მედიცინა

ხერხემლის ჯანმრთელობა

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.06

ხერხემალი
დაკოპირებულია

ხერხემალი არის ადამიანის ჩონჩხის საფუძველი და მის სიჯანსაღეზე დიდად არის დამოკიდებული ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება. ხერხემლის არხში გადის ზურგის ტვინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მრავალ სასიცოცხლო ფუნქციაზეა პასუხისმგებელი. ხერხემლის ამა თუ იმ მალის არასწორი მდებარეობის გამო ზურგის ტვინის ცალკეული ნაწილის დაზიანებამ ორგანიზმში შეიძლება, სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს.

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება ნებისმიერი ადამიანის სურვილია. ამისათვის კი აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი სხეულის უმნიშვნელოვანეს ნაწილს – ხერხემალს, რადგანაც სწორედ ხერხემლის მოქნილობასა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებული ადამიანის აქტიურობა, ლაღი და თავისუფალი მოძრაობა, რაც ასაკში შესულ ადამიანს რამდენადმე აკლია, ახალგაზრდას კი ფრთებს ასხამს. მოქნილი და აქტიური ხერხემლის პატრონი არ ბერდება. როგორც ამბობენ, სიბერე მას ვერაფერს აკლებს.

ოსტეოქონდროზი, მალათაშუა დისკების თიაქარი, ხერხემლის მალათა დეფორმაცია, ოსტეოფიტური წანაზარდები, რადიკულიტი – ეს ის პათოლოგიებია, რომელთა პროგრესირებისას ადამიანს მეტად სერიოზული პრობლემები ექმნება. იგივე შეიძლება ითქვას ართრიტებსა და ართროზებზე. სახსრებში მიმდინარე დისტროფიულ-დეგენერაციული, სხვადასხვა სახის მადეფორმირებელი პათოლოგიური პროცესები ადამიანს უზღუდავს გადაადგილების, მოძრაობისა და ცალკეული სახის სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას.

სიბერე ვერაფერს დაგაკლებთ, თუ სახსრებს ახალგაზრდობიდანვე მაქსიმალურად ავარჯიშებთ და დატვირთავთ. ამისათვის არ უნდა დაიზაროთ ზედმეტი ნაბიჯების გადადგმა. მეტიც, ხშირად შეგნებულად უნდა გაიგრძელოთ გზა, ერთი-ორი გაჩერება ფეხით გაიაროთ, ავტომანქანაზე, ლიფტსა და კომფორტზე უარი განაცხადოთ, კიბეზე ასვლა-ჩასვლა წესად დანერგოთ. კიბე საუკეთესო ტრენაჟორია არა მხოლოდ სახსრებისათვის, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც.

ზურგის არეში განმეორებითი ტკივილების გამოვლენისთანავე გააანალიზეთ, რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი – ტრავმატიზაცია? სიმძიმის აწევა? უხერხული მოძრაობა? იქნებ, ერთ პოზაში ხანგრძლივად გიწევთ ჯდომა? დღის განმავლობაში აუცილებლად გამოყავით რამდენიმე წუთი ხერხემლის განტვირთვისთვის, შეასრულეთ სათანადო ვარჯიშები. იძინეთ მყარი ზედაპირის მქონე საწოლში. უარი თქვით რბილ ლოგინზე. გახსოვდეთ, ხერხემლის განტვირთვა-მოსვენება მხოლოდ მყარ ზედაპირზეა შესაძლებელი. რბილ ლოგინში წოლით ხერხემლის მალებს ფუნქციური ამოვარდნის საშიშროება ექმნებათ, ირღვევა მალათაშუა დისკების კვება.

აუცილებელია ყოველდღიურად ზურგის კუნთების გამაგრება. ამისთვის სპეციალური ვარჯიშებია მოწოდებული, რომელთა შესრულებაც წესად უნდა დანერგოთ, თუ გსურთ, ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა ხანგრძლივად შეინარჩუნოთ.

ყურადღება მიაქციეთ საკვებ რაციონს. კვება სრულფასოვანი და რაციონალური უნდა იყოს. განსაკუთრებულად სასარგებლოა სოიის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, თევზი და ზღვის პროდუქტები, ხაჭო და რძემჟავა პროდუქტები. საკვებ რაციონში აუცილებლად ჩართეთ ნიორი, ჩირი, დაფნის ფოთოლი, ნიგოზი და მზესუმზირა, თაფლი და კენკროვნები.

მუდმივად იმოძრავეთ, არ მოდუნდეთ. დილის გამამხნევებელი ვარჯიშის გარდა, დღის განმავლობაშიც აუცილებლად შეასრულეთ ხერხემლის განტვირთვისთვის განკუთვნილი ვარჯიშები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული