მედიცინა

ნაღველკენჭოვანი დაავადებების მიზეზები და პროფილაქტიკა

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 08.04, 2023 წელი

ნაღველკენჭოვანი
დაავადებები
დაკოპირებულია

სტატისტიკურად, ქალებს 20-იდან 60 წლამდე ასაკში ნაღველკენჭოვანი დაავადება სამჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. თუმცა, ნაღველკენჭოვანი დაავადება ხანდაზმულ მამრებს უფრო ხშირად აღენიშნებათ. გარდა გენდერული განსხვავებისა, ქოლელითიაზის ჩამოყალიბების რისკის ფაქტორებია:

👉ჭარბი წონა და მკაცრი დიეტა - დიეტოლოგებმა და გასტროენტეროლოგებმა შეამჩნიეს, რომ თუ ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში წონაში 1,5 კილოგრამზე მეტს დაიკლებს კალკულოზური ქოლეცისტიტის ჩამოყალიბების რისკი საგრძნობლად იზრდება;

👉 მეტისმეტად ცხიმიანი საკვებით გატაცება ან სრულიად უცხიმო დიეტა კენჭების გაჩენას უწყობს ხელს. უჯრედისით მდიდარი საკვები ამ პრობლემისგან ნამდვილად დაგიცავთ;

👉 გენეტიკა - ეს პრობლემაც, ისევე როგორც მრავალი სხვა, მემკვიდრეობითია;

👉 ზოგიერთი ქრონიკული დაავადება. შაქრიანი დიაბეტის, მუკოვისციდოზის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს ნაღვლის ბუშტის პრობლემები უფრო ხშირად იჩენს თავს.

ჯერ ჩნდება ჭვალი...

ნაღველკენჭოვანი დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ეს მაშინ, როდესაც კონკრემენტი მშვიდად არის მოკალათებული ნაღვლის ბუშტში. ასეთი „ჩუმი“ ქვები, რომლებსაც უმეტესად შემთხვევით, ექოსკოპიური კვლევისას აღმოაჩენენ ხოლმე, მკურნალობას არ საჭიროებს.

მაგრამ კენჭები ყოველთვის მშვიდად არ გრძნობენ თავს: ისინი შესაძლოა დაიძრან და ნაღვლის კოლიკა ანუ ჭვალი გამოიწვიონ. ამ დროს ადამიანს აწუხებს ძლიერი შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის მიდამოში (ჭიპთან), რომელიც შესაძლოა, გავრცელდეს ზურგსა და მხარშიც. კოლიკა ზოგჯერ 15 წუთში გავლის, ზოგჯერ კი მთელი დღე გრძელდება. უმეტესად ტკივილის შეტევა რამდენიმე საათს გასტანს. ჭვალს ხშირად თან სდევს გულისრევის შეგრძნება და პირღებინება.

კენჭების გაჭედვა და მიგრაცია ნაღვლის ბუშტის კედლის გაღიზიანებას იწვევს და ქოლეცისტიტამდე მივყავართ. თუ ბუშტის სანათური ქვამ დააცო, ძლიერი ტკივილი ერთბაშად აღმოცენდება, იმატებს სხეულის ტემპერატურა, ლეიკოციტების მაჩვენებელი. ამ დროს, წესისამებრ, აუცილებელია ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება. შესაძლოა, ოპერაციული ჩარევაც კი გახდეს საჭირო.

თუ კონკრემენტი სანაღვლე სადინარში გაიჭედა, ვითარდება ქოლანგიტი. ამ დროს, გარდა ქოლეცისტიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკისა (ტკივილი, ტემპერატურის მომატება და სხვა), ხშირად იჩენს თავს სიყვითლე. მკურნალობა ამ შემთხვევაში უპირატესად ოპერაციულია.

კიდევ ერთი გართულება, რომელსაც „მოსეირნე“ ქვები იწვევს, პანკრეატიტია. ამ დროს კენჭი გაცილებით შორს მიდის: ნაღვლის სადინარიდან აღწევს პანკრეასის სადინარში, რომელიც, სანაღვლე სადინარის მსგავსად, წვრილი ნაწლავის დასაწყისში იხსნება.

ექიმს დაუყოვნებლად მიმართეთ, თუ შეამჩნიეთ შემდეგი სიმპტომები:

👉მუცლის ძლიერი ტკივილი უპირატესად მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ან ჭიპთან;

👉კანისა და სკლერების სიყვითლე;

👉 მუქი შარდი;

👉მაღალი ტემპერატურა და შემცივნების შეგრძნება.

გაღიზიანებული ნაღვლის ბუშტის დასაამებლად მენიუს შერჩევა განსაკუთრებული სიფრთხილით მოგიწევთ.

რეკომენდებულია:

👉წინა დღის, კარგად გამომშრალი თეთრი პური;

👉ბოსტნეულისა და ბურღულის წვნიანი;

👉 საქონლის, ფრინველის მჭლე ხორცი და თევზი;

👉მოხდილი რძის პროდუქტები;

👉 ბოსტნეული, კენკრა.

იკრძალება:

👉 ახალი, თბილი პური, ქადა-ნაზუქი, ფუნთუშები;

👉 ხორცის, ქათმისა და სოკოს წვნიანი;

👉ცხიმიანი ხორცი, განსაკუთრებით – ღორისა და ცხვრისა;

👉შაშხი, კონსერვები;

👉ნაღები, ცხიმიანი რძე;

👉ბარდა, მჟაუნა, ბოლოკი, პრასი, ნიორი, მწნილი;

👉შოკოლადი, კრემიანი ნამცხვარი, ნალექიანი ყავა, კაკაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა