მკურნალობა ასკილით
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.04, 2021 წელი

ასკილის ჯანმრთელობისთვის:
ასკილის ნაყენი და ნახარში ეფექტურად გამოიყენება ჰიპოვიტამინოზისა და ავიტამინოზის სამკურნალოდ.
ამ მიზნით, ერთ ჭიქა ასკილის ნაყენს შეგვიძლია, ერთი სადილის კოვზი თაფლი და 10-15 წვეთი ლიმონის წვენი დავუმატოთ. ეს წვენი დაგეხმარებათ გრიპის, გაციებისა და ქრონიკული ბრონქიტის დროს. ის, ასევე, ეფექტურია ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, ნერვული დაავადებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის სამკურნალოდ.
ასკილის ნახარში გამოგადგებათ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ის ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას გაციების დროს. სასარგებლო ნაყენის მოსამზადებლად ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი დაფქვით და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5-10 წუთი, 2-3 საათი გააჩენეთ და გადაწურეთ. ეს ნახარში შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3- ჯერ, ნახევარი ჭიქის ოდენობით.
ასკილის ნაყენი გამოიყენება თირკმლებში მიმდინარე ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდაც. 20 გრამ დანაყულ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 12 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ. ეს ნაყენი შეგიძლიათ, დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქის ოდენობით მიიღოთ.
ასკილი გამოირჩევა მატონიზებელი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი, შარდმდენი, ანტისკლეროზული თვისებებით. ის ამაგრებს ძარღვების კედლებს, დადებითად მოქმედებს პოტენციაზე, აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფად შეხორცებას.
ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტის შემთხვევაში შეგიძლიათ, მიიღოთ ასკილის ნაყოფის წვენი.
გასტრიტის, ცისტიტის, სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, ბრონქიტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ნევროზის დროს, სამი სადილის კოვზი დანაყული ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ თერმოსში, დაამატეთ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ ერთი ღამე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, თბილი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. გაითვალისწინეთ, რომ ნაყენი გრილ ადგილას უნდა შეინახოთ.
ასკილის ნაყოფისგან მიიღება ზეთი, რომელსაც გარეგანად იყენებენ ტროფიკული წყლულების, ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ის არაჩვეულებრივი საშუალებაა ჭრილობების შესახორცებლად, სასარგებლოა მშრალი კანისთვისაც. ამისთვის, რამდენიმე წვეთი ზეთი მსუბუქად შეიზილეთ სუფთა კანში.
ზეთის მოსამზადებლად გამოშრობილ ნაყოფს გააცალეთ თესლი, აქციეთ რბილობი ფხვნილად და შეურიეთ ზეითუნის ან მცენარეულ ზეთს: 1 წილი ასკილი 3 წილ ზეთზე. შემდეგ დააყენეთ მუქ ჭურჭელში 2 კვირით და პერიოდულად შეანჯღრიეთ ხოლმე. შემდეგ გადაწურეთ, გადაანაწილეთ მოსახერხებელ ფლაკონებში და შეინახეთ მაცივრში.
ინფექციური დაავადებებისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს დაამზადეთ ასკილის ნაყენი: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ, გამომშრალ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ შეფუთეთ და დააყოვნეთ ღამით. გადაწურეთ და მიიღეთ თაფლთან ერთად დღის განმავლობაში.
ასკილის ნაყენს იყენებენ სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთადაც, როგორიცაა კუნელისა და გარგარის ჩირის ნახარში. პოდაგრის სამკურნალოდ ასკილის ნახარშს ვაშლის ჩირის ნახარშთან ერთად სვამენ, ის ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას უწყობს ხელს.
ვიტამინებმა სასარგებლო თვისებები რომ შეინარჩუნოს, აუცილებელია, ასკილის ნაყოფი დროულად შევაგროვოთ, სწორად გავამშრალოთ და სათანადო პირობებში შევინახოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ასკილი შემოდგომით, შეწითლებული, დარბილებამდე უნდა დავკრიფოთ და არა მწვანე ფერის, რომელშიც ჯერ კიდევ არ არის დაგროვილი სასარგებლო ნივთიერებები.
ასკილი ყინვამდე უნდა დაიკრიფოს, რადგან ყინვა მის ნაყოფს ვიტამინებს აკარგვინებს. ახალდაკრეფილი ასკილის ნაყოფი მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ-ჩრდილში გავაშროთ და თავდახურულ ჭურჭელში შევინახოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან