მრავალძარღვას გასაოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
მრავალძარღვა ხალხურ და ნაწილობრივ სამეცნიერო მედიცინაში მრავალი სამკურნალო თვისებითაა ცნობილი.
მრავალძარღვას ფოთლები, თესლი და წვენი გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
სამკურნალო თვისებები:
• ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – ამცირებს კანისა და ლორწოვანი გარსების ანთებას;
• ჭრილობების შეხორცება – ფოთლების წვენი ან დაჭყლეტილი ფოთოლი ხელს უწყობს ჭრილობების, ნაკაწრებისა და დამწვრობის სწრაფ შეხორცებას;
• ანტიბაქტერიული ეფექტი – აფერხებს ზოგიერთი ბაქტერიის გამრავლებას;
• ხველის შემამსუბუქებელი – გამოიყენება ბრონქიტის, ხველისა და ყელის გაღიზიანების დროს, როგორც ნახველის გამათხელებელი და ლორწოვანი გარსის დამარბილებელი საშუალება;
• კუჭ-ნაწლავის მოქმედება – კარგია გასტრიტის, კუჭის მსუბუქი გაღიზიანებისა და ფაღარათის დროს;
• სისხლდენის შემაჩერებელი – ტრადიციულად გამოიყენება მცირე სისხლდენისას;
• ალერგიის სიმპტომების შემსუბუქება – ამცირებს ქავილსა და შეშუპებას მწერის ნაკბენზე;
• შარდმდენი მოქმედება – ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.
მრავალძარღვა გამოიყენება სხვადასხვა ფორმით: ახალი ფოთლის დადება კანზე, ფოთლების ნაყენი ან ჩაი, მცენარის წვენი.
მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, მრავალძარღვას გამოყენებამდე სასურველია ექიმთან ან ფიტოთერაპევტთან კონსულტაცია, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების, ორსულობის ან მედიკამენტების პარალელური მიღების შემთხვევაში.
1. მრავალძარღვას ჩაი (კუჭისა და სასუნთქი გზებისთვის) 1 სადილის კოვზ გამხმარ ან ახალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 10–15 წუთი. გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 2–3-ჯერ, ჭამის წინ. გამოიყენება ხველის, ბრონქიტის, გასტრიტის დროს.
2. ახალი ფოთლის გამოყენება ჭრილობებზე: კარგად გარეცხეთ ახალი ფოთოლი, ოდნავ დაჭყლიტეთ ხელით ან კოვზით, ისე, რომ წვენი გამოუშვას. დაიდეთ ჭრილობაზე, ნაკაწრზე, მწერის ნაკბენზე ან დამწვრობაზე. შეცვალეთ დღეში 2–3-ჯერ.
3. მრავალძარღვას წვენი (იმუნიტეტისა და კუჭისთვის): ახალი ფოთლები დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში. გაწურეთ მარლით. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. შეგიძლიათ, შეურიოთ ცოტაოდენი თაფლი.
4. ნაყენი ხველისა და ყელის ტკივილისთვის: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ახალ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა ცხელი (არა მდუღარე) წყალი, დააყენეთ 30 წუთით და შემდეგ გადაწურეთ. გამოიყენეთ სავლებად ან დალიეთ მცირე ყლუპებით დღის განმავლობაში.
5. მალამო კანის პრობლემებისთვის: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ახალ ფოთლებს შეურიეთ 100 გრამი ნატურალური კარაქი ან ვაზელინი. შეათბეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი, არ აადუღოთ. გააცივეთ და შეინახეთ მაცივარში. წაისვით ეგზემის, ბზარების, სიმშრალის ან მცირე ანთების დროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





