მედიცინა

ქინძი – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.08, 2021 წელი

ქინძი
დაკოპირებულია

ქინძი შეიცავს კაროტინს, ეთერზეთებს, ასევე, B1 და B2 ვიტამინებსა და კალიუმს. მის თესლში 2 პროცენტამდე ეთერზეთი და ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერებაა.

ქინძი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ასე რომ, თუ გრძნობთ, ძალიან გადაიღალეთ, ერთ ჩაის ჭიქა მაწონში შეურიეთ ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ქინძი და მიირთვით.

ქინძის წვენი შველის კუჭის აშლილობას, აგრეთვე, კარგია ალერგიის დროს. კერძოდ, თუ თითო ჩაის კოვზ ქინძის თესლის ნახარშს დღეში სამჯერ დალევთ, ალერგია აღარ შეგაწუხებთ.

ქინძს შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და ბუასილის სამკურნალო თვისებებიც აქვს. მისი ეთერზეთით ამზადებენ გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს კუჭის სამოქმედო პრეპარატებს.

ქინძის ფოთლებისა და თესლის ნახარში ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს საუკეთესო ამოსახველებელი საშუალებაა. ქინძის თესლის ნახარში ხელს უწყობს ცხიმის დაშლას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

ქინძის ეთერზეთები ხსნის ნევროლოგიურ და რევმატულ ტკივილებს. ქინძის ზეთს ხმარობენ ლავანდის ზეთის ნაცვლად (ავერინის მალამოს მოსამზადებლად), არომატისა და გემოს გასაუმჯობესებლად უმატებენ სამკურნალო პრეპარატებს.

ქინძი აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას, ამაღლებს მადას, ებრძვის დეპრესიას. ხელს უწყობს საჭმლის შეთვისებას, დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების მუშაობაზე, აქვს ბაქტერიციდული, შებერილობის საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური, გამაჯანსაღებელი, ამოსახველებელი და ოფლმდენი მოქმედება. ხსნის კრუნჩხვებს და მისი მიღება რეკომენდებულია ეპილეფსიით დაავადებულებისთვის.

ქინძს ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რაც დიდად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მას გამოაქვს დიდი რაოდენობით შლაკები, ტოქსინები და მძიმე ლითონები. ყველაფერი ეს საშუალებას იძლევა, უჯრედები ეფექტურად გამოიკვებოს სასარგებლო ელემენტებით.

ძალზე ეფექტურია შემდეგნაირად მომზადებული ნარევი: წვრილად დაჭერით 50 გრამი ქინძი და მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ 100 გრამი ვაშლის ნატურალური წვენი, 100 მილილიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი ჭანგის ფხვნილი და კარგად ათქვიფეთ. მისი მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ მშიერ კუჭზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 42 დღე, წელიწადში ერთხელ. კურსის დასრულებისთანავე სიმსუბუქესა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

შეგიძლიათ, ქინძი ფანჯრის რაფაზეც გაზარდოთ. დათესეთ 10-15 სანტიმეტრის სიმაღლის ქოთანში 1,5 სანტიმეტრის სიღრმეზე, დააფარეთ ცელოფანი და დადგით ფანჯრის რაფაზე. 1-2 კვირის შემდეგ, როდესაც თესლები აღმოცენებას დაიწყებს, ცელოფანი მოხსენით. ნათესის მოვლა მარტივია, მორწყეთ საჭიროებისამებრ. კარგად რომ გაიზარდოს, პირველი ნამდვილი ფოთლების ამოსვლისას ნათესი გამოხშირეთ. თუ გაქვთ საშუალება, გაზრდილი მცენარეები გაიტანეთ აივანზე, ქარის და წვიმისგან დაცულ ადგილზე, მზეზე, ან ნაწილობრივ დაჩრდილულ ადგილზე. ფესვებში წყალი რომ არ ჩადგეს, ქოთანში მიწა ფხვიერი უნდა იყოს. ამისთვის მიწას ურევენ 1/3 წილ ქვიშას. მიწის გასანოყიერებლად უმატებენ ნაკელს (20 სანტიმეტრის დიამეტრის ქოთანზე – 100 გრამს) ან მინერალურ სასუქს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი