მედიცინა

მოუსვენარი ფეხების სინდრომის შესახებ

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.10, 2022 წელი

მოუსვენარი ფეხები
დაკოპირებულია

მოუსვენარი ფეხების სინდრომი მდგომარეობაა, რომელიც ფეხების მუდმივი მოძრაობის დაუოკებელი სურვილით გამოიხატება. ამის მიზეზი ფეხებში გაჩენილი უსიამოვნო შეგრძნებაა. ეს შეგრძნება უმეტესად საღამოობით ან ღამღამობით ჩნდება, ჯდომის ან წოლის დროს. მოძრაობა მას მხოლოდ დროებით ამსუბუქებს.

ამ შეგრძნებას შეიძლება ახლდეს:

👉დისკომფორტი მოსვენების, მაგალითად, ავტომანქანაში, თვითმფრინავში, კინოთეატრში რამდენიმე საათი ჯდომის შემდეგ;

👉 უსიამოვნო შეგრძნების შემსუბუქება მოძრაობის – ფეხების გაჭიმვის, აქანავების, სიარულის – შედეგად;

👉 სიმპტომების დამძიმება საღამოობით, ღამით;

👉ფეხების უნებლიე დაჭიმვა ღამით. ზოგჯერ მოუსვენარი ფეხების სინდრომი ასოცირდება სხვა, უფრო გავრცელებულ მდგომარეობასთან, რომლისთვისაც ძილში კიდურების პერიოდული მოძრაობაა დამახასიათებელი. ამ მოძრაობებმა შესაძლოა, კიდურების კრუნჩხვაც გამოიწვიოს.

მოუსვენარი ფეხების სინდრომმა შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, ბავშვობაშიც კი. ასაკთან ერთად მისი გამოვლენის სიხშირე იმატებს. ის ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან.

სინდრომი სხვა სამედიცინო პრობლემასთან იშვიათად არის დაკავშირებული, თუმცა გამორიცხული არ არის, თან ერთვოდეს:

👉პერიფერიულ ნეიროპათიას. ამ დროს უმთავრესად მტევნებისა და ტერფების ნერვული დაბოლოებები ზიანდება რომელიმე ქრონიკული დაავადების, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, ალკოჰოლიზმის გამო;

👉რკინის დეფიციტს. მას მოუსვენარი ფეხების სინდრომის გამწვავება შეუძლია. თუ ოდესმე გადაგიტანიათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გაქვთ ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა ან ხშირად გასცემთ სისხლს სისხლის ბანკისთვის, შესაძლოა რკინის დეფიციტი გქონდეთ;

👉თირკმლის უკმარისობას. მას ხშირად რკინის დეფიციტიც ახლავს თან. ორგანიზმში ამ დროს მიმდინარე ბიოქიმიურმა ცვლილებებმა შესაძლოა; დაამძიმოს მოუსვენარი ფეხების სინდრომი;

👉ზურგის ტვინის დაზიანებას. მოუსვენარი ფეხების სინდრომი ზოგჯერ ზურგის ტვინის დაზიანებასთან არის გადაჯაჭვული. ვარაუდობენ, რომ სპინალურ ანესთეზიას შეუძლია გაზარდოს ამ სინდრომის განვითარების რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ მოუსვენარი ფეხების სინდრომი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და არც მძიმე გართულებებს იწვევს, მას შეუძლია, გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაგვაგდოს. ამ სინდრომის მქონეთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს დაძინებას, გამოძინებას, ძილის დეფიციტი კი, თავის მხრივ, მოთენთილობას, ენერგიის ნაკლებობას, კონცენტრირების უნარის დაქვეითებას და სხვა პრობლემებს იწვევს. სინდრომის რთულმა ფორმებმა ადამიანი შესაძლოა დეპრესიამდეც კი მიიყვანოს.

მოუსვენარი ფეხების სინდრომს შეგვიმსუბუქებს ან აგვაცილებს მის გამწვავებას, თუ გავითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს:

👉 თბილმა აბაზანამ და მასაჟმა შესაძლოა, ფეხის კუნთები მოადუნოს და მდგომარეობა შეამსუბუქოს;

👉 თბილი და გრილი საფენების მონაცვლეობამ შესაძლოა, შეასუსტოს ფეხებში არსებული უსიამოვნო შეგრძნებები;

👉ძილის სწორმა რეჟიმმა შესაძლოა, თავიდან აგვაცილოს მოუსვენარი ფეხების სინდრომით გამოწვეული ძილის დარღვევები. ეცადეთ, იძინოთ სიგრილესა და სიწყნარეში, დასაძინებლად დაწვეთ ერთსა და იმავე დროს და დილაობითაც ერთსა და იმავე დროს ადგეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა