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ნევროლოგი, ქალბატონი ლელა ლორთქიფანიძე გვესაუბრა.

– რა არის ძილის აპნოე?

ლელა ლორთქიფანიძე: ძილის აპნოე პოტენციურად საშიში ძილის დარღვევაა, რა დროსაც ძილში სუნთქვა წყდება ეპიზოდურად და განმეორებით.

არსებობს ძილის აპნოეს სამი ძირითადი ტიპი:1. ობსტრუქციული ძილის აპნოე, რომელიც ყველაზე გავრცელებული ფორმაა და გამოწვეულია ზედა სასუნთქი კუნთების მოდუნებით ან სხვადასხვა ანატომიური თავისებურებებით; 2. ცენტრალური ძილის აპნოე, რომელიც მარტივად რომ ავხსნათ, ვითარდება მაშინ, როცა ტვინი არასწორ სიგნალებს გადასცემს იმ კუნთებამდე, რომელიც სუნთქვის პროცესში მონაწილეობს და 3. შერეული ტიპის ძილის აპნოე, როცა ზემოთ აღწერილი ორივე ერთად თანაარსებობს.

– რა სიმპტომებია დამახასიათებელი ძილის აპნოესთვის?

– ძილის აპნოესთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ხვრინვა, სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები, ძილის დროს სუნთქვის უკმარისობა, პირის სიმშრალით გაღვიძება, თავის ტკივილი დილით, გაღვიძებისას დაღლილობის შეგრძნება, რომელიც დღის შაგმავლობაშიც გრძელდება; ძილიანობა, კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა.

– რა მიეკუთვნება ძილის აპნოეს განვითარების რისკ-ფაქტორებს?

– რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ადამიანები ჭარბი წონით, ასევე, არსებობს მონაცემები, რომ სქელი კისრის მქონე ადამიანებს შეიძლება, ჰქონდეთ ვიწრო სასუნთქი გზები და ისინიც ძილის აპნოეს მქონე რისკ-ჯგუფში არიან. ხანდაზმულობა, ოჯახური ანამნეზი, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება ზრდის ამ პრობლემის განვითარების რისკებს. ასევე, სტატისტიკურად, მამაკაცებში უფრო ხშირად ვითარდება ძილის აპნოე, ვიდრე ქალებში.

– რა გართულებები ახლავს თან ძილის აპნოეს?

– ძილის აპნოეს შესაძლოა, სერიოზული გართულებები მოჰყვეს, ყველაზე ხშირია, როგორც ვთქვით, დღის განმავლობაში დაღლილობა, ძილიანობა და კონცენტრაციის დაქვეითება. ძილის აპნოე განსაკუთრებით საშიში მდგომარეობაა მძღოლებისთვის, კვლევებით დადასტურებულია, რომ მძიმე ძილის აპნოეს მქონე ადამიანებში ორჯერ მეტია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. შორეული გართულებებია მაღალი არტერიული წნევა და გულის პრობლემები. შეიძლება, იყოს სხვადასხვა სახის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არითმიები, იზრდება ინსულტის განვითარების რისკი, სხვადასხვა სახის მეტაბოლური დაავადებები, მათ შორის, ტიპური შაქრიანი დიაბეტი.

– როგორ ხდება კლინიკა, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ძილის აპნოეს დიაგნოსტირება?

– ძილის აპნოეს დიაგნოსტირების ობიექტური მეთოდი გახლავთ პოლისომნოგრაფია, რაც „ნიუ ჰოსპიტალსში“ სტაციონარულად კეთდება. პაციენტი კვლევისთვის კლინიკაში რჩება. ეს შეიძლება, ჩატარდეს ღამის ძილის დროს, ასევე, იშვიათად, საჭიროების მიხედვით, შესაძლოა, დღის ძილიც გამოვიკვლიოთ. პილისომნოგრაფიის დროს ხდება სხვადასხვა პარამეტრების ერთდროული მონიტორინგი. ეს პარამეტრებია – სუნქთვის სიხშირე, ჰაერის ნაკადი, სატურაციის მაჩვენებელი, გულის რიტმის მაჩვენებელი. ელექტროენცეფალოგრაფიისა და სხვადასხვა პოლიგრაფიული არხების საშუალებით ხდება ძილის ფაზების შეფასება. პარალელურად, მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, ამ ყველაფრის ერთიანად გაანალიზების საფუძველზე ექიმი ადგენს, არსებობს თუ არა ძილის აპნოე, რა სიმძიმის, სიხშირისა და ხანგრძლივობისაა ის და ამ მაჩვენებლების განსაზღვრის მიხედვით ხდება მკურნალობის საჭიროებისა და ტაქტიკის გადაწყვეტა.

– მკურნალობის რა ძირითადი მეთოდები არსებობს?

– ძილის აპნოეს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებში ყველაზე გავრცელებული მეთოდია CPAP, ანუ დადებითი წნევით ჰაერის უწყვეტი მიწოდება, როცა პაციენტი იძინებს, ეგრეთ წოდებული, CPAP აპარატით.

თუ ძილის აპნოე განპირობებულია რომელიმე დაავადების გამო, ხდება პირველადი გამომწვევი მიზეზის მკურნალობა. მაგალითად, ჭარბწონიანობის შემთხვევაში პირველი რეკომენდაციაა წონის კლება.

– ბავშვებში თუ გვხვდება ძილის აპნოე?

– დიახ, ბავშვთა ასაკში არც თუ ისე იშვიათად გვხვდება ძილის აპნოე, სიხშირე, დაახლოებით, 1-5%-ია. ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, ნებისმიერი ბავშვი, რომელიც კვირაში სამზე მეტი ღამე ხვრინავს, საჭიროებს ძილის აპნოეს გამორიცხვას. რისკ-ფაქტორი ბავშვებში არის: ჭარბი წონა, ადენოტონზილური ჰიპერტროფია, სხვადასხვა სახის ორთოდონტიული პრობლემები, ზოგიერთი ნევროლოგიური ან თანდაყოლილი დაავადება. მათ შორის, ბავშვები ცერებრული დამბლით შეიძლება, იყვნენ ძილის აპნოეს რისკ-ჯგუფში, ვინაიდან ამ დაავადებებს ხშირად ახლავს კუნთოვანი სისუსტე, რაც როგორც ვთქვით, ძილის აპნოეს განაპირობებს.

რაც შეეხება სიმპტომებს ბავშვებში ეს არის, იგივე, ხვრინვა, ძილიანობა დღის განმავლობაში, დასწავლის პრობლემები, ენურეზი, შორეული გართულებები კი აქაც კარდიოვასკულარული დარღვევებია, ასევე, ზრდაში შეფერხება. დიაგნოსტიკა ამ შემთხვევაშიც პოლისომნოგრაფიაა, რაც ჩვენს კლინიკაში კეთდება როგორც ბავშვთა ასაკში, ისე მოზრდილებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა