ყურძნის სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.08
ყურძენი შეიცავს ვიტამინების სრულ ნაკრებს, მაგრამ განსაკუთრებით მდიდარია ასკორბინის მჟავით, კაროტინით, B ჯგუფის ვიტამინებით.
ფოსფორი და კალციუმი ძვლის სისტემასა და კბილებს ამაგრებენ. ყურძნის წვენი თავის შემადგენლობით ახლოსაა რძესთან და ვეგეტარიანელებისთვის მისი შემცვლელია.
როგორც ტკბილი წამალი, ყურძენი რეკომენდებულია გულისა და თირკმელების დაავადებების, ბრონქიტისა და ფილტვების ანთების, ნერვული აშლილობისა და ჰიპერტონიის დროს. ამასთან, ყურძნის სამკურნალო ეფექტი უფრო მაღალია, თუ ნაყოფს მთლიანად – კანთან და წიპწებთან ერთად შეჭამთ და არამხოლოდ წვენს დალევთ. ყურძენი მდიდარია ვიტამინებით და ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას. ოქსიკუმარინი, რომელსაც ის შეიცავს, აწესრიგებს სისხლის შესქელებას.
ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის, ბრონქიალური ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, თირკმელებისა და ღვიძლის, პოდაგრის, ინტოქსიკაციისა და ნერვული სისტემის გამოფიტვის დროს.
მუქი ფერის ყურძენი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელ ტანინებს, ამიტომ რეკომენდებულია ლარინგიტისა და ანგინის დროს ახალგამოწურული ყურძნის წვენის ყელში გამოვლება. წითელი ყურძენი უფრო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ღია ფერის.
უპირატესობა მიანიჭეთ წიპწიან ყურძენს, რადგან ის უხვად შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, აჩქარებს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას და ზრდას. ყურძნის წიპწა ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. წითელი ყურძენი რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს – ზრდის ერითროციტების რაოდენობას და ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს.
ყურძნით თერაპიის დროს საჭიროა ზოგიერთი მნიშვნელოვანი წესის დაცვა, მაშინ მისი სამკურნალო ეფექტი სწრაფად გამოვლინდება.
ჭამეთ მხოლოდ მთლიანი, ჯანსაღი ნაყოფი. ყურძენს წიპწებთან ერთად დიდი სამკურნალო თვისება გააჩნია, ვინაიდან თესლებში ჩვენთვის აუცილებელი ბევრი ცხიმმჟავაა. მაგრამ თუ წიპწების ღეჭვა არ გსურთ, შეინახეთ, გაახმეთ და ყავის საფქვავში დაფქვით. ფხვნილი ნებისმიერ კერძში ან სასმელში ჩაუმატეთ, როგორც სასარგებლო ცხიმმჟავებისა და მიკროელემენტების წყარო.
ყურძენი მოიხმარეთ კვების შუალედებში, ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ, უფრო ადრე არა. ეს სამკურნალო პროდუქტი შეუთავსებელია რძესთან, ცხიმიან კერძთან, სპირტიან სასმელებთან, ქორფა ბოსტნეულსა და სხვა ხილთან. სამკურნალო მიზნით მიირთვით, როგორც ცალკე კერძი.
ყურძნის წვენი საჭმელს არ დააყოლოთ, ცალკე დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
შენიშვნა: ყურძენი, განსაკუთრებით მისი წვენი, უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის, კუჭის წყლულის, მაღალი მჟავიანობის, გასტრიტის დროს (ორგანული მჟავების დიდი რაოდენობა დაავადების გამწვავებას იწვევს), თირკმელების უკმარისობის, კალციუმის ცვლის დარღვევის, ჰეპატიტის, ციროზის, კარიესის, სტომატიტის, ორსული ქალებისა და პატარა ბავშვებისთვის (შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ანემია გამოიწვიოს).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან