მედიცინა

ორსულობა და ალკოჰოლი

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.05

ალკოჰოლი
დაკოპირებულია

ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი – ღვინო, ლუდი, ლიქიორი თუ სხვა – ორსულობისას მავნეა: საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. მავნე გავლენა ორსულობის ყველა ეტაპს ეხება. არ არის გამორიცხული, ალკოჰოლურმა სასმელმა მანამდე მოგვაყენოს ზიანი, სანამ გავიგებთ, რომ ორსულად ვართ.

ალკოჰოლის ორსულისთვის უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს, ამიტომ ექიმები მოგვიწოდებენ, ორსულობის დასაწყისიდან დასასრულამდე უარი ვთქვათ ნებისმიერი ტიპისა და ნებისმიერი ოდენობის ალკოჰოლურ სასმელზე.

ალკოჰოლი ძალიან სწრაფად გაივლის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის ორგანიზმში აღწევს. ნაყოფი ზრდასრულ ადამიანზე გაცილებით მეტ ხანს ანდომებს ალკოჰოლის დაშლას. მაშასადამე, ნაყოფის ორგანიზმში ალკოჰოლი დედისაზე მეტხანს რჩება. სწორედ აქ იჩენს თავს პრობლემები. ალკოჰოლი ხელს უშლის თავის ტვინისა და სხვა ორგანოების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, იმატებს თავის ტვინის დაზიანების, ნაყოფის ზრდისა და განვითარების შეფერხების ალბათობა. მაღალია გულის, მხედველობისა და სმენის თანდაყოლილი დეფექტების ჩამოყალიბების რისკიც. ყველაფერთან ერთად, მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა, დღენაკლულ ახალაშობილს კი, თავის მხრივ, შესაძლოა არაერთი პათოლოგია განუვითარდეს.

ორსულობაზე ალკოჰოლის მავნე გავლენის შედეგია ახალშობილის მცირე წონა, თვითნებითი აბორტი და მკვდრადშობადობა. მედიცინაში არსებობს ტერმინი „ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი“. ამ სინდრომის მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია გონებრივი განვითარების შეფერხება, დასწავლის, ურთიერთობის, ყურადღების კონცენტრირების, ქცევის პრობლემები. შესაძლოა, ფიზიკური განვითარებაც შეფერხდეს, არასათანადო იყოს კუნთოვანი ტონუსი, დაირღვეს მოძრაობისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარები. ეს პრობლემები მსუბუქიც შეიძლება იყოს და მძიმეც, მაგრამ, როგორც წესი, სამუდამოა.

ყველაზე მარტივი და საიმედო გზაა, არ დალიოთ ორსულობის დროს. მეტიც: ალკოჰოლს მაშინაც უნდა ერიდოთ, როცა დაორსულებას აპირებთ ან გაქვთ დაორსულების შანსი.

ისეც ხდება, რომ ალკოჰოლი ნაყოფზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, სულ მცირე დოზამ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ეს მეცნიერულად არის დადასტურებული.

როგორც აღვნიშნეთ, ორსულისთვის არ არსებობს ალკოჰოლის მიღებისთვის უსაფრთხო დრო. მართალია, ყველაზე მძიმე შედეგებს პირველ ტრიმესტრში იწვევს, მაგრამ საშიშია გვიანდელ ვადებზე მიღებაც. თუმცა, ცხადია, რაც მეტს და ხანგრძლივად მოიხმართ, მით უარესი იქნება შედეგიც.

სავალალო გართულება შესაძლოა, ერთხელ, მაგრამ დიდი რაოდენობით მიღებულმა ალკოჰოლმაც გამოიწვიოს.

* ორსულობის დროს ალკოჰოლი სხვა სასმელებით – ხილის წვენით ან წყლით – ჩაანაცვლეთ;

* ერიდეთ ისეთ სიტუაციებს და ადგილებს, სადაც, ჩვეულებრივ, სვამდით;

* არ შეინახოთ ალკოჰოლური სასმელი სახლში;

* რაც მთავარია, მოიძიეთ ინფორმაცია ორსულობაზე ალკოჰოლის მავნე გავლენის შესახებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა