მედიცინა

ნიგვზის სამკურნალო თვისებები

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.10, 2022 წელი

ნიგოზი
დაკოპირებულია

ნიგოზი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ხალხურ მედიცინაში ის ძველთაგანვე გამოიყენებოდა.

ნიგვზისგან დამზადებული ზეთი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ კოსმეტიკური მიზნით. მას აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს. ამ ზეთს ახასიათებს რეგენერაციული თვისებები. ადვილად შეიწოვება, არ ტოვებს კვალს და კანს აბრეშუმივით ნაზს ხდის.

აბიტურიენტებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, ურჩევენ, დილით უზმოზე მიიღონ გატარებული ნიგვზის, თაფლისა და ქიშმიშის 1 ჩაის კოვზი ნარევი, ეს ამაღლებს განწყობას და აძლიერებს იმუნიტეტს.

ნაყოფთან ერთად, სასარგებლოა მისი ფოთლები, ქერქი, ნაჭუჭი.

კაკლის ფოთლებში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვა. ახალი ნაყოფის მწვანე ქერქში აღმოჩენილია A, B, C, P ვიტამინები, ეთერზეთები, შაქარი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

ნიგოზი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასტიმულირებს სისხლძარღვების მუშაობას. გარდა ამისა, ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნასა და არეგულირებს არტერიულ წნევას. ნაყენი, რომელიც მწვანე კაკლისგან მზადდება გამოიყენება გულის იშემიური დაავადებების – სტენოკარდიის, არითმიის, გულის შეტევის პრევენციისთვის და სამკურნალოდაც.

ნიგვზის ზეთი ორგანიზმში იოდის დონეს აბალანსებს. იოდი კი, როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს.

თუ ხშირად მიიღებთ 50 გრამ თაფლში შერეულ 50 გრამ კაკალს, ქრონიკულ დაღლილობას და სტრესს თავს დააღწევთ.

ნიგოზი დაგიცავთ ისეთი დაავადების გაჩენისგან, როგორიცაა ათეროსკლეროზი, ნერვული აშლილობა და დიაბეტი.

ნიგოზი საუკეთესოდ მოქმედებს თავის ტვინზე. მასში შემავალი ომეგა 3 ხელს უწყობს ტვინის უჯრედების გამართულ მუშაობას.

ნიგოზი გამოიყენება ანემიისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის სამკურნალოდ.

თუ საუზმესა და სადილს შორის 3-5 ცალ ნიგოზს მიირთმევთ, ორგანიზმს დაეხმარებით, შეინარჩუნოს ენერგეტიკული ბალანსი.

მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიგოზი ალერგიულ პროდუქტთა შორის შედის. აქედან გამომდინარე, თუ მის მიმართ ალერგია, გამონაყარი, ქავილი ერთხელ მაინც გამოგივლინდათ, სასურველია, თავი შეიკავოთ და აღარ მიირთვათ.

არ შეიძლება ნიგვზის შემცველი კერძების ყოველდღიურად ჭამა, რადგან ხშირად ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას იწვევს.

ნიგვზის დაუმუშავებლად ჭამა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე კერძებში გამოყენებულის, რადგან ის ასეთი სახით გაცილებით მეტად აღიზიანებს ორგანიზმს.

ხალხური მედიცინა უფრო ხშირად კაკლის ფოთოლს იყენებს. ფოთლების ჩაის – 50 გრამ 1 ლიტრ წყალზე – სვამენ კანის ნაირგვარი დაავადებისას, ვენერიული სნეულებების, მრგვალი ჭიების წინააღმდეგ და კუჭ-ნაწლავის კატარის სამკურნალოდ. აღნიშნავენ, რომ დიაბეტიანებს ის შარდში შაქრის შემცველობას უმცირებს. სამკურნალოდ იყენებენ უყუნწო კაკლის ფოთლებს.

კაკლის ფოთლები კარგია ღრძილებისა და ლიმფური ჯირკვლების ანთებისას, კანის დაავადებების ჩირქოვანი ჭრილობების, გასტროენტერიტის, კუჭაშლილობის სამკურნალოდ, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.

დასალევად გამოიყენება წყლიანი ნაყენი. ერთ სუფრის კოვზ ხმელ წვრილად დაჭრილ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (დღე-ღამის დოზა). გარეგანი გამოყენებისთვის კარგია ნახარში: 3-5 სადილის კოვზ ფოთოლს ნახევარ ლიტრ წყალს ასხამენ და 15 წუთს ხარშავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა