მედიცინა

ყურებში ხმაურის მიზეზი და გამოსავალი

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.02, 2023 წელი

ყურის ტკივილი
დაკოპირებულია

ყურებში ხმაურის მიზეზი შეიძლება, იყოს: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი, უცხო სხეული სასმენ მილში, სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები. გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება, გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ და სხვა მიზეზებმა.

ყურში წყლის ყურყურის შეგრძნების მიზეზია სითხის არსებობა დაფის ღრუში. ეს შეიძლება იყოს ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთებისა და ტრავმის შედეგი ან ბანაობის შემდეგ ყურში დარჩენილი წყალი. ყურების დაგუბების მიზეზი შეიძლება, იყოს შუა ყურის მწვავე ანთება, სასმენი ნერვის დაზიანება, ყურის ტრავმა, უცხო სხეული სასმენ მილში, ცხვირის ღრუში ადენოიდების გაღიზიანება. ხმაურის შეგრძნებას, ასევე, იწვევს ალკოჰოლი, კოფეინი, ზოგიერთი მედიკამენტი; ტყვიით, დარიშხანით, ვერცხლისწყლით მოწამვლა, არტერიული წნევის მომატება, ათეროსკლეროზი, ალერგია, ანემია, თირეოტოქსიკოზი, ცხელება, ნევროზი და სხვა პათოლოგიები.

ყურებში ხმაურის დროს მკურნალობის ეფექტი ხმაურის გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ამ დაავადებათა დიდი ნაწილი (არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, ოსტეოქონდროზი და სხვა) ქრონიკულია. შესაბამისად, ყურებში ხმაური მუდმივია, დროდადრო მცირდება, მერე კი ისევ ძლიერდება. ეფექტური მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას. სამწუხაროდ, დაავადებულთა დიდი ნაწილისთვის ყურებში ხმაური მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცევა და ძლიერ ცვლის მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ დახმარებას, ირგვლივ მყოფთა თანადგომას. ამ გზით ადამიანის ყურადღება შესაძლოა, სხვა რამეზე გადაერთოს და ხმაურის არასასიამოვნო შეგრძნებაც შესუსტდეს.

ყურებში ხმაური განსაკუთრებით შესამჩნევი და შემაწუხებელია ძილის წინ, როცა ოთახში სიჩუმეა. პაციენტს უჭირს ჩაძინება და დილაობით დაღლილი, გამოუძინებელი და გაღიზიანებული დგება, ეს კი ხმაურის გაძლიერებას იწვევს.

ამ არასასიამოვნო მდგომარეობის შესამსუბუქებლად კარგი იქნება, თუ შემდეგ რჩევებს გაითვალისწინებთ:

👉ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ადექით – ეს უმნიშვნელოვანესია ძილის მოსაწესრიგებლად;

👉რელაქსაცია და რეგულარული ვარჯიში აუცილებლად გაგიუმჯობესებთ ძილს. გაითვალისწინეთ, უშუალოდ ძილის წინ ვარჯიში სასურველი არ არის;

👉ერიდეთ დღისით ძილს, რათა ღამით დაძინება არ გაგიჭირდეთ;

👉დასაძინებლად მაშინ დაწექით, როცა გეძინებათ და არა მაშინ, როცა დაწოლის დროა, მაგრამ თავს ფხიზლად გრძნობთ;

👉ეცადეთ, იძინოთ 8 საათი მაინც;

👉თუ დაწოლიდან 20-30 წუთში არ დაგეძინათ, ადექით, სხვა ოთახში გადით და რაიმე მშვიდი მოქმედებით დაკავდით. მაგალითად, წაიკითხეთ წიგნი. საწოლს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდით, როცა ძილი მოგერევათ;

👉ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში არ დალიოთ ყავა ან ჩაი;

👉საძინებელი ოთახის ტემპერატურა ზომიერი უნდა იყოს – არც მეტისმეტად დაბალი და არც ზედმეტად მაღალი.

👉ძილის წინ ნუ უყურებთ ტელევიზორს, არც კითხვაა რეკომენდებული ეს ყურებში ხმაურს გააძლიერებს;

👉ეცადეთ, თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ. ეს შეამცირებს თავის სისხლძარღვთა სისხლსავსეობას და ხმაურიც ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა