მედიცინა

კოლიტის მკურნალობა

№21

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.06, 2021 წელი

კოლიტის მკურნალობა
დაკოპირებულია

კოლიტის დროს ტკივილს აყუჩებს სითბო, ამიტომ ეფექტიანია სათბურა და თბილი კომპრესი. თუ ანთებითი პროცესი მსხვილი ნაწლავის სეროზულ გარსზეც გავრცელდა, მუცლის ტკივილი მკვეთრად ძლიერდება გათბობით, ასევე, რყევის ან მოძრაობის შემთხვევაში. ამ დროს ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია წოლით.

პერიკოლიტის დროს ტკივილი ყრუ და მუდმივია და მთელ მუცელში შეიგრძნობა ან ლოკალიზებულია გულის კოვზთან. აღსანიშნავია, რომ პერიკოლიტის დროს ტკივილი არ უკავშირდება საკვების მიღებას ან დეფეკაციას.

დიეტა და კვების რეჟიმი: ქრონიკული კოლიტის გამწვავების ფაზაში რეკომენდებულია ხშირი, დღეში, სულ მცირე, ხუთჯერადი კვება პატარ-პატარა ულუფებით. რაციონი დამზოგველი უნდა იყოს, არ შეიცავდეს ბევრ მშრალ და მაგარ საკვებს; მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ცხიმით, რომელიც ნაწლავებში ადვილად იშლება და ნახშირწყლებით, რომლებსაც ბურღულეული შეიცავს.

გამწვავებისას ინიშნება ნაწლავების დამზოგველი დიეტა 5-7 დღის განმავლობაში.
სასარგებლოა: პურ-ფუნთუშეული – თეთრი პურის ორცხობილა; რძე, რძის პროდუქტები – მაწონი, ხაჭო, მცირე რაოდენობით ნაღები და არაჟანი; ცხიმი – ნაღების კარაქი; კვერცხი – კულინარიულ ნაწარმში დანამატის სახით, დღეში არა უმეტეს 1 ცალისა; წვნიანი – ბრინჯის ფხვნილის ან მანანის ბურღულის შემცველი უცხიმო ბულიონი; ხორცი, თევზი – ორთქლზე მომზადებული უცხიმო ღორის ხორცი, ხბოს, ძროხის, ფრინველის ხორცი და თევზი; რეკომენდებულია ფარშში გახეხილი ნივრის ჩამატება; ბურღულეული – ნახევრად თხევადი, წყალზე დამზადებული ფაფები, უმჯობესია დაფქული ბურღულეულის გამოყენება; ხილი, კენკრა, ტკბილეული – ყველა სახის ხილის კისელი და ჟელე, ჩაი, ყავა, შაქარი, მურაბა, თაფლი – შეზღუდული რაოდენობით. სასარგებლოა ასკილის ნაყენი; მარილი – შეზღუდულად.

ანთებითი პროცესის ჩაცხრობის შემდეგ ავადმყოფს ნებას რთავენ, ჭამოს მოხარშული ხორცი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი. მოგვიანებით კვების რაციონში შეიძლება ჩაირთოს ბოსტნეული, ხილი მოხარშული ან გახეხილ მდგომარეობაში და მწვანილი.

თუ ქრონიკულმა კოლიტმა ნაწლავში მრავლობითი არასპეციფიკური წყლულის გაჩენა გამოიწვია, რაციონიდან რძისა და მისი ნაწარმის ამოღებით შესაძლოა, ავადმყოფი სრულად ან ნაწილობრივ განიკურნოს.

თუ პროცესი დამძიმდა, ორგანიზმს საკვები მხოლოდ გახეხილი, ზონდის საშუალებით უნდა მიეწოდოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კუჭი ან საყლაპავია დაზიანებული.

თუ ავადმყოფი ხშირად უჩივის შეკრულობას, აუცილებელია რაციონში უჯრედისის შემცველი პროდუქტის წილის გაზრდა. მათი მიღება უმჯობესია გახეხილი ან მოხარშული სახით. თუ შეკრულობის მიზეზი კოლიტით დაზიანებული მსხვილი ნაწლავის მუდმივი სპაზმია, შესაძლოა, პრობლემა მოხსნას სპაზმოლიზურმა პრეპარატებმა, ასევე, კოლიტის ლოკალიზების ადგილას თბილი სათბურის ან კომპრესის დადებამ.

ნაწლავის ატონიის შემთხვევაში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, ზოგჯერ მასაჟიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა