კოჟრების საწინააღმდეგოდ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.10, 2023 წელი

ჭიქაში ჩაასხით ძმარი, შიგ ჩადეთ ახალი კვერცხი. 8 დღის შემდეგ კვერცხი მთლიანად გაიხსნება. მიღებული მალამო წაისვით მხოლოდ კოჟრზე და შეიხვიეთ.
აიღეთ 7 აბი ასპირინი და დაასხით ლიმონის წვენი ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა და კარგად აურიეთ. შემდეგ მიღებული მასა დაიდეთ კოჟრზე და გადაიხვიეთ პოლიეთილენით, რომელზეც ზემოდან დაიდებთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცხელ კომპრესს, რასაც კანი გაუძლებს, დროის გასვლის შემდეგ მოიხსენით და პრობლემური ადგილი გაიხეხეთ.
გაუხეშებული კანისთვის არაჩვეულებრივია აბუსალათინის ზეთი. ამ ზეთით დღეში ორჯერ კარგად დაიზილეთ პრობლემური ადგილი. რამდენიმე კვირის შემდეგ თქვენი კანი ნამდვილად მიიღებს ბუნებრივ იერსახეს.
შემწვარი ხახვის ფოთლის დადება კოჟრზე არბილებს და ხელს უწყობს მის ამოგდებას – ხახვის კანი ჩადეთ ძმარში, გააჩერეთ თბილ ადგილას 1 დღე-ღამე. შემდეგ აიღეთ ხახვის ფოთოლი და დაიდეთ კოჟრზე. ფოთოლი დღეში ორჯერ უნდა გამოცვალოთ.
ნიორი კლავს სოკოს, ასევე, მოქმედებს ანტისეპტიკის მსგავსად. ის ეხმარება კანს, შეინარჩუნოს სინაზე და სირბილე. აიღეთ 3-4 კბილი ნიორი და კარგად დაჭეჭყეთ, შემდეგ დაიდეთ იმ ადგილას სადაც გამოხატულია პრობლემა, შეიხვიეთ და მთელი ღამის განმავლობაში დაიტოვეთ. დილით კი კარგად ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ პრობლემა არ ალაგდება.
ნიორი მოხარშეთ რძეში და დაიდეთ კოჟრებზე ან შემწვარი ნიორი დასრისეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთს. ფეხებზე გაიკეთეთ სოდიანი წყლის აბაზანა და შემდეგ დაიდეთ მომზადებული ნივრის მასა კოჟრზე.
ლიმონს ააჭერით კანი რბილობიანად, დაიდეთ კოჟრზე ისე, რომ რბილობი შიგნით მოხვდეს და შეიხვიეთ დილამდე. მეორე დღეს კვლავ გაიმეორეთ პროცედურა. მერე კი ფეხზე გაიკეთეთ ცხელი სოდიანი წყლის აბაზანა და კოჟრი ფრთხილად ამოიგდეთ მაკრატლით.
მექანიკური ზემოქმედებით გაჩენილ მშრალ კოჟრთან ბრძოლა, ცოტა არ იყოს, შრომატევადი საქმეა. ყოველდღიურად დაითბილეთ ფეხები ცხელ საპნიან წყალში. კოჟრი სწრაფად რომ დარბილდეს, წყალს სოდა დაუმატეთ. დარბილებული კოჟრი ფრთხილად გაიხეხეთ პემზით. თუ ამით სასურველ ეფექტს ვერ მიაღწიეთ, ფეხების აბაზანის შემდეგ კოჟრზე სალიცილის მალამო წაისვით – ის არბილებს გარქოვანებულ კანს და კოჟრს ადვილად მოიშორებთ.
ნახევარ სადილის კოვზ პროპოლისს შეურიეთ ცოტა კარაქი, რომ კვერების მსგავსი რაღაც მიიღოთ. ფეხები დაიორთქლეთ და დაიდეთ ეს კვერები გაუხეშებულ კანზე. პლასტირით ან ბინტით კარგად დააფიქსირეთ, რომ 3 დღე საიმედოდ გაჩერდეს. ვადის გასვლის შემდეგ ფეხები დაიორთქლეთ და კოჟრები პემზით მოიშორეთ.
აიღეთ ბამბის ტამპონი და დაასველეთ ძმრით. შემდეგ დაიდეთ პრობლემურ ადგილას 3 საათის განმავლობაში, უმჯობესია, დაიკრათ პლასტირით, სამი საათის შემდეგ პროცედურა ისევ გაიმეორეთ. შედეგს რამდენიმე დღის შემდეგ თავად დაინახავთ.
კოჟრებთან ბრძოლა ეფექტური რომ იყოს, სხვადასხვა საშუალებები მონაცვლეობით გამოიყენეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან