მედიცინა

კომში თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

№50

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.12

კომში
დაკოპირებულია

კომში უძველესი დროიდან ცნობილია თავისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით. იყენებენ მის ნაყოფს, ფოთლებსა და თესლს.

კომშის სამკურნალო თვისებები

საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება – კომში მდიდარია პექტინით და მთრიმლავი ნივთიერებებით, რაც მას შეუცვლელს ხდის კუჭ-ნაწლავის აშლილობის, განსაკუთრებით ფაღარათის დროს. ის ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების გაუმჯობესებას. ნაყოფის ნახარშს იყენებენ პირღებინებისა და გულძმარვის საწინააღმდეგოდ. თუმცა, ყაბზობისკენ მიდრეკილების შემთხვევაში, მისი დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის.

ანტიოქსიდანტური მოქმედება – კომში შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს, მათ შორის ფლავონოიდებს, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს და ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერა – მასში შემავალი რკინა, C ვიტამინი და სხვა ნივთიერებები ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების გამაგრებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირებას. კომშის წვენი რეკომენდებულია ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს.

შარდმდენი თვისებები – კომშის ნაყოფი და წვენი მსუბუქი შარდმდენი საშუალებაა.

ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება – მასში შემავალ მთრიმლავ ნივთიერებებსა და ფლავონოიდებს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება.

რესპირატორული დაავადებები – კომშის თესლის ნახარში ტრადიციულად გამოიყენება ბრონქიტის დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება.

კომშის ფოთლების გამოყენება

კომშის ფოთლები მდიდარია ფლავინოიდებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით და გამოიყენება ჩაის, სიროფის ან ექსტრაქტის სახით.

კომში ასევე შეიცავს: C, B ჯგუფის, და E, PP ვიტამინებს; მინერალურ ნივთიერებებს – კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას. გარდა ამისა, კომში დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე, აუმჯობესებს განწყობას და ასტიმულირებს ორგანოების მოქმედებას.

სამკურნალო რეცეპტები ხალხური მედიცინიდან

კომში შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის ამაღლებას.

• ახლად გამოწურული კომშის წვენს შეურიეთ ნატურალური თაფლი. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე. რეკომენდებულია ხანგრძლივი კურსით მიღება.

მოხარშული კომშის რბილობის თაფლით ან შაქრით მიღება ასევე სასარგებლოა ანემიის დროს.

ბრონქიტის, ხველისა და ყელის ანთების დროს – კომშის თესლი შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ დამარბილებელი და ამოსახველებელი მოქმედება.

• 10 გრამი (დაახლოებით, 1 ჩაის კოვზი) კომშის (საღი, დაუზიანებელი) თესლს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ (დააყენეთ) 15-20 წუთის განმავლობაში, თან პერიოდულად შეანჯღრიეთ. მიიღებთ სქელ ლორწოვან სითხეს. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში. გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება ყელის ანთების დროს.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება: კომშის თესლი შეიცავს მცირე რაოდენობით ამიგდალინს (ციანოგენური გლიკოზიდი). ამიტომ, თესლები არ უნდა დაზიანდეს ან დაიღეჭოს! ისინი ნახარშის მოსამზადებლად გამოიყენება მხოლოდ მთლიანი სახით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და მაღალი წნევის დროს

• 1 სადილის კოვზი გამხმარ კომშის ფოთლებს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10-15 წუთი. მიიღეთ, როგორც ჩაი. მას მიეწერება წნევის დამწევი თვისებები (მსუბუქი ჰიპოტენზიური ეფექტი).

გაითვალისწინეთ: ხალხური მედიცინის რეცეპტები არ ცვლის ექიმის კონსულტაციასა და დანიშნულებას. თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, აუცილებელია ექიმთან შეთანხმება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი