მედიცინა

ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული მითები და რეალობა

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.12, 2022 წელი

ფარისებრი ჯირკვალი
დაკოპირებულია

არსებობს აზრი: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ძალიან ადვილი სამკურნალოა.

სინამდვილეში: პირიქით, შეიძლება ითქვას, რთულია. ზუსტი დიაგნოზის დასასმელადაც კი უამრავი განსხვავებული მიდგომაა საჭირო. მკურნალობის დაწყებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს წამლის დოზის სწორად შერჩევას, ამიტომ მკურნალობის პროცესში ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია. კონტროლის სიხშირე დაავადებაზეა დამოკიდებული. წამლის დოზის დარეგულირება ყოველთვის საწყის ეტაპზე ვერ ხერხდება, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მიიღწევა. უნდა განისაზღვროს მკურნალობის მეთოდიც.

არსებობს აზრი: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მხოლოდ შუახნის და ხანდაზმული ქალების პრობლემაა.

სინამდვილეში: ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ძირითადად, მენოპაუზის შემდეგ იჩენს თავს, მაგრამ, საერთო ჯამში, ისინი ორივე სქესის ნებისმიერი ასაკის ადამიანებში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ეს დაავადებები საკმაოდ გაახალგაზრდავდა.

არსებობს აზრი: ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს ადამიანს თვალები ბუდიდან შესამჩნევად აქვთ წინ წამოწეული.

სინამდვილეში: წინ წამოწეული თვალები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მხოლოდ ერთი სიმპტომია. ისიც უმეტესად ჰიპერთირეოიდიზმის და გრეივსის დაავადების დროს გვხვდება.

არსებობს აზრი: ჰიპოთირეოზის მართვა მხოლოდ დიეტითაც არის შესაძლებელი.

სინამდვილეში: ეს თავიდან ბოლომდე მითია! საკმარისი რაოდენობის ვიტამინებისა და მინერალების შემცველი, დაბალანსებული დიეტა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა ჰიპოთირეოზი, უნდა ეცადოთ, თქვენი კვება იყოს სრულფასოვანი, ხოლო ცხოვრების წესი – ჯანსაღი. მაგრამ ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის გარეშე, მხოლოდ კვებით, ჰიპოთირეოზს ვერ დაარეგულირებთ.

არსებობს აზრი: ფარისებრი ჯირკვლის მწყობრიდან გამოსვლა აუცილებლად ჩიყვის განვითარებას ნიშნავს.

სინამდვილეში: ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მქონეთა უმრავლესობას ჩიყვი არ უვითარდება. შესაძლოა, ორგანოს ფუნქცია დარღვეული იყოს, მაგრამ მისი ზომა და სტრუქტურა ნორმას შეესაბამებოდეს. გადიდებული ფარისებრი ჯირკვლიც კი შესაძლოა, ნორმალურად ფუნქციონირებდეს.

არსებობს აზრი: ფარისებრ ჯირკვალში წარმონაქმნების არსებობა კიბოს ნიშანია.

სინამდვილეში: ასე არ არის. ფარისებრ ჯირკვალში არსებული წარმონაქმნების მხოლოდ 5 პროცენტია ავთვისებიანი. უდიდესი უმრავლესობა კეთილთვისებიანი კვანძი ან კოლოიდური ცისტაა.

არსებობს აზრი: იოდის შემცველი ტაბლეტებით ან დანამატებით, მაგალითად, იოდიანი მარილით, მკურნალობა უფრო უსაფრთხო და ბუნებრივია, ვიდრე წამლებით.

სინამდვილეში: არსებობს მდგომარეობები, როცა კატეგორიულად აკრძალულია იოდის პრეპარატების მიღება, რადგან ის პროვოცირებას უწევს დაავადების განვითარებას. ასე რომ, არ მიიღოთ იოდის დანამატები თვითნებურად.

არსებობს აზრი: ჰიპოთირეოზის დროს წამლის დოზის გაზრდას შეუძლია, წონის დაკლება დააჩქაროს.

სინამდვილეში: წამლის დოზის გაზრდამ შესაძლოა, მართლაც დააჩქაროს წონის კლება, მაგრამ გამოიწვიოს გვერდითი მოვლენებიც: უძილობა, კანკალი, მადის მომატება, გულისცემის გახშირება, განვითარდეს ჰიპოთირეოზის საპირისპირო მდგომარეობა – მედიკამენტური ჰიპერთირეოზი. ასე რომ, აჯობებს, მოთმინება გამოიჩინოთ – ენდოკრინოლოგის რეკომენდაციების შესრულებით, წამლის სწორად შერჩეული დოზით წონის კორექციასაც მიაღწევთ.

არსებობს აზრი: თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დარღვეულია, ეს აუცილებლად უნდა გამოვლინდეს შესაბამისი სიმპტომებით.

სინამდვილეში: ბევრი ვერც გრძნობს, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს. მაგალითად, სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი, უმეტეს შემთხვევაში, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პრობლემაზე მხოლოდ TSH-ის დონის მომატება მიუთითებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი