მეხსიერების პრობლემები ოპერაციის შემდეგ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

პოსტოპერაციული გონებრივი დარღვევები, რომლებიც ასევე, ცნობილია, როგორც პოსტოპერაციული კოგნიტური დისფუნქცია, სერიოზული და ხშირი გართულებაა, რომელიც შეიძლება, განვითარდეს ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. ეს არ არის უბრალო „დაბნეულობა“, არამედ კომპლექსური მდგომარეობაა, რომელიც ზოგჯერ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე.
რა არის პოსტოპერაციული კოგნიტური დისფუნქცია – მას ახასიათებს გონებრივი ფუნქციების დაქვეითება ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ეს შეიძლება იყოს:
* მეხსიერების პრობლემები: პაციენტს უჭირს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება ან ავიწყდება უახლესი მოვლენები;
* ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები: პაციენტი ვერ ახდენს ფოკუსირებას, ადვილად ეფანტება ყურადღება;
* დაბნეულობა: პაციენტს არ ახსოვს, სად არის, რომელი წელიწადის დროა ან ვინ არის;
* აზროვნების შენელება: უჭირს აზრების გამოხატვა და ათვისება.
აღსანიშნავია, რომ POCD-ს სიმპტომები შეიძლება, გამოვლინდეს როგორც ოპერაციიდან რამდენიმე საათში, ასევე რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. ხანდაზმულ პაციენტებში ეს რისკი უფრო მაღალია.
რა იწვევს პოსტოპერაციულ გონებრივ დარღვევებს?
ამ მდგომარეობის ზუსტი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განიხილება:
* ანესთეზია: ანესთეზიის დროს გამოყენებულ მედიკამენტებს შეუძლია დროებით იმოქმედოს ტვინის ფუნქციებზე;
* ანთებითი რეაქცია: ქირურგიული ჩარევის დროს ორგანიზმი განიცდის სტრესს და ვითარდება ანთებითი რეაქცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტვინის ქსოვილზე;
* ჟანგბადის მიწოდების დარღვევა: ოპერაციის დროს, ზოგჯერ, ტვინს ჟანგბადი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება, რაც მის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს;
* არსებული დაავადებები: თუ პაციენტს ოპერაციამდე აქვს გულის, ფილტვების ან თირკმლის ქრონიკული დაავადებები, დისფუნქციის განვითარების რისკი იზრდება.
მკურნალობა და პრევენცია
მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმესა და გამომწვევ მიზეზზე. ხშირ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში მდგომარეობა თავისით უმჯობესდება. თუმცა, უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს:
* ფსიქიატრისა და ნევროლოგის ჩართვა: განსაკუთრებით, თუ პაციენტს უვითარდება ჰალუცინაციები ან სხვა მძიმე ფსიქიკური სიმპტომები;
* კოგნიტური რეაბილიტაცია: გონებრივი ვარჯიშები, რომლებიც მეხსიერების, ყურადღებისა და აზროვნების უნარების აღდგენას უწყობს ხელს;
* ფიზიკური დატვირთვა: როგორც ცნობილია, ზომიერი ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას.
* ცხოვრების ჯანსაღი წესი: ოპერაციამდე ჯანსაღი კვება, ფიზიკური და გონებრივი ვარჯიში, სრულფასოვანი ძილი დაეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში;
* ექიმთან კონსულტაცია: თუ ოპერაციამდე გაქვთ მეხსიერებასთან ან აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებლად ესაუბრეთ ექიმს.
იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ პოსტოპერაციული გონებრივი დარღვევები, არსებობს რამდენიმე ზოგადი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდეგ:
ოპერაციამდე
* ესაუბრეთ ექიმს: აუცილებლად აცნობეთ მას, თუ გაქვთ რაიმე სახის მეხსიერების ან აზროვნების პრობლემა. ასევე, თუ მოიხმართ რაიმე მედიკამენტს ან ალკოჰოლს;
* ჯანსაღი ცხოვრების წესი: ოპერაციამდე ეცადეთ, იკვებოთ ჯანსაღად, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი და იძინოთ, მინიმუმ, 7-8 საათი;
* ფიზიკური დატვირთვა: თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, ივარჯიშეთ რეგულარულად. ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში და ამცირებს ანთებას.
ოპერაციის შემდეგ
* გააგრძელეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი: ოპერაციის შემდეგაც, აუცილებელია ჯანსაღი კვება და ფიზიკური დატვირთვა;
* გონებრივი ვარჯიშები: იმისათვის, რომ დაიბრუნოთ აზროვნების სიმკვეთრე, გაერთეთ კროსვორდებითა და სკანვორდებით, ამოხსენით თავსატეხები, წაიკითხეთ წიგნები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან