მედიცინა

ნიკოლოზ სარაული – ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და ინოვაციურ პროექტებზე

№8

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:24 25.02, 2022 წელი

ნიკოლოზ სარაული
დაკოპირებულია

ონკო-გინეკოლოგი, ურო-გინეკოლოგი, გინეკოლოგი ქირურგი ენდოსკოპისტი – ბატონი ნიკოლოზ სარაული, განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და პაციენტების მიმართ გულისხმიერებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ პირველმა მედია ჯგუფმა ჟურნალისტების რჩეულ ექიმთა შორის დაასახელა. მათ, ვისაც ნიკა ექიმთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონია და მათაც, ვისთვისაც ის საყვარელი ექიმია, გთავაზობთ ინტერვიუს, რაც მისი უფრო ახლოს გაცნობის საშუალებას მოგვცემს.

–მოგესალმებით, მე გახლავართ ნიკოლოზ სარაული – ონკო-გინეკოლოგი, ურო-გინეკოლოგი, გინეკოლოგი ქირურგი ენდოსკოპისტი. მაქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა კლინიკაში როგორც მეანობაში, ასევე გინეკოლოგიასა და ონკო-გინეკოლოგიაში, მაგრამ აქედან ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ონკო-გინეკოლოგია და სწორედ ამის გამო მუშაობა გავაგრძელე მარდალეიშვილის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, ვინაიდან ეს კლინიკა გახლავთ ერთ-ერთი განვითარებული ამ მიმართულებით და ორიენტირებული ახალი მეთოდების დანერგვაზე. ასევე, ქალბატონ ნინო მუსერიძის ხელმძღვანელობით ჩართული ვარ ინ ვიტრო პაციენტების ქირურგიულ მკურნალობაში კლინიკა GGRC-ში.

– რამდენად გაიზარდა ონკოლოგიური პაციენტების მომართვიანობა?

– 21-ე საუკუნეში არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმატა ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა, იმატა კლინიკაში მომართვიანობამაც, რაც გვიბიძგებს განვითარებისკენ და მსოფლიოში აპრობირებული მიდგომების დანერგვისკენ, რაშიც მთავარ როლს ასრულებს კლინიკის ხელმძღვანელობა, დამფუძნებლის, ბატონი კოტე მარდალეიშვილის, თაოსნობით. ასევე, მნიშვნელოვანია კლინიკის მედპერსონალთა ჩართულობა. კლინიკაში გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური მიმართულებით ტარდება ისეთი სირთულისა და ფართომასშტაბიანი ოპერაციები, როგორიცაა საკვერცხის, საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის ფალოპიუსის, გარეთა სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე, საშვილოსნოს პროლაფსების, შარდის სტრესული შეუკავებლობის, კვანძოვანი მიომების, ენდომეტრიოზისა და მრავალი სხვა პათოლოგიების. ონკოგინეკოლოგიური პაციენტის მართვაში მნიშვნელოვანი კომფორტია ბატონი ემზარ ნადირაძის ძლიერი ქირურგიული გუნდის, ქიმიო და სხივური თერაპიის განყოფილების არსებობა, ქალბატონ ნია შარიქაძის ხელმძღვანელობით. კლინიკაში პირველ ადგილზე რჩება თავ-კისრის ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა.

– ცოტა ხნის წინ თურქეთში იყავით მივლენილი, რა ტიპის ვიზიტი იყო?

– თურქეთში 2-კვირიანი სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი კლინიკა GGRC-ის გუნდთან ერთად. ვიზიტი ეხებოდა ახალი მეთოდების დანერგვას ინ ვიტრო მიმართულებით, რაც საზოგადოებისთვის ახლო მომავალში გახდება ცნობილი. თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღე ონკოლოგიურ ოპერაციებში, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება.

– რამდენად შესაძლებელია შვილოსნობის უნარის შენარჩუნება ონკოლოგიური პრობლემის მქონე ახალგაზრდა ქალბატონებისთვის?

– ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დიაგნოზი, სტადია, რომელ ორგანოზეა საუბარი და რა ტიპის მორფოლოგიური დიაგნოზია, რაც არაერთხელ აღმინიშნავს. შვილოსნობის უნარის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასაკი და პარალელურად, ონკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია დროული დიაგნოსტიკა და სხვადასხვა ერთდროული შეთანხმებული ჩართულობა, რაც საუკეთესო შედეგის მომტანია.

– ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ბრძანდებით ონკო-გინეკოლოგი, ურო-გინეკოლოგი, გინეკოლოგი ქირურგი ენდოსკოპისტი, რომელია ყველაზე რთული მიმართულება?

– ჩემს სფეროში ყველა მიმართულება რთულია, თუმცა ყველაზე რთულად მაინც ონკო-პაციენტთა მართვა მიმაჩნია, დაავადების სიმძიმისა და გამოსავლის გათვალისწინებით.

– რა ასაკიდანაა შესაძლებელი პაპილომა ვირუსის აცრა და თქვენ თავად თუ უწევთ რეკომენდაციას?

– პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია 10 წლიდან იწყება და თავისთავად, ვუწევ რეკომენდაციას. ეს აცრა კეთდება პაპილომა ვირუსის გენოტიპეპზე, რაც უშუალოდ საშვილოსნოს ყელის ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს. დაავადების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.

– ექიმების ოჯახიდან ბრძანდებით, მეუღლეც, ასევე, ექიმია, როგორ ახერხებთ ოჯახსა და სამსახურს შორის დროის გადანაწილებას?

– დედა პედაგოგი მყავს, მამა – მეან-გინეკოლოგი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ქართლის რეგიონს ემსახურება და ამ წლების განმავლობაში არაერთი სიცოცხლე მოუვლენია და გადაურჩენია, ჩემი და რადიოლოგი გახლავთ, ჩემი მეუღლე, მარიამ რეხვიაშვილი – პედიატრი, რომელიც აქტიურად მუშაობს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა „ახალ კლინიკაში“, გვყავს ორი შვილი – მიშო და ნიტა სარაულები. მუდმივად ვგრძნობ ოჯახის თანადგომას, რაც წინსვლაში მეხმარება.

– როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი და რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

– რა თქმა უნდა, მამა იყო ჩემთვის სამაგალითო, თუმცა უმნიშვნელოვანესი როლი ამ პროფესიის არჩევაში დედამ შეასრულა, რისთვისაც მადლობელი ვარ მათი, რადგან პროფესიის სიყვარულმა შრომისმოყვარეობამ და განვითარებისკენ სწრაფვამ წარმატება მომიტანა. თუმცა, ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა