რა არის დემოდეკოზი და როგორ უნდა ვმართოთ ის
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.11
დემოდექსი ადამიანის თმის ფოლიკულებისა და მათთან დაკავშირებული ცხიმოვანი ჯირკვლების ბინადარია. მისი საყვარელი ადგილებია შუბლი, ლოყები, ნესტოები, წამწამები და ყურები.
დემოდექსი ხუთ წელს გადაცილებულ თითქმის ყველა ადამიანს ჰყავს (ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებთან იშვიათია). ჩვეულებისამებრ, უვნებელია, თუმცა ზოგჯერ მრავლდება და იწვევს კანის დაავადებას – დემოდეკოზს,
მიუხედავად იმისა, რომ დემოდექსის გვარის ტკიპები ფართოდ არის გავრცელებული, დემოდეკოზი იშვიათია. ის მაშინ ვითარდება, როდესაც ტკიპა უკონტროლოდ მრავლდება. ასეთი გამრავლება მოსალოდნელია იმუნური სისტემის სისუსტის ფონზე, მაგალითად, მათთან, ვინც იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს იღებს, იტარებს ქიმიოთერაპიას ან აქვს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია კანის დაავადებები, მათ შორის – როზაცეა. ზოგჯერ დემოდეკოზის განვითარება ქავილის საწინააღმდეგო კრემის, მაგალითად, ჰიდროკორტიზონის გამოყენებას უკავშირდება.
ტკიპის გამრავლება იწვევს სახის კანის სიწითლეს, კანის მგრძნობელობის მომატებას, ფოლიკულურ ქერცლს, ქავილს. შეინიშნება წვის შეგრძნებაც. ყალიბდება პუსტულები – თეთრთავა გამონაყარი, კანი უხეშდება და ზუმფარის ქაღალდს ემსგავსება, კანსა და ქუთუთოებზე თეთრი ბზინვარება ჩნდება. ზოგიერთი უჩივის თვალების გაღიზიანებას, ქავილს, წამწამების ცვენას, ქუთუთოების გასქელებას ან აქერცვლას, კონიუნქტივის ანთებას და მხედველობის დაქვეითებასაც კი.
მართვა და მკურნალობა
დემოდექსი, ჩვეულებრივ, უვნებელია. მკურნალობას მოითხოვს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკონტროლოდ მრავლდება და შემაწუხებელ სიმპტომებს იწვევს. დემოდეკოზის სამკურნალოდ გამოიყენება აკარიციდის შემცველი კრემი, გელი, ლოსიონი ან დასაბანი საშუალება. აკარიციდი პესტიციდია და ტკიპებს ანადგურებს. მედიკამენტებიდან გამოიყენება ბენზილ ბენზოატი, კროტამიტონი, ივერმექტინი, მეტრონიდაზოლი, პერმეტრინი, სალიცილის მჟავა, სელენის სულფიდი, გოგირდის პროდუქტები. სამკურნალო საშუალებას არჩევს დერმატოლოგი, პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად კი კურსის ხანგრძლივობასაც ადგენს.
პერიორბიტალური (თვალბუდის ირგვლივი) დემოდეკოზის დროს საჭიროა წამწამების ძირში მალამოს წასმა და მთელი ღამით დატოვება, რადგან ტკიპები, როგორც უკვე იცით, ღამღამობით ამოდიან კანის ზედაპირზე და ერთი ფოლიკულიდან მეორეში გადადიან.
პაციენტებს ურჩევენ ბალიშისპირებისა და ზეწრების ცხელ წყალში გარეცხვას და მაქსიმალურ ტემპერატურაზე გაშრობას, აგრეთვე – ძველი კოსმეტიკური საშუალებების გადაყრას.
დაიცავით კანის სისუფთავე. დღეში ორჯერ დაიბანეთ პირი, კვირაში ერთხელ კი ჩაიტარეთ სახის მსუბუქი პილინგი ზედმეტი ცხიმისა და მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად, რომლებითაც ტკიპები იკვებებიან. თავი აარიდეთ ცხიმოვან კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც ფორებს ახშობს. გამოჯანმრთელების პროგნოზი დემოდეკოზის მიზეზზეა დამოკიდებული. თუ ტკიპების გამრავლება იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას უკავშირდება, შესაძლოა, დაავადება ისევ განვითარდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან