მედიცინა

ქონდარი – უძველესი მკურნალი

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.04, 2021 წელი

ქონდარი
დაკოპირებულია

ხალხურ მედიცინაში ეს მცენარე უძველესი დროიდანაა ცნობილი: ტაქიკარდიიის, თავბრუს, მწვავე რესპირატორული ინფექციების, რინიტის, თავის ტკივილის, შაკიკის, მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, ცისტიტისა და მეტეორიზმის დროს. გარდა ამისა, შუა საუკუნეებიდან ქონდარი გამოიყენებოდა, როგორც ღებინებისა და ხველების საწინააღმდეგო საშუალება, როგორც შარდმდენი, ოფლმდენი და სპაზმოლიზური კი – ქოლერის, შავი ჭირის, ტუბერკულოზის, ტიფისა და ყვითელი ცხელების დროს.

თანამედროვე მედიცინაში ქონდარი არაერთ ქვეყანაში ოფიციალურად არის მიჩნეული სამკურნალო მცენარედ. მისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ხველების, სურდოს, ბრონქიტის, გაციების, ბრონქული ასთმის, ქრონიკული რესპირატორული დაავადებების და ფილტვების ანთების სამკურნალოდ.

ქონდარი მოქმედებს, როგორც ანტიბაქტერიული და ნაწლავური პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება.

ქონდრით ეფექტურად მკურნალობენ მეტეორიზმს. ეს მცენარე ხასიათდება სედატიური მოქმედებით ნაწლავური კოლიკების დროს. აძლიერებს მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას კუჭიდან და ნაწლავებიდან, ამიტომ კუჭ-ნაწლავის აშლილობისას და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორც ფაღარათის საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

ქონდრის, ანისულისა და ბეგქონდარას ნაყენის საღამოს საათებში მიღება ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

თუ თქვენ გაწუხებთ ნერვული აშლილობა, რომელსაც თან სდევს ქრონიკული დაღლილობით გამოწვეული მადის დაქვეითება, უძილობა, აპათია, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძალიან დაგეხმარებათ ქონდრის ჩაის მიღება.

გაითვალისწინეთ, რომ ქონდრის ეთერზეთი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ – მისი გადაჭარბებული გამოყენება ნერვულ სისტემას ზედმეტად აღაგზნებს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებში ქონდრის ჩაი ამცირებს წყურვილის გრძნობას.

მცენარის წვენი ხსნის ფუტკრის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილსა და შეშუპებას.

ქონდარს აქვს ანტისპაზმური და მატონიზირებელი თვისებები. აადვილებს მონელების პროცესს, აძლიერებს მადას, ხელს უწყობს გაზების გამოდევნას და ამშვიდებს კუჭის სპაზმს.

ქონდარი აუცილებლად დაამატეთ ცხიმიან საკვებს – ეს გადამუშავებას გააადვილებს.

საკვების შემდეგ ქონდრის ჩაის მიღება კი გამოფხიზლებასა და თვლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.

ის, ასევე, ააქტიურებს დეზინტოქსიკაციის ფუნქციებს და დიურეზის პროცესს. გრიპისა და რევმატიზმის ან ჭარბი საკვების მიღებით გამოწვეული პრობლემების დროს ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.

ქონდრის აბაზანები დაგეხმარებათ ართრიტითა და რევმატიზმით გამოწვეული ტკივილის დაამებაში.

ქონდარი კარგი „კბილის პასტაა“ – ამაგრებს ღრძილებს, ასუსტებს კარიესის წარმოქმნის რისკებს და დეზინფექციას უკეთებს პირის ღრუს.

ქონდარი სასარგებლოა ქალებში მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებისთვის, ის, ასევე, დაგეხმარებათ ცისტიტის მკურნალობაში.

სამკურნალო თვისებების გარდა, ქონდარს აქვს უკუჩვენებები:

მისი გამოყენება დაუშვებელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების, კარდიოსკლეროზისა და ალერგიული რეაქციების დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ორსულობის დროსაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა