მედიცინა

ყველაფერი კვებით ინტოქსიკაციაზე

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.02, 2024 წელი

ინტოქსიკაცია
დაკოპირებულია

კვებით ინტოქსიკაციას მიკრობები, ბაქტერიები და ვირუსები იწვევენ. მათ შორის უფრო გავრცელებულია:

სალმონელა – ჩვეულებრივ, ასოცირდება ცხოველურ პროდუქტებთან, როგორიცაა ქათამი, კვერცხი და რძე, მაგრამ სალმონელას გადატანა უმ ბოსტნეულსა და წყალსაც კი შეუძლია. სალმონელოზის სიმპტომები იცვლება მსუბუქი გასტროენტერიტიდან უფრო მძიმე და გახანგრძლივებულ დიარეამდე.

E. coli – ძირითადად, არასაკმარისად მოხარშულ საქონლის ხორცთან ასოცირდებოდა, მაგრამ ის შესაძლოა, გავრცელდეს წყლის საშუალებითაც. სიმპტომებია გულისრევა, დიარეა, ზოგჯერ სისხლიანი დიარეა, რაც E. coli-ის ტიპზეა დამოკიდებული.

კამპილობაქტერია – ამ ბაქტერიამ შესაძლოა, გამოიწვიოს მაღალი სიცხე, ართრიტი და გილენ-ბარეს სინდრომი, პროგრესირებადი სისუსტე. ყველაზე ხშირად, ინფექციები და შემდგომი დაავადებები გამოწვეულია დაბინძურებული ფრინველის პროდუქტების მოხმარებით.

შიგელა – როგორც წესი, გადადის ბოსტნეულის მეშვეობით, ასევე ვარაუდობენ, რომ მის გადატანაში ბუზებსაც შეიძლება, ჰქონდეთ როლი. სიმპტომები მოიცავს მუცლის კრუნჩხვებს და სისხლიან განავალს. ამ ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია შეიძლება, გამოიხატოს ცხელებითაც.

ლისტერია – ლისტერიის ეპიდემიები დაკავშირებულია ნედლი, არაპასტერიზებული რძის და არაპასტერიზებული რძისგან დამზადებულ პროდუქტებთან, უმი ან ცუდად მოხარშული ფრინველისა და ზღვის პროდუქტებთან. სხვა საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციის მსგავსად, ლისტერიის ინფექციამ შესაძლოა, გამოიწვიოს დიარეა და ცხელება. ეს ინფექცია განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის და შეიძლება გამოიწვიოს მკვდრადშობადობა, მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა ან ახალშობილისთვის სიცოცხლისათვის საშიში ინფექცია.

ბოტულიზმი – კვებითი მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიზეზია ბოტულიზმი, რომელიც ყველაზე ხშირად ასოცირდება არასწორად დაკონსერვებულ ბოსტნეულთან, ღორის ხორცთან და ლორთან. ეს ბაქტერია აწარმოებს ნეიროტოქსინს, რომელიც იწვევს დამბლას. პარალიზის გარდა, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სხეულის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, სისუსტეს და ყლაპვის უუნარობას. ადამიანებს, რომლებსაც დაუყოვნებლივ არ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა, სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ.

ნაწლავის ვირუსები – როგორიცაა ნოროვირუსი და A ჰეპატიტი, დაკავშირებულია საკვებით მოწამვლის გავრცელების მზარდ რაოდენობასთან. გარდა დიარეისა, ადამიანებს ჩვეულებრივ აქვთ ღებინებაც. ნოროვირუსის გავრცელება დაკავშირებულია მრავალფეროვან საკვებთან, მათ შორის მოლუსკებთან. A ჰეპატიტის გავრცელება, როგორც წესი, შესაძლოა, მიუთითებდეს საკვების უვნებლობის დაუცველობას. A ჰეპატიტის ინფექციამ შეიძლება, გამოიწვიოს გულისრევა, სისუსტე და სიყვითლე, ხანდაზმულ ადამიანებში კი – უფრო მძიმე დაავადებები.

Staphylococcus Aureus – სტაფილოკოკური მოწამვლა გამოწვეულია ბაქტერია Staphylococcus aureus-ის მიერ წარმოქმნილი ტოქსინებით დაბინძურებული საკვების მიღებით. ბაქტერიების მატარებელ პროდუქტებს შეუძლიათ გამოიწვიონ ინტოქსიკაცია არასათანადო ან არასაკმარისი ტემპერატურული დამუშავების გამო, რითაც ორგანიზმში ტოქსინების გაზრდილი რაოდენობა ხვდება. დაბინძურებული საკვების მიღებიდან სიმპტომები საკმაოდ სწრაფად იწყება – 30 წუთიდან 8 საათამდე. უფრო ხშირად დამნაშავე მაიონეზი და ნაღებია, თუმცა ამ ტიპის ინტოქსიკაციის გამომწვევი, ასევე, შეიძლება იყოს ხორცი და კვერცხი. მთავარი სიმპტომია ღებინება, რომელიც ჩვეულებრივ 24 საათზე ნაკლებს გრძელდება. თან ახლავს მუცლის კრუნჩხვები და დიარეა.

პრევენციისთვის:

* მაცივარში ყოველთვის ცალ-ცალკე შეინახეთ უმი და მოხარშული საკვები. მაცივარში შენახული საკვები ჭამამდე კარგად გააცხელეთ;

* მოერიდეთ საკვებს, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს ინახება ოთახის ტემპერატურაზე;

* ფრთხილად იყავით მალფუჭებადი საკვების მიმართ და იმ შემთხვევებში, როდესაც არ იცით, თუ როდის მომზადდა საკვები და რამდენ ხანს ინახებოდა ის ნუ მიიღებთ მას;

* ცალ-ცალკე შეინახეთ საჭრელი დაფები ხორცისა და ბოსტნეულისთვის. გარეცხეთ დანები და ზედაპირები უმი ხორციდან უმ ბოსტნეულზე გადასვლისას ან პირიქით;

* საჭმლის მომზადებამდე კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და ცხელი წყლით და რა თქმა უნდა, საკვების მიღების წინ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა