მედიცინა

რა არის დიარეის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:00 09.08

დიარეა
დაკოპირებულია

დიარეის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი ამებაა. ნაწლავთა ამებიაზი დაავადებაა, რომელიც უწყინარი ფორმიდან შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიშ გართულებაში გადაიზარდოს.

ამებიაზი, იგივე ამებური დიზენტერია, ნაწლავის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ერთუჯრედიანი პარაზიტი ენტამება ჰისტოლიტიკა (Entamoeba hystolitica) იწვევს. ნაწლავში ენტამებას გვარის უამრავი სახეობა ბინადრობს, მაგრამ ავადმყოფობას არც ერთი მათგანი არ იწვევს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არც ერთი არ არის პათოგენური. პათოგენური ბუნებით მხოლოდ ენტამება ჰისტოლიტიკა გამოირჩევა და სწორედ მასთანაა დაკავშირებული ამებიაზიც.

დაავადების გამომწვევი ენტამება ჰისტოლიტიკა ადამიანის მსხვილ ნაწლავში ბინადრობს და გარეთ ფეკალურ მასებთან ერთად არააქტიური ცისტის ფორმით გამოიდევნება. წყალში ცისტა ერთი თვე ცოცხლობს, ხოლო ნიადაგსა და ფეკალიებში – რამდენიმე თვე. გარდა ამისა, უძლებს ტემპერატურას +50 და -10 გრადუსამდე.

ადამიანისგან ადამიანს ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამება ორგანიზმში ფეკალიებით დაბინძურებული საკვებისა და წყლის საშუალებით იჭრება. ინვაზიის მთავარ წყაროს წარმოადგენენ ასიმპტომური მატარებლები და ქრონიკული პაციენტები, რომლებიც ცისტებს ავრცელებენ. გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანის ფეკალიების სასუქად გამოყენება, სანიტარიული ნორმების დარღვევა, დაუბანელი ხელებით საჭმლის მომზადება და მიღება, ასევე, – დაბინძურებული სამედიცინო ხელსაწყოების, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის გამორეცხვისთვის საჭირო მოწყობილობის, გამოყენება.

არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა გავლენით დაავადება უფრო მეტადაა მოსალოდნელი. ესენია:

* ენდემურ რეგიონში მოგზაურობა;

* ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

* კიბო;

* მალნუტრიცია (ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების დაუბალანსებელი მიღება);

* მცირე ან ხანდაზმული ასაკი;

* ორსულობა.

ადამიანის პირის ღრუში მოხვედრილი ცისტა გადადის ჯერ კუჭში, მერე კი წვრილ ნაწლავში. კუჭში მჟავა გარემოს დამაზიანებელი ზემოქმედებისგან ცისტას საკუთარი გარსი იცავს, ნაწლავში კი, სადაც ნეიტრალური ან სუსტი ტუტე გარემოა, ეს გარსი შორდება და ცისტა გარდაიქმნება აქტიურ, ინვაზიურ ფორმად – ტროფოზოიტად. ეს უკანასკნელი გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც შესაძლოა, ხელახლა გარდაიქმნას ცისტად და ორგანიზმისთვის ზიანის მიუყენებლად გამოიყოს ფეკალურ მასებთან ერთად ან შეიჭრას ნაწლავის ლორწოვან შრეში, დააზიანოს მისი კედელი, გამოიწვიოს ქსოვილის დესტრუქცია, კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება), მწვავე დიზენტერია, სისხლიანი დიარეა.

დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები ასიდან მხოლოდ 10-20 შემთხვევაში იჩენს თავს ცისტის გადაყლაპვიდან 1-4 კვირის შემდეგ. ამებიაზის პირველი ნიშნები დიარეა (დღეში 3-8-ჯერ) და მუცლის მსუბუქი ტკივილია. თანდათან მათ შესაძლოა დაერთოს საერთო სისუსტე, მეტეორიზმი, ტენეზმები (ცრუ ჭინთვები), წონის კარგვა. დიარეა მძიმდება, ხშირდება (დღეში 10-20-ს აღწევს), განავალს ერევა სისხლი, მუცელი დაჭიმულია, ტკივილი ძლიერდება. მოსალოდნელია ცხელება და ღებინებაც. ნაწლავის კედლის დაზიანებისას ტროფოზოიტი შესაძლოა, სისხლში გადავიდეს, ღვიძლამდე მიაღწიოს და გამოიწვიოს ღვიძლის ამებური აბსცესი, რომელიც თავდაპირველად ღვიძლის გადიდებით, მუცლის ზედა ნაწილის დაჭიმულობითა და ცხელებით ვლინდება. სისხლის საშუალებით ამება შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებშიც (მაგალითად, ფილტვებში, გულში, ტვინში) და აქაც გამოიწვიოს ანთებითი პროცესები, აბსცესები. დაავადება, წესისამებრ, მძიმედ მიმდინარეობს. პროგნოზი კი ძირითადად კეთილსაიმედოა – ამებიაზი კარგად ემორჩილება მკურნალობას და დაახლოებით, ორ კვირაში გაივლის. უფრო რთულ შემთხვევებშიც კი, როდესაც პარაზიტი შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს აზიანებს, შესაბამისი მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა. არანამკურნალები ამებიაზი კი ხშირად ლეტალურად მთავრდება.

დაავადების პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა სანიტარული ნორმების დაცვაა. ხელები კარგად დაიბანეთ საპნით ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, ჭამამდე და საჭმლის მომზადებამდე. ყოველთვის გულდასმით გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა