მედიცინა

ლეღვის სამკურნალო თვისებები

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.09

ლეღვი
დაკოპირებულია

თუ შიმშილის გრძნობა გაწუხებთ და რაც მთავარია, დაღლილი ხართ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ლეღვი. ის უნიკალურად ანაყრებს, ამასთან, ენერგიითა და ხალისით ავსებს ადამიანს. ბევრი ხილისაგან განსხვავებით ლეღვი არ იწვევს წყურვილს. სწორედ ამ თვისებათა გამო ალექსანდრე მაკედონელის საომრად წასულ მებრძოლებს, თურმე, ყოველთვის ჰქონდათ თან ბუნების ეს საოცრება. ძალთა მოზღვავების, წყურვილის მოკვლისა და დანაყრების მიზნით მეომრები შეტაკებების შემდეგ ყოველთვის მიირთმევდნენ ლეღვს. ლეღვით მკურნალობენ მოწამვლებს, რადგანაც ის ხელს უწყობს კუჭის ფუნქციობის ნორმალიზებას, აქტიურად ასტიმულირებს ღვიძლსა და თირკმელებს.

ლეღვი სასარგებლოა ანგინის დროს. ამისთვის ის ცხელ რძეში უნდა მოხარშოთ. დაახლოებით, 5-6 ცალი ლეღვი ორ ჩაის ჭიქა რძეში ადუღოთ იმდენ ხანს, რომ ნახევარზე ცოტა ნაკლები რძე აორთქლდეს. მეოთხედი ჭიქა ნახარში ყლუპ-ყლუპად უნდა მიირთვათ დღეში რამდენჯერმე. ყელის ტკივილი უმალ დაგიამდებათ და ხმის ჩახლეჩაც უკან დაიხევს. აღნიშნული საშუალება ხსნის ხველას, აქვს აგრეთვე, სიცხის დამწევი მოქმედება. მშრალი ხველის დროს აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე და მასში 4 ცალი მწიფე ლეღვი მოხარშეთ. ამის შემდეგ ნაყოფი კარგად გასრისეთ და მიირთვით თბილი, სამ ჯერზე. ლეღვი რეკომენდებულია ტაქიკარდიისა და თრომბოზებისადმი მიდრეკილების მქონე პირთათვის. ასევე ანემიებითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. ლეღვი სასარგებლოა ბრონქული ასთმის დროსაც. მცენარის მწიფე ნაყოფი მდიდარია კალიუმით, რომლის ნაკლებობაც ორგანიზმში ჩონჩხისა და გულის კუნთის მუშაობის დარღვევებს განაპირობებს. კალიუმის მწვავე დეფიციტმა შესაძლოა, დასაბამი მისცეს მწვავე ნევრალგიას. ლეღვში უხვადაა რკინა. მისი უგემრიელესი ნაყოფი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ლეღვის სიროფი შესანიშნავი საფაღარათო საშუალებაა. უმნიშვნელო ჭრილობების შესახორცებლად, ნახეთქებისა და სიმსივნური წარმონაქმნების დასარბილებლად გამოიყენება მწიფე ნაყოფის ფაფა. ამ უნიკალური თვისებების გამო ლეღვისგან იაპონელმა სწავლულებმა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატიც კი შექმნეს. ლეღვის ფოთლებისგან გამოყოფილ ეთერზეთს აქვს ბაქტერიოციდული, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ლეღვის ენერგეტიკული ღირებულება 300 კილოკალორიაა 100 გრამზე.

ახალდაკრეფილ ლეღვს, პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეს ხილი უკუნაჩვენებია მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე, იმ პირებისათვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიები ან პოდაგრა აწუხებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მექსიკელი მეცნიერებისა და ექიმების მტკიცებით, ლეღვი არ არის უკუნაჩვენები მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგანაც ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ყველა დანარჩენი უკუჩვენება უკავშირდება ლეღვის ჩირის (ანუ გამომშრალი ხილის) საკვებად გამოყენებას, რადგანაც ეს უკანასკნელი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს.

ეს უნდა ვიცოდეთ:

• ლეღვის ჭამა განსაკუთრებით სასარგებლოა უზმოზე;

• ლეღვი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომისგან თავდასაღწევად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა