მედიცინა

ომბალოს სამკურნალო თვისებები

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.04

ომბალო
დაკოპირებულია

ომბალოს გემო ყველამ იცის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მცენარეს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. როცა ომბალოთი მომზადებულ ტყემალს მივირთმევთ, მასში შემავალი ომბალო ბევრ ჩვენს დაავადებას ებრძვის და თან, ძალზე ეფექტურად. ქართული სამზარეულო ომბალოს გარეშე წარმოუდგენელია, ის ტყემლის საწებლის შეუცვლელი სანელებელია.

ომბალოს მშრალი ფოთლები შეიცავს დიდი ოდენობით ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაში შედის პულეგონი, მენთოლი, ლიმონენი, დიპენტენი და აზულენი. გარდა ეთერზეთებისა, მცენარე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ფლავონოიდებს, კაროტინს და ასკორბინის მჟავას.

მცენარეს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და სამკურნალოდაც გამოიყენება. მას აქვს ანთების საწინააღმდეგი, ტკივილდამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი, შარდმდენი ეფექტი, მას ხალხურ მედიცინაში იყენებენ ბრონქული ასთმის, მეტეორიზმის, პოდაგრის, კუჭის დაავადებების დროს. კარგია, ასევე, უძილობის, შაკიკის დროს. ომბალო ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

მის ნახარშს ან ნაყენს კანის სხვადასხვა დაავადებების დროს იყენებენ.

მისი გამოყენება საფრთხილოა ორსულობის დროს, რადგან ომბალო მცირე დოზით შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერება პულეგონს, რასაც აბორტის გამოწვევა შეუძლია, ასევე, აქვს ნეირო და ჰეპატოტოქსიკური თვისებები. დიდი რაოდენობით მცენარის მიღება იწვევს ღვიძლის ქსოვილის ნეკროზს, სისხლდენას საშვილოსნოდან. არ შეიძლება მისი მიცემა 2 წლამდე ბავშვებისთვისაც.

ომბალოს სუნი აფრთხობს მწერებს – კოღოებს, ტილებს, რწყილებს, გარდა ამისა, ომბალო ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მადას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ხალხური მედიცინა ომბალოს იყენებს, როგორც ჭრილობის შესახორცებელ და ანტისპაზმურ, ანტისეპტიკურ საშუალებას. ის, აგრეთვე, კარგია ყივანახველის, ბრონქული ასთმისა და ისტერიკის დროს დამაწყნარებელი საშუალებად და ასევე, ნერვული აშლილობის სამკურნალოდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა