მედიცინა

ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებები

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.09, 2021 წელი

ქრისტესისხლა
დაკოპირებულია

ქრისტესისხლას ძველთაგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. აგროვებენ ამ მცენარის მიწისზედა ნაწილებს მისი ყვავილობის პერიოდში. ჭრიან დანით და აცილებენ გაუხეშებულ ადგილებს. მცენარე შხამიანია, ამიტომ შეგროვების დროს არ შეიძლება, სახეს ან თვალებს ხელებით შეეხოთ. ბალახს თხელ ფენად შლიან და სხვენზე ან ფარდულში აშრობენ, რომლებიც კარგად ნიავდება. ის პერიოდულად უნდა გადაბრუნდეს. ნედლეული გამხმარია, თუ ღერო გადაღუნვის დროს გადატყდება და არ მოიხრება. რაც უფრო სწრაფად გაშრება ნედლეული, მით მეტი რძეწვენი დარჩება მასში. გამხმარი ნედლეული უნდა შევინახოთ ნაჭრის პარკში მშრალ, ჰაერიან ადგილას, შენახვის ვადა სამი წელია.

ყვავილობისას გამხმარ ქრისტესისხლათი სამკურნალო ნაყენებს ამზადებენ. ახალი ბალახისგან კი წვენს წურავენ და კანის წანაზარდების – პაპილომების, ხალების, კოჟრების მოსაშორებლად იყენებენ.

ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლას რძეწვენს მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად ხმარობენ. წყლულების, ჭრილობების, სირსველის, დანაყარის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ კი ნახარშებსა და ნაყენებს იყენებენ, ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს კი მოიხმარენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.

სამკურნალო წვენის მომზადება

ქრისტესისხლას ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას დოლბანდში წურავენ და წვენს მჭიდროდ თავდაცულ ბოთლში ასხამენ. ბოთლიდან დროდადრო უშვებენ აირებს. 5-7 დღის შემდეგ წვენი საბოლოოდ დადუღდება და გამოსაყენებლად მზადაა.

ცხვირ-ხახისა და წიაღების პათოლოგიების დროს – 2-3 წვეთი წვენი ჯერ ერთ ნესტოში უნდა ჩაიწვეთოთ, აუცილებლად დაწოლილმა. 5 წუთის შემდეგ, როდესაც წვის შეგრძნება გაგივლით – მეორეში. თუ წვენი ყელში გადაგივიდათ, შეგიძლიათ, გადაყლაპოთ.

დაავადებული ღრძილების სამკურნალოდ – წვენი დღეში 2-3-ჯერ უნდა წაისვათ ღრძილებზე, თითო ჯერზე – ხუთჯერ (ანუ წაისვამთ – შეიშრობთ, ისევ წაისვამთ და ასე ხუთჯერ), ან კიდევ პირის ღრუში დაიგუბოთ ღრძილებზე კონცენტრირებით, 20-25 წუთის შემდეგ კი გადააფურთხოთ.

პოდაგრისა და რევმატიზმის დროს – წვენი მტკივან ადგილებზე უნდა წაისვათ, ხოლო ნაყენი დალიოთ.

გრიპის საწინააღმდეგოდ – პირის ღრუში ხუთჯერ უნდა გამოივლოთ წვენი და დალიოთ ნახევარი ჭიქა ნაყენი.

ქვედა კიდურების თრომბოფლებიტის დროს – წვენი 3-5-წუთიანი შუალედებით (სანამ არ მოხდება მაქსიმალური შეწოვა) ხუთჯერადად უნდა წაისვათ და დალიოთ 100 გრამი ნაყენი ჭამამდე 10 წუთით ადრე.

ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის და გამონაწვლილის არასწორმა მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ინტოქსიკაცია – ძლიერი წყურვილის შეგრძნება, თავბრუ, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი. ამიტომ მისი გამოყენების დროს, საჭიროა სიფრთხილე და ექიმის მეთვალყურეობა. დიდი სიფრთხილით მიიღეთ ბრონქული ასთმის, სტენოკარდიის, ნევროლოგიური პათოლოგიების დროს. არ უნდა მიიღონ ბავშვებმა, ორსულებმა, ქალებმა ლაქტაციის პერიოდში და ეპილეფსიით დაავადებულებმა.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო საშუალებას ქრისტესისხლას გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

თუ მიღების შემდეგ რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია აღინიშნა, მისი მიღება აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი