ოსტეოქონდროზის მკურნალობა სახლის პირობებში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.03, 2021 წელი

ოსტეოქონდროზი დედამიწის მოსახლეობის 80 პროცენტს აწუხებს. ქალებს ეს დაავადება უფრო ხშირად ემართებათ, მაგრამ გამწვავება უმთავრესად მამაკაცებში გვხვდება და ოპერაციული ჩარევაც უფრო ხშირად მათ სჭირდებათ.
ოსტეოქონდროზი – ხერხემლის ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფიული დაზიანება, რომელიც იწვევს ხერხემალშორისი დისკების გამრუდებას და სახსრების დეფორმაციას.
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
* მემკვიდრეობითი ფაქტორი;
* ზურგის ტრავმები;
* ინფექციური დაავადებები;
* ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტი;
* მუდმივი სტრესი;
* გადაციება;
* მძიმე ფიზიკური დატვირთვა;
* ზურგის სხვადასხვა დაავადება;
* სიმსუქნე;
* ორგანიზმის დაბერება;
* ავიტამინოზი და ჰიპოვიტამინოზი.
ოსტეოქონდროზის ნიშნები:
* კისრის ტკივილი, რომელიც გადადის კბილებზეც;
* ხშირი თავის ტკივილი;
* დათრგუნული მდგომარეობა;
* გულის რევა;
* თავბრუ;
* ზოგადი სისუსტე.
აღნიშნული სიმპტომები თითქმის ერთად იჩენს თავს.
რასაკვირველია, ჯობს, ამ პრობლემის არსებობის შემთხვევაში მიმართოთ ექიმს. თუმცა, მასთან გამკლავება შესაძლებელია სახლის პირობებშიც.
ოსტეოქონდროზის სახლის პირობებში მკურნალობა შეიძლება სამი მეთოდით:
* მასაჟი;
* სპეციალური მოწყობილობების გამოყენება;
* სამკურნალო ფიზკულტურა.
ძალიან სასარგებლოა მასაჟი, თან, შეგიძლიათ, კისერი თქვენ თვითონაც დაიმასაჟოთ. შედეგად, კისრის ნაწილის კუნთები მოდუნდება, აღდგება სისხლის მიმოქცევა და ტკივილიც დაცხრება.
საკუთარი თავისთვის მასაჟის გაკეთებას თავის წესები აქვთ. თუმცა ნუ გადააჭარბებთ, ასე თავს დაძაბავთ და შესაძლოა, მდგომარეობა გაიუარესოთ კიდეც.
მასაჟი უნდა გაკეთდეს თითებით. მოძრაობები მიმართული უნდა იყოს ცენტრიდან გვერდებისკენ, ანუ – ხერხემლიდან პერიფერიისკენ.
არ შეიძლება ძალის დატანება, მოძრაობა უნდა იყოს მსუბუქი, მაგრამ არა უშედეგოდ.
მასაჟი უნდა გაიკეთოთ ნელი ტემპით და თანაბრად.
თვითმასაჟირების სხვადასხვა ტექნიკა არსებობს. დაჯექით სკამზე, დადეთ ერთი ფეხი მეორეზე. დაეყრდენით მუხლებს იდაყვით. თუ ზემოთ არის მარცხენა ფეხი, მაშინ ხელი უნდა იყოს მარჯვენა და პირიქით. მოათავსეთ თითები ხერხემალზე, კეფასთან ახლოს და დაიწყეთ ნელი წრიული მოძრაობები, ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით. შეიცვალეთ მდგომარეობა 5-6 წუთის მერე.
შეგიძლიათ, მიმართოთ შემდეგ მეთოდსაც:
აიღეთ ორი კონა ნიახური, გარეცხეთ და დაასხით ორი ლიტრი ბორჯომი. წამოადუღეთ და დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და ადუღეთ კიდევ 20 წუთი. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 100 გრამის ოდენობით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ბორჯომი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. მარილები, სწორედ, მისი დარღვევის შედეგად გროვდება ორგანიზმში. ლიმონმჟავა მჟავების ჯგუფის ნივთიერებაა. ის რეაქციაში შედის მარილებთან და შლის მას. ნიახური კი შარდმდენი თვისებებით გამოირჩევა. ლიმონმჟავის მიერ დაშლილი მარილები შარდთან ერთად გამოიდევნება. ამიტომ ეს მეთოდი სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან