ხერხემლის დეფორმაციით გამოწვეული პრობლემები და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:33 22.12, 2023 წელი

მოზარდებში საკმაოდ ხშირია ხერხემლის პრობლემები და მათგან გამოწვეული დისკომფორტი ან სიცოცხლის ხარისხის გაუარესება. ხერხემლის პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია სქოლიოზი, რომლის დიაგნოსტიკაზე, მკურნალობის მეთოდებსა და ქირურგიული მკურნალობის შედეგებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ხერხემლის ქირურგი, ბატონი ტრისტან ნიშნიანიძე გვესაუბრა.
ტრისტან ნიშნიანიძე: სქოლიოზი არის ხერხემლის დეფორმაცია ფრონტალურ სიბრტყეში და ეს ძირითადად, გოგონების დაავადებაა. სქოლიოზის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა და შესაბამისად, განასხვავებენ სხვადასხვა ტიპის სქოლიოზებს. არის, ეგრეთ წოდებული, თანდაყოლილი, რომლის გამომწვევი მიზეზიც ხერხემლის მალებში დაბადების პერიოდში უკვე არსებული ანომალიაა; მეორე ტიპია, ეგრეთ წოდებული, სქოლიოზი, რომელიც გამოწვეულია სისტემური დაავადებების ფონზე, მაგალითად, ეს შეიძლება, იყოს ცერებრალური დამბლა, ათროგრიპოზი ან სხვა რაიმე; მესამე ტიპის სქოლიოზს იდიოპათიურ სქოლიოზს ეძახიან. სწორედ მას მიეკუთვნება სქოლიოზების 80%. სიტყვა იდიოპათიური ნიშნავს უცნობს, ანუ ასეთ გამრუდებას მიზეზი არ აქვს, სრულიად ჯანმრთელი ბავშვის ხერხემალი იწყებს გამრუდებას და ყალიბდება დეფორმაცია.
სქოლიოზის სამ ასაკობრივ ჯგუფს გამოყოფენ: ეს არის 0-3 წლამდე, რასაც ეძახიან ინფანტილურ, იდიოპათიურ სქოლიოზს; 3-9 წლამდე – ივენიურ იდიოპათიური სქოლიოზი და 10-16 წლამდე გახლავთ მოზარდთა იდიოპათიური სქოლიოზი.
– შესაძლებელია თუ არა ხერხემლის დეფორმაციის ადრეული გამოვლენა?
– სქოლიოზის გამოვლენა ყველაზე ხშირია 10-16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ამ დაავადებას ახასიათებს ეტაპობრივი განვითარება, პირველ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს ზურგის ასიმეტრია, ბეჭის ძვლების არათანაბარი დგომა, ძირითად შემთხვევებში – მარჯვენა მხარეს ნეკნების ოდნავ ამობურცვა, არასწორად დგას თეძოს ფრთები, ეს არის პირველი ნიშნები, რაც შეიძლება დედამაც შეამჩნიოს. ეს ნიშნები განსაკუთრებით ნათელია მაშინ, როდესაც პაციენტი წინ არის გადახრილი.
– ხერხემლის დეფორმაციის რისკები – რა შეიძლება გამოიწვიოს დეფორმაციამ?
– 10 გრადუსამდე გადახრა ხერხემლის ასიმეტრიაა, ეს ყველაფერი იზომება რენტგენზე და თუ ვხედავთ, რომ ხერხემალი 10 გრადუსამდეა გადახრილი, ვამბობთ, რომ ბავშვი ჯანმრთელია და სქოლიოზის დიაგნოზი არ გამოგვაქვს. თუ გამრუდება 10 გრადუსს გადასცილდა, ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს მსუბუქ სქოლიოზთან, 10-დან 25 გრადუსამდე გადახრას მსუბუქ სქოლიოზს ვეძახით, თუ გადახრა 25 გრადუსს გასცდა და 45 გრადუსამდე მიაღწია, ვამბობთ, რომ საშუალო სიმძიმის სქოლიოზია. 45 გრადუსის ზევით კი – რთული, ანუ მძიმე ტიპის სქოლოზია. მნიშვნელოვანია, არ გამოგვრჩეს ეს ეტაპები. როდესაც ექიმს დაგვიანებით მიმართავენ, გამოსავალი არც თუ ისე კეთილსაიმედოა. შორს წასულ შემთხვევაში შეიძლება, მივიღოთ სუნთქვის უკმარისობა, გულის პრობლემები, ინვალიდობა და ასე შემდეგ.
– მკურნალობის რა მეთოდები არსებობს და როდის დგება ქირურგიული მკურნალობის საჭიროება?
– როდესაც ვსაუბრობთ მსუბუქი ხასიათის სქოლიოზზე, მაშინ ხდება ბავშვის დაკვირვება დინამიკაში და მკურნალობის პროცესში შეიძლება, ჩართული იყოს გარკვეული ვარჯიშები, მასაჟები, სპორტული აქტივობა და ასე შემდეგ. როდესაც გადახრა 25 გრადუსამდეა, აქ წამყვანია კორსეტით მკურნალობა, ხოლო, როდესაც დეფორმაცია 45 გრადუსს გასცდება, საჭიროა, ოპერაციული ჩარევა. ქირურგია, პირველ რიგში, გულისხმობს ხერხემლის დეფორმაციის გასწორებას, ანუ ჩამოვიყვანოთ ის სასურველ გრადუსამდე და დავაფიქსიროთ, რათა ხერხემალი ასეთ სწორ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და დროულად ჩატარებული ოპერაცია. ოპერაციული ტაქტიკა სხვადასხვაგვარია. ძირითადად, ვიყენებთ ჭანჭიკებსა და სხვადასხვა სპეციალურ ღეროებს, რომელიც ასწორებს ხერხემალს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, კლასიფიკაციის მიხედვით, ზუსტად მოხდეს იმპლანტაცია, რომ ბავშვის ხერხემლის მობილურობა შენარჩუნდეს. არ შეიძლება ხერხემლის მთლიანად ჩაკეტვა, რამაც შემდგომში შეიძლება, ბავშვს პრობლემები შეუქმნას. სასურველია, ზუსტად მოხდეს განსაზღვრა, თუ რა დონეზე უნდა ჩაიკეტოს ხერხემალი და მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ მობილურობა.
– როგორია ხერხემლის ქირურგიის თანამედროვე მიდგომები?
– ხერხემლის სქოლიოზის ოპერაციების, ძირითადად, ორი ტაქტიკა არსებობს, ერთია უკანა მიდგომა, რომელიც წარმატებით კეთდება ჩვენს ქვეყანაში. ასევე, თანამედროვე მეთოდია გარკვეული ტიპების წინა მიდგომით მკურნალობა, რომელიც დასანერგია და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჭანჭიკებით, ღეროებით, მაღალი დონის იმპლანტებით, უკანა მიდგომით საკმაოდ მაღალტექნოლოგიური ოპერაციები ხორციელდება, თავისთავად, ნეირომონიტორინგის საშუალებით, რაც ოპერაციის დროს ზურგის ტვინის კონტროლს გულისხმობს, რათა ის არ დაზიანდეს. მაღალი დონის იმპლანტები გვაძლევს საშუალებას, რომ ხერხემალი გასწორდეს და პაციენტი სრულიად ჯანმრთელი იყოს.
– რა ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს ქირურგიულ მკურნალობაში?
– როდესაც ვსაუბრობთ 10–16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე, სადაც დეფორმაცია 45 გრადუსიდან ზევითაა, მაშინ ვაკეთებთ ოპერაციებს და ეს ოპერაცია ერთეტაპიანია, ჩავდგამთ ინსტუმენტებს, ხერხემალს გავასწორებთ, დავაფიქსირებთ და პაციენტს აღარ სჭირდება არანაირი ჩარევა, მაგრამ თუ ჩვენ დანარჩენ ორ ჯგუფზე ვსაუბრობთ, ინფანტილურსა და ივენილურზე, ანუ 0–3 და 3–9 წლამდე, ამ შემთხვევაში 0–3 წლამდე ასაკის პაციენტებთან მოწოდებულია თაბაშირის ნახვევებით მკურნალობა. როდესაც პაციენტი 3 წლის ასაკს გადააბიჯებს და დეფორმაცია ისევ აგრძელებს განვითარებას, ხდება ხერხემლის ეტაპობრივი კორექციები, ხორციელდება იმპლანტების ჩადგმა ხერხემალში და მრავალეტაპად პაციენტის ზრდა ამ ინსტრუმენტთან ერთად. ხერხემალი ამ ინსტრუმენტთან ერთად იჭიმება, რათა მივიყვანოთ გარკვეულ ასაკამდე, როდესაც შესაძლებელი იქნება საბოლოო ოპერაციის ჩატარება.
– როგორია ქირურგიული მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაცია?
– კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობა ხუთი დღეა. მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება. კლინიკიდან გაწერიდან, დაახლოებით, სამ კვირაში აქვთ საშუალება, წავიდნენ სკოლაში, უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. სრული პროცესის დასრულებას, ანუ მალის სხეულების ფიზიოლოგიურ შერწყმას, 6-დან 8 თვემდე სჭირდება. ამ პერიოდის შემდეგ ბავშვი ჯანმრთელია და შეუძლია, ცხოვრების ნორმალური წესით გაგრძელება და სპორტული აქტივობაც კი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან