მედიცინა

ნაღვლის ბუშტის პრობლემები

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.04, 2021 წელი

ნაღვლის ბუშტის
პრობლემები
დაკოპირებულია

ნაღვლის ბუშტის ძირითადი ფუნქცია ნაღვლის შენახვაა. ეს არის წყლისგან, ნაღვლის მჟავებისგან, ელექტროლიტებისგან, ქოლესტერინისგან, ლეციტინისგან და სხვა კომპონენტებისგან შემდგარი მომწვანო-ყვითელი, სქელი სითხე. ღვიძლი გამოიმუშავებს 500-600 მილილიტრ ნაღველს დღე-ღამეში. მისი დიდი ნაწილი გროვდება ნაღვლის ბუშტში. იქიდან კი ნაღვლის სადინრით ის ხვდება წვრილ ნაწლავში, სადაც მონაწილეობს საჭმლის მონელებაში. ნორმაში ნაღვლის ბუშტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 70-100 მილილიტრს, მაგრამ დარღვევებისას, როგორიცაა, მაგალითად, ნაღვლის საერთო სადინრის გაჭედვა კენჭით, ბუშტის მოცულობა შეიძლება, რამდენჯერმე გაიზარდოს და გახდეს დიდი ზომის. ნაღვლის გამოყოფის პროცესის დარღვევა იწვევს სანაღვლე გზების დაავადებების განვითარებას.

 

ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი ძირითადად არასწორი კვების რეჟიმია. შედეგად ვიღებთ საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებას.

ნაღვლის ბუშტი, კუჭის წვენთან ერთად, დიდ როლს ასრულებს საკვების გადამუშავებაში. ცნობილია, რომ დაავადებული ნაღველი გავლენას ახდენს საკვების სწორად გადამუშავებასა და მონელებაზეც. გახსოვდეთ, რომ უმეტესობას, ვისაც ნაღვლის ბუშტი აწუხებთ, ეწყებათ გვერდითი დაავადებები. ეს არის კუჭის გასტრიტი და კუჭის წყლული.

ნაღვლის ბუშტისთვის სასარგებლოა ზომიერი და მოწესრიგებული კვება, რაც ითვალისწინებს დღეში 4-ჯერ კვებას, ზომიერად ცხიმიანი საკვებისა და უფრო მეტად მცენარეული, რძის პროდუქტისა და ფაფების მიღებას. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ხილი. თუმცა, აქაც ზომიერებაა საჭირო, განსაკუთრებით, როდესაც გვაქვს ქრონიკული მწვავე ქოლეცისტიტი ან კენჭოვანი დაავადება.

მცენარეული საშუალებებით მკურნალობისთვის გამოიყენება თავშავა, ვარდკაჭაჭა, ათასფოთოლა, ასევე, მაყვლის ან კოწახურის ძირები:

თითო-თითო სუფრის კოვზი შეურიეთ ერთმანეთში, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და მოხარშეთ. გააგრილეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში.

მარხვის დროს ექიმები პაციენტს, რომელსაც აწუხებთ საჭმლის მომნელებელი ორგანოები – ნაღველი, კუჭი, ნაწლავები, ურჩევენ, არ შეწყვიტონ რძის პროდუქტების მიღება. ეს ეხება იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ქრონიკული დაავადება ან არიან იმ ასაკში, რომ რძის პროდუქტების შეცვლა მცენარეული საკვებით ვერ ხერხდება. მათი შეწყვეტით რთულდება მონელების პროცესი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ საკვები უნდა იყოს კალორიული, რათა ორგანიზმმა არ იგრძნოს შიმშილი. გახსოვდეთ, საკვები უნდა მიიღოთ დაძინებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე.

ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალოდ:

აიღეთ ერთი კილოგრამი თაფლი, 200 მილილიტრი ზეითუნის ზეთი და ოთხი ცალი ლიმონი.
აქედან ორი ლიმონი კანგაცლილი, ორი კი – კანიანად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და კარგად აურიეთ თაფლსა და ზეითუნის ზეთში.
მოათავსეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
კარგად მოურიეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ეს არის ერთი კურსის სამყოფი დოზა. კურსი გრძელდება მანამ, სანამ ნარევი დამთავრდება. სასურველია, წლის განმავლობაში 4 ასეთი კურსი ჩატარდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა