მედიცინა

კვების მნიშვნელობა ფეხმძიმობის დროს

№51

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.12, 2023 წელი

ორსულობა
დაკოპირებულია

ორსულობის დროს მაღალმა შაქარმა და არაკონტროლირებადმა ნახშირწყლოვანმა ცვლამ შეიძლება, გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, ნაყოფის წონაში ზრდა და ნაადრევი მომწიფება. შესაძლოა იყოს ნაყოფის სხვა დარღვევებიც, მაგალითად, კარდიომიოპათია; შეიძლება მოხდეს ახალშობილის სისხლში შაქრის ვარდნა – ამ მდგომარეობას ნეონატალური ჰიპოგლიკემია ეწოდება. არ არის გამორიცხული, მოხდეს ორსულობის მაღალი წნევით მიმდინარე გართულება, ასევე, შეიძლება, განვითარდეს ჭარბწყლიანობა.

რაც უფრო მეტია წონა და ორსულობის დროს მატება წონაში, მით უფრო მეტია ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის რისკი. ორსულობის დროს, 20 კვირის შემდეგ, განსაკუთრებით მეორე ტრიმესტრში, პლაცენტა გამოყოფს ჰორმონებს, რომელიც ამატებს სისხლში ინსულინის დონეს, ხოლო, როცა ინსულინი იმატებს, ორსულებს თითქმის იგივე კლინიკური სურათი აქვთ, როგორიც არის ჩვეულებრივი ინსულინრეზისტენტობის დროს.

ინსულინრეზისტენტობა იწვევს ჭარბი წონისკენ მიდრეკილებას და ნახშირწყლოვანი ცვლის კიდევ უფრო მეტად დარღვევას, ანუ იკვრება ერთგვარი მანკიერი წრე.

თუ ქალის სისხლში გლუკოზის დონე უზმოდ 95-ს ასცდება და ჭამიდან ორი საათის შემდეგ 120-ს, მაშინ შაქრის მატება უკვე სცდება პლაცენტურ ბარიერს და მოქმედებს ბავშვის კუჭქვეშა ჯირკვალზე.

თუ ორსულობა დადგა ნორმალური წონის ფონზე, ანუ სხეულის მასის ინდექსი ორსულობამდე იყო ნორმალური – 25 და ნაკლები, მაშინ ორსულობაში უფრო მეტი წონის მატება შეიძლება – მაგალითად, მთელი ორსულობის განმავლობაში, საერთო ჯამში დასაშვებია დაახლოებით 14 კილოგრამამდე წონის მატება. ასეთი მატება არ მიიჩნევა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის რისკფაქტორად.

თუ ორსულობა დადგა მაღალი სმი-ს ფონზე და არის გაცხიმოვნება, მაშინ მთელი ორსულობის განმავლობაში საერთო წონის მატება არ უნდა აღემატებოდეს 7 კილოგრამს.

თუ არ არის ნორმალური სმი და არ არის გაცხიმოვნება, ანუ არის, უბრალოდ, ჭარბი წონა, გაცხიმოვნების გარეშე, მაშინ მატება 11 კილომდეა დასაშვები.

ჯანსაღი კვება თანაბრად საჭიროა როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. ორსულთა უმეტესობა წონის ჭარბ ნამატს უჩივის. ხშირად ამას სწორედ „ორმაგად ჭამის აუცილებლობით“ ხსნიან. ამით თავის დამშვიდებას არ გირჩევთ. საქმე ის არის, რომ დედის ჭარბი წონა, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს, მრავალი ორგანული გართულების რისკფაქტორიც არის, მათ შორის, მეტად სერიოზულისაც, ამიტომ აუცილებელია, ქალმა დაორსულებამდე მოიწესრიგოს წონა და ორსულობის დროსაც ყურადღებით აკონტროლოს ნამატი, ოღონდ არა შიმშილობით, არამედ სწორი კვებით. თუ ჯანსაღ, ბალანსირებულ საკვებს მიიღებთ, თქვენი პატარა დაზღვეული იქნება გართულებებისგან, თქვენ კი – ზედმეტი კილოგრამებისგან.

თქვენი საკვები მეტ ცილას და ნაკლებ ცხიმსა და შაქარს უნდა შეიცავდეს. მენიუდან ცხიმის სრულიად ამოღება არ შეიძლება – ის ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა და ტვინის ნორმალურ განვითარებას უწყობს ხელს. მისი რაოდენობა ქალის წონისა და ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

ბოსტნეული A და C ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, რკინასა და მაგნიუმს შეიცავს, ამიტომ ორსულის მენიუში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ხილი ორგანიზმს A და C ვიტამინებით, პოტასიუმითა და ბოჭკოთი ამარაგებს. განსაკუთრებით სასარგებლოა C ვიტამინით მდიდარი ხილი.

ხორცი და თევზი B ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი და ანემიის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ამასთან, ხორცი სავსეა ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ამინმჟავებით. ბევრია მასში რკინა და თუთიაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა