მედიცინა

ფუნქციური ნერვული აშლილობის სიმპტომები და მკურნალობა

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.09

აშლილობა
დაკოპირებულია

ფუნქციურ ნერვულ აშლილობას ნერვული სისტემის ამა თუ იმ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თუმცა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ცენტრალური და პერიფერიული ორგანოების დაზიანებას გამორიცხავს.

ფუნქციური ნერვული აშლილობა იშვიათი დაავადებების ნუსხაშია შეტანილი, თუმცა საერთაშორისო მონაცემებით ირკვევა, რომ ნევროლოგთან ამბულატორიული ვიზიტის მიზეზთა ტოპათეულში შედის, რაც მას ისეთივე აქტუალურს ხდის, როგორიც, მაგალითად, პარკინსონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზია.

ფუნქციური ნერვული აშლილობის სინონიმებია:

* კონვერტაციის დარღვევა;

* ფსიქოგენური კრუნჩხვა – მოძრაობის დარღვევა;

* დისოციაციური კრუნჩხვა – მოტორული აშლილობა;

* არაეპილეფსიური კრუნჩხვა.

დაავადება ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევით არის გამოწვეული და არა ორგანული დაზიანებით. დარღვეულია თავის ტვინსა და პერიფერიულ ნერვებს შორის საინფორმაციო სიგნალების გაგზავნა და მიღება.

სხვა იშვიათი დაავადებების მსგავსად, ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

ამ დაავადებამ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა იშვიათად გვხვდება ათ წლამდე. განსაკუთრებით ხშირია მოზარდ ასაკში და უმეტესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აღენიშნებათ.

ფუნქციური ნერვული დარღვევის უშუალო მიზეზი, როგორც ვთქვით, უცნობია. მის განვითარებაში წვლილი შეაქვთ განსაზღვრულ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს, რომელთაგან ზოგიერთ ტვინს ავადმყოფობის მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის, ზოგი გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს, ზოგი კი მდგომარეობის გაუმჯობესებას უშლის ხელს. ბიოლოგიური ფაქტორი (ფიზიკური ტრავმა, ტკივილი, ინფექცია) ნერვული აშლილობის ყველაზე ცნობილი გამშვები მექანიზმია, შფოთვის პანიკური შეტევა, დეპრესია და ბავშვობის ტრავმა კი ფსიქოლოგიურ რისკფაქტორებს განეკუთვნება. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორებს, არასრულფასოვანი ოჯახური ცხოვრება და სამსახურის სიძულვილი პათოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორების მქონე ყველა ადამიანს ფუნქციური ნერვული აშლილობა არ უვითარდება, ისევე როგორც არავინაა მისგან დაზღვეული.

სიმპტომები სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვა სიხშირითა და ინტენსივობით იჩენს თავს. უმეტესობა უჩივის, ეგრეთ წოდებულ, დისოციაციურ შეტევებს – უეცარ უნებლიე ხანმოკლე მოძრაობებს, რომლებიც ხშირად ეპილეფსიურ გულყრას ჰგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, თავის ტვინის ანომალიური ელექტრული აქტივობა არ უდევს საფუძვლად. ამ ტიპის შეტევები უმეტესად ახალგაზრდა ქალებთან გვხვდება და მკურნალობას მეტ-ნაკლებად ემორჩილება.

მოძრაობის ფუნქციურმა აშლილობამ შესაძლოა, გამოიწვიოს სიარულის სირთულე, ტრემორი (კიდურების უკონტროლო კანკალი ან სისუსტე), დისტონია (კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რომელიც ვლინდება ნელი განმეორებითი მოძრაობებით ან უჩვეულო პოზით), ზოგჯერ – მთელი სხეულის პარალიზი. არსებობს ფუნქციური აშლილობის გამომხატველი სხვა სახის სიმპტომებიც, რომლებიც მოიცავს თავბრუს, სენსორულ პრობლემებს (მხედველობის, მგრძნობელობისა და სმენის დაქვეითება), მეტყველების დარღვევასა და კოგნიტიურ პრობლემებს (დაბნეულობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ხანმოკლე ან ხანგრძლივი მეხსიერების დაქვეითება, განსჯის უნარისა და იდენტობის დაკარგვა). ფაქტობრივად, შეიძლება, დაირღვეს ტვინის მიერ კონტროლირებადი ნებისმიერი ფუნქცია. ზოგჯერ ირღვევა შინაგანი ორგანოების (შარდის ბუშტის) მუშაობაც.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ფუნქციური ნერვული აშლილობა რეალური პათოლოგიური მდგომარეობაა ჭეშმარიტი სიმპტომებით, რომელთა მართვა და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.

ფუნქციური ნერვული დაავადების მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. მისი ძირითადი მიზანი ტვინის „გადამზადებაა“, ვინაიდან პრობლემა ისაა, რომ დარღვეულია ტვინსა და ნერვებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა. მკურნალობა ნორმალური ფუნქციების ხელახლა დასწავლას ისახავს მიზნად. ამ აშლილობის სამკურნალო ჯადოსნური წამალი არ არსებობს. უფრო მეტიც: ფარმაკოთერაპია მხოლოდ გამოხატული დეპრესიისა და შფოთვის დროს ერთვება საქმეში. უმეტესად საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის (ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი) შექმნა და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა