მედიცინა

კვებითი ინტოქსიკაცია და ენტეროვირუსი

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.08, 2023 წელი

ინტოქსიკაცია
დაკოპირებულია

კვებითი ინტოქსიკაციები და კუჭ-ნაწლავის ინფექციები ზაფხულში განსაკუთრებით ხშირია.

უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტი ორგანიზმის ინტოქსიკაციისა და დასნებოვნების უმთავრესი წყაროა, რადგან აღნიშნული სახის საკვებში უხვად მრავლდება ტოქსინების (შხამების) გამომყოფი მიკრობები. ორგანიზმში საკვებ პროდუქტთან ერთად მოხვედრისას ეს მიკრობები კუჭსა და ნაწლავებში სერიოზულ ანთებას იწვევენ. შემდგომ პათოგენური მიკროორგანიზმები სისხლში ხვდება და იქიდან ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებზე. ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება ღვიძლს, გულსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

ინფიცირების მიზეზი ხშირად მალფუჭებადი საკვებია, რომლის შენახვის პირობები ზაფხულში უფრო რთულდება. ინტოქსიკაცია შესაძლებელია მოხდეს დაუმწიფებელი ნაყოფისგან, ქიმიური ნივთიერების საკვებში მოხვედრისგან, სხვადასხვა ისეთი საკვების ერთდროულად მირთმევის დროს, რომლებიც ვერ „ეწყობიან“ ერთმანეთს, მაგალითად, ცხიმიანი პროდუქტი და რძის ნაწარმი. ასევე, არ უნდა დაირღვეს ამა თუ იმ საკვების შენახვის პირობები, განსაკუთრებით, ხორცპროდუქტები უნდა ინახებოდეს შესაბამის, დაბალ ტემპტერატურაზე.

ინტოქსიკაციის სიმპტომებია: გულისრევა, პირღებინება, შემცივნება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. ჩვეულებრივ, განსაკუთრებული გართულების გარეშე, სიმპტომები გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში.

მოწამვლის შემდეგ პირველი და მთავარი დახმარება დიეტაა. თუ ინტოქსიკაციის შემდეგ ადამიანს ჯერ კიდევ არ აღუდგა მადა, ძალდატანებით ჭამა არასასურველია. ასეთ დროს საკმარისია სითხეების მიღება. სითხეები აუცილებელია არა მხოლოდ ორგანიზმის გაუწყლოების აღმოსაფხვრელად, არამედ მინერალებით მის შესავსებად. სითხეების მიღება გულისხმობს არა მხოლოდ ჩვეულებრივი წყლის დიდი რაოდენობით დალევას, არამედ მინერალურისაც (აუცილებლად გაზგასული და თბილი სახით). სასარგებლოა, აგრეთვე, მცენარეთა ნაყენების მიღებაც, კერძოდ, ჩირისაგან მომზადებული კომპოტების, მწვანე ჩაის, ასკილის, კრაზანას, შავი მოცხარისა და მაყვლის ნაყენების. ინტოქსიკაციის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში რეკომენდებულია შემდეგი საკვები:

•წყალზე მომზადებული ფაფები (ბრინჯის, შვრიის, სიმინდისა და წიწიბურასი);

•ქათმის ბულიონი;

•უცხიმო ხორცი (კურდღლის, ფრინველის);

•მოხარშული თევზი;

•ხრაშუნა პური (რუსულად – „ხლებცი“);

•ვაშლისა და სტაფილოს პიურეები;

•ბოსტნეულის წვნიანები;

•კარტოფილის პიურე კარაქის გარეშე.

თუ პირღებინება არ წყდება და მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ უმჯობესდება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

რაც შეეხება ენტეროვირუსს, ის ვრცელდება ფეკალურ-ორალური და რესპირატორული გზით. მას ახასიათებს:

• გამონაყარი;

• ღიბინება;

• გაციება;

• კუნთების ტკივილი;

• ტემპერატურის მატება.

რადგან ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, პირველ რიგში, აუცილებელია მისი აღდგენა. პრევენციისთვის კი – პირადი ჰიგიენის დაცვა: ხელების გამდინარე წყლით ხშირად დაბანა, ზედაპირების დეზინფექცია, სასმელი წყლის სისუფთავეში დარწმუნება.

გაითვალისწინეთ:

• გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული გამდინარე წყალში, დიდი ხნის განმავლობაში, დაკვირვებით, შემდეგ კი კარგად გაამშრალეთ;

• მალფუჭებადი პროდუქტები – ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, საკონდიტრო ნაწარმი უნდა ინახებოდეს მაცივარში არა უმეტეს 6 გრადუსი ტემპერატურისა;

• ერთად არ უნდა ინახებოდეს უმი და მზა ნაწარმი;

• ხილ-ბოსტნეული შეინახეთ მშრალ ადგილას;

• საყინულედან გამოტანილი ხორცი გაალღვეთ მაცივარში, ან გამდინარე ცივ წყალში (შესაძლებელია, გაალღოთ მიკროტალღურ ღუმელში);

• დაამუშავეთ სტერილურად ის ზედაპირები, რომლებიც პროდუქტებს ეხება, ხშირად გამოცვალეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და ტილოები;

• ზაფხულის პერიოდში მაქსიმალურად მოერიდეთ დაკონსერვებულ პროდუქტს ან დაამუშავეთ თერმულად, მაღალ ტემპერატურაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა