მედიცინა

ფეიხოა – საოცრად სასარგებლო ხილი

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.02, 2022 წელი

ფეიხო
დაკოპირებულია

ფეიხოა სხვა ხილისგან, უპირველესად, განუმეორებელი გემოთი გამოირჩევა, თან, დაბალკალორიულია. რაც შეეხება სასარგებლო ნივთიერებებს, ფეიხოაში C ვიტამინი, რკინა და იოდი რეკორდული რაოდენობითაა. ამიტომ სასურველია ფეიხოა თერმულად კი არ დაამუშავოთ, არამედ გახეხოთ და დაშაქროთ. ის სასარგებლოა გასტრიტების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს ან უბრალოდ, იმუნიტეტისა და საერთო სასიცოცხლო ტონუსის ასამაღლებლად.

შემოგთავაზებთ ცოცხალი ფეიხოას ჯემის რეცეპტს: 1 კილოგრამი ფეიხოა კარგად გავრეცხოთ, გავასუფთაოთ და დანით მოვაცილოთ თავი და ბოლო. გათლა არ სჭირდება, რადგან მისი კანი ბევრ ვიტამინს შეიცავს. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და ავურიოთ 1,5 კილოგრამ შაქარში, მიღებული ერთგვაროვანი მასა მოვათავსოთ მინის ქილაში და შევინახოთ მაცივარში. ასეთი სახით დამზადებული პროდუქტი მთლიანად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. შეგვიძლია, მივიღოთ პირდაპირ ჯემის სახით პურთან ან ბლინებთან ერთად ან 1 სადილის კოვზი გავხსნათ 1 ჭიქა წყალში და ისე დავლიოთ. შეიძლება ვაჭამოთ ბავშვებსაც, რადგან მასში არის ყველა ის საჭირო ცილები და ცხიმები, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს.

ფეიხოასა და თაფლის ნარევი კურნავს ფარისებრ ჯირკვალს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ანგინას, ლარინგიტს, ნევროზს.

იოდის ნაკლებობა აისახება წონაზე, თმასა თუ ფრჩხილებზე. იოდის დეფიციტის გამო ბავშვები ზრდაში ჩამორჩებიან და ვერ ვითარდებიან ინტელექტუალურად.

ფეიხოა თაფლთან იოდის ნაკლებობას აგინაზღაურებთ.

ფეიხოა მდიდარია ვიტამინებით, C ვიტამინის შემცველობით კი ლიმონს არ ჩამოუვარდება. ფეიხოა გაატარეთ და შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი. გადაიტანეთ შუშის ქილაში, დაახურეთ საცობი და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ.

თაფლისა და ფეიხოას ეს უგემრიელესი ნარევი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებზეც კი წინ დგას. იოდი წყალხსნად მდგომარეობაშია, ამიტომ ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. იოდის მაღალი შემცველობის გამო ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს.

ფეიხოას გამოყენება კარგია, ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც გონებრივი სამუშაო აქვს, აწუხებს გასტრიტი, ათეროსკლეროზი, ავიტამინოზი, ჰიპოვიტამინოზი, პიელონეფრიტი, პოდაგრა და სხვა.

გახსოვდეთ: ხილი ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან ის დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ჰიპერთირეოზი აქვს – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ამ დროს ჯობს, ამ ხილზე საერთოდ უარი თქვათ.

თუ ფეიხოას გადაჭარბებული რაოდენობით მიიღებთ, ესე იგი, ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდა. ამ დროს ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ (ხშირად ცვალებადი, „მოხტუნავე“) ტემპერატურა, ასევე შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.

ფეიხოა შეიცავს ბევრ საქაროზას, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტში პექტინის მაღალი დონე საქაროზას მოქმედებას ანეიტრალებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა