მედიცინა

ნაბახუსევის გამკლავების მეთოდები

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ნაბახუსევი
დაკოპირებულია

ნაბახუსევის ნიშნები მაშინ იჩენს თავს, როდესაც სისხლში ალკოჰოლის დონე მკვეთრად ეცემა. პიკი უმეტესად თრობის მეორე დილითაა.

მოსალოდნელია:

* სისუსტე, გადაღლილობის შეგრძნება; პირის სიმშრალე და ძლიერი წყურვილი;

* თავისა და კუნთების ტკივილი;

* გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი;

* ცუდი ძილი;

* ხმაურსა და სინათლეზე მგრძნობელობის მომატება;

* თავბრუ და ოთახის ტრიალის შეგრძნება;

* კანკალი;

* გულისცემის გახშირება;

* კონცენტრირების უნარის დაქვეითება;

*დეპრესიული განწყობა, შფოთვა, გაღიზიანებადობა.

რა იწვევს ნაბახუსევს

მიზეზი ჭარბი ალკოჰოლია, თუმცა „ჭარბი” პირობითი ცნებაა, რადგან ზოგისთვის ეს შესაძლოა, ერთი ჭიქა იყოს, ზოგისთვის კი – რამდენიმე ლიტრი. შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ალკოჰოლის დალევას ნაბახუსევი საერთოდ არ მოჰყვეს.

ნაბახუსევის განვითარების მექანიზმი რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება: ალკოჰოლი ასტიმულირებს შარდის წარმოქმნას, ჭარბი შარდვა კი იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას), რაც გამოიხატება ძლიერი წყურვილით, თავბრუსხვევით, გაბრუებით. ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ხელს უწყობს კუჭის მჟავების დიდი რაოდენობით გამოყოფას და აფერხებს კუჭის დაცლას. ამ ფაქტორებიდან ნებისმიერს შეუძლია გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ალკოჰოლს შეუძლია, გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის სწრაფი ვარდნა, რაც გამოვლინდება დაღლილობის შეგრძნებით, სისუსტით, კანკალით, უგუნებობით და გონების დაკარგვითაც კი. ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს, რაც თავის ტკივილს იწვევს. ალკოჰოლი ძილს ჰგვრის, თუმცა ხელს უშლის ძილის ღრმა ფაზაში გადასვლას. ადამიანი სათანადოდ ვერ ისვენებს და ახალგაღვიძებულსაც კი დაქანცულობისა და სისუსტის შეგრძნება აქვს.

არსებობს მედიკამენტური საშუალებები, რომლებსაც ნაბახუსევის თავიდან აცილების უნარს მიაწერენ. ასეთებია ასპირინი, იბუპროფენი. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მათ მართლაც შეუძლიათ უსიამოვნო სიმპტომების პრევენცია. მაგრამ ერთადერთი 100 პროცენტით საიმედო გზა ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებაა. თუ მაინც მიიღებთ, მიიღეთ ზომიერად. ზომიერება ნიშნავს, რომ 65 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მამაკაცს შეუძლია, მიიღოს დღეში არა უმეტეს 2 ჭიქა ალკოჰოლისა, ხოლო ნებისმიერი ასაკის ქალს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცს – არა უმეტეს ერთისა. თუმცა, სხვადასხვა სახის ალკოჰოლიანი სასმლისთვის განკუთვნილი სტანდარტული ჭიქების ტევადობა სხვადასხვანაირია. მაგალითად, ღვინის სტანდარტული ჭიქის ტევადობა 150 მილილიტრია, ლუდის ჭიქისა – 350 მილილიტრი, ხოლო დისტილირებული (გამოხდილი) სპირტიანი სასმელების (ჯინი, არაყი, ტეკილა, რომი, ვისკი) ჭიქისა – 45 მილილიტრი. რაც უფრო ნაკლებ ალკოჰოლს მიიღებთ, მით უფრო მცირე იქნება ნაბახუსევის განვითარების ალბათობაც.

ნაბახუსევის თავიდან აცილებაში კი, ასევე, შეიძლება, დაგვეხმაროს:

* ჭამეთ დალევამდე და სმის დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალკოჰოლი უფრო ადვილად და სწრაფად შეიწოვება ცარიელ კუჭზე.;

* ფრთხილად შეარჩიეთ სასმელი – რაც უფრო ნაკლებია მასში კონგენერების შემცველობა, ნაბახუსევის ალბათობაც მით უფრო მცირეა, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ მისი გამოწვევა ნებისმიერი სახის ალკოჰოლურ სასმელს შეუძლია;

* შუალედებში სვით წყალი. კარგი იქნება, თუ ყოველ ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს თითო ჭიქა წყალს დააყოლებთ – ეს თავიდან აგაცილებთ ორგანიზმის დეჰიდრატაციას და მიღებული ალკოჰოლის რაოდენობასაც შეამცირებს;

* დაადგინეთ ალკოჰოლის თქვენეული ზღვარი. კარგი იქნება, თუ წინასწარ გადაწყვეტთ, რამდენი ჭიქა სასმლის დალევას აპირებთ და ეცდებით, ამ რაოდენობას არ გადააჭარბოთ;

* სვით ნელა. რაც უფრო ნელ-ნელა მოწრუპავთ სასმელს, მით უკეთესი. კარგი იქნება, თუ საათში ერთ ჭიქაზე მეტს არ მიიღებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი