მედიცინა

პიტნის სამკურნალო თვისებები

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.07, 2022 წელი

პიტნა
დაკოპირებულია

პიტნისგან მრავალი დაავადების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებები მზადდება.

* ჩაყარეთ თერმოსში 2 სადილის კოვზი პიტნა, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და დააყენეთ რამდენიმე საათით. სვით ჭიქის მესამედი დღეში სამჯერ. შეგიძლიათ, დაამატოთ შაქარი ან თაფლი. ეს ნაყენი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ეფექტურად ხსნის ტკივილს კუჭის არეში. პიტნის ნაყენი დაგიწევთ ტემპერატურას, დაგეხმარებათ ოფლის მოდენაში. ნაყენი შეგიძლიათ, თერმოსის გარეშეც მოამზადოთ;

* თუ თბილ წყალში რამდენიმე წვეთ პიტნის ზეთს გახსნით და დალევთ, უკეთ ჩაგეძინებათ. ეს საშუალება დაგეხმარებათ დეპრესიის შემოტევისას, გულისცემის აჩქარებისას. ასეთივე მოქმედება ახასიათებს პიტნის ჩაის;

* პიტნის ნახარშის საფენი ეფექტურია ტკივილის დროს, მათ შორის, რევმატულის. აამებს მწერის ნაკბენს, ხსნის ქავილს;

* თუ პიტნის ნახარშს ზეითუნის ზეთს შეურევთ, მიიღებთ საუკეთესო საშუალებას დამწვრობის დასაამებლად, თავის ტკივილის დროს კი გირჩევთ, ერთმანეთში აურიოთ პიტნისა და ევკალიპტის ზეთი და საფეთქლები დაიზილოთ;

* პიტნის ჩაის სმა ყველას შეუძლია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებისთვის კონცენტრირებული ნაყენის მიცემა არ შეიძლება – მასში მაღალია მენთოლის შემცველობა. თუ ბავშვს ნაწლავთა სპაზმი აქვს და მუცელი სტკივა, მას პიტნის ძალიან ბაცი ჩაი მოუმზადეთ. გახსოვდეთ ისიც, რომ ქრონიკული გულძმარვის დროს პიტნის ზეთის მიღება არ შეიძლება;

* თაფლსა და ლიმონთან შერეული პიტნა ძალიან უხდება გულს. წვრილად დაჭრილ ლიმონს დაამატეთ თაფლი (1:1) და შეინახეთ მაცივარში, პიტნის რამდენიმე ფოთოლს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 15 წუთი და დაამატეთ თაფლისა და ლიმონის 1 ჩაის კოვზი ნარევი. ეს ნაყენი აწესრიგებს გულის რიტმს, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის კუნთების კვებას;

* თუ თავი აგტკივდათ, არ იჩქაროთ წამლების დალევა. უმჯობესია, პიტნიანი ჩაი მიირთვათ – ტკივილი მალე გაგივლით.

სხვა მწვანილებთან ერთად, აუცილებლად გამოიყენეთ პიტნა სალათებში, სოუსებსა და წვნიანებში. ამით, გარდა იმისა, რომ კერძებს გააგემრიელებთ, დაძაბულობა და გაღიზიანებაც მოგეხსნებათ.

მასაჟის გაკეთებისას სპეციალურ ზეთს შეურიეთ პიტნის ნაყენი და შეიზილეთ მთელს ტანზე. ეფექტს მაშინვე იგრძნობთ – დაღლილობა და მოთენთილობა თვალსა და ხელს შუა გაქრება.

პიტნის ნაყენით სახის გაწმენდა ან კომპრესი მისწრებაა კანისთვის – ის აახალგაზრდავებს მას და ხელს უშლის ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას.

პიტნის ჩაი სამკურნალო საშუალებაა. ბავშვისთვის კონცენტრირებული ჩაი უნდა მოამზადოთ: 1 სადილის კოვზ პიტნას დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დააყენეთ სითბოში 1 საათით, შემდეგ კი გადაწურეთ. გამოყენების წინ ცოტა თაფლი დაუმატეთ. ასე გემოც გაუუმჯობესდება და უფრო სასარგებლოც გახდება. უნდა დაალევინოთ ცხელი და მხოლოდ ნახევარი ჭიქა. ამ ხსნარით ცხვირსაც ირეცხავენ. თუ ასეთ ნაყენს უფრო დიდხანს, 2 საათით გააჩერებთ, შეგიძლიათ პირის სავლებად გამოიყენოთ და უსიამოვნო სუნი მოიშოროთ.

თუ პიტნის ახალი ფოთლები გაქვთ, ჩაი შემდეგი მეთოდით მოამზადეთ: 4 პიტნის ფოთოლი გარეცხეთ, დაჭერით და 1 ფინჯანი მდუღარე წყალი დაასხით. ზუსტად 1,5 წუთი გააჩერეთ და წყალი გადაასხით. კვლავ დაასხით მდუღარე წყალი. ამჯერად 2 წუთით დააყენეთ და დალიეთ.

პიტნის ჩაი რეკომენდებულია კუჭის გაზრდილი მჟავიანობისა და სპაზმური კოლიტის, მენსტრუაციული პრობლემების, კლიმაქსისა და ორსულობის დროს. ამ მხრივ, პიტნა უნივერსალური საშუალებაა. ის ეფექტურად აქრობს ტკივილს მუცლის არეში, დაგეხმარებათ გულისრევის დროს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ზრუნავს თქვენს მადაზე. თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სტანდარტული სიმპტომები გაწუხებთ, პიტნა სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ.

თუ მუცლის ტკივილი, ღებინება ან გულისრევა გაწუხებთ, მოხარშეთ 1 სადილის კოვზი პიტნა 1 ჭიქა მდუღარე წყალში, შეფუთეთ და 30-40 წუთით გააჩერეთ სითბოში. გადაწურეთ და დალიეთ 1 სადილის კოვზი ნახარში ყოველ 3 საათში, ღებინების დროს კი – ნახევარი ან 1/3 ჭიქა. რევმატიზმის, ართრიტისა და კანის ანთების დროს ეს ნაყენი შეგიძლიათ, ცივ კომპრესებად გამოიყენოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი