ხახვის სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.03, 2021 წელი
გაიგეთ რა სამკურნალო თვისებები აქვს ხახვს 👇
ხახვში არაერთი სასარგებლო მინერალი და მჟავა შედის. მათ შორის, ასკორბინის მჟავა, რომლის უკმარისობა შეიძლება, ანემიის, სურავანდის, გულ-სისხლძარღვთა, ინფექციური დაავადებების მიზეზი გახდეს. შესაბამისად, ის ყოველდღიურად უნდა მივიღოთ. ხახვის შემადგენლობაში შემავალი ფიტონციდები მომენტალურად კლავს სხვადასხვა მიკრობსა და სოკოს. შედეგად, ის ხელს უწყობს ჭრილობებისა და ნაკაწრების შეხორცებას.
ხახვის მუდმივი გამოყენება ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას ასაკოვან ადამიანებში.
ხახვი აძლიერებს მადას და აგვარებს ნაწლავების ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ეწინააღმდეგება რესპირატორულ დაავადებებს. მისი ცოცხალი წვენი შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევებს, ასევე ებრძვის ათეროსკლეროზს, გაციებას, ჰიპერტონიასა და სქესობრივ დისფუნქციას.
საკმარისია მწერის ნაკბენზე ხახვის წასმა და ტკივილი სწრაფად გაქრება, შესიება კი შემცირდება. თუ ბევრი ნაკბენი გაქვთ, მაშინ მასზე ტამპონში ჩადებული გაჭყლეტილი ახალი მწვანე ხახვის ფაფისებრი მასა უნდა დაიდოთ და შეღავათს იგრძნობთ.
ხახვის სასარგებლო თვისებებს სრულად იღებს ორგანიზმი მისი ნედლი სახით გამოყენებისას. თერმული დამუშავების შედეგად კი სასარგებლო თვისებები იკლებს.
გაითვალისწინეთ, რომ ხახვს აქვს შარდმდენი მოქმედება, ის ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას. ხახვი არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალება ჭიების საწინააღმდეგოდ.
ხალხური რეცეპტები:
მყესების დაჭიმვის სამკურნალოდ: გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ ცოტა შაქარი და კარგად აურიეთ. წაუსვით მიღებული მასა ქსოვილზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეიცვალეთ დღე-ღამეში ერთხელ.
კოჟრების მოსაცილებლად: ხახვის ქერქი მოათავსეთ ქილაში და დაასხით ძმარი. დაახურეთ ქილას სპეციალური ქაღალდი და მოუკარით თავი. შეინახეთ ორი კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ ამოიღეთ ხახვის ფურცელი და გააშრეთ. დაიდეთ კოჟრზე 2-3 მილიმეტრის ზომის ხახვის ფურცლების ფენა, გარშემო კი წაისვით ვაზელინი ან სხვა ცხიმი. შეიხვიეთ ღამით, დილით კი კოჟრი ძალის გარეშე მოიშორეთ. თუ არ მოძვრა, კიდევ გაიმეორეთ.
გაჭყლეტილი ხახვის მასა ხელს უწყობს აბსცესებისა და ფურუნკულების მომწიფებას და მათგან ჩირქის გამოდევნას. ამისთვის ძირმაგარაზე ხახვის ფაფისებური შემთბარი მასა დაიდეთ და შეიხვიეთ. შეიცვალეთ დღეში ორჯერ.
სურდოს დროს: გახეხეთ სარეცხის საპონი. აიღეთ ორი სუფრის კოვზი რომ გამოვიდეს, ხახვიც - ორი სუფრის კოვზი, დაამატეთ, ასევე, ორი სუფრის კოვზი სპირტი და ამდენივე რძე. კარგად აურიეთ ერთმანეთში. მოათავსეთ პატარა ქვაბში და დადგით მდუღარე წყლიან დიდ ქვაბზე. გააჩერეთ ორთქლზე დაახლოებით ნახევარი საათი და შემდეგ გააცივეთ. მიღებულ ნარევში ამოავლეთ ბამბის ქულები და მოათავსეთ ცხვირის ნესტოებში.
ყურის დაცობისას: აიღეთ 4 წილი ხახვის წვენი, ერთი წილი არაყი და კარგად აურიეთ. ჩაიწვეთეთ ორი წვეთი მიღებული მასა დღეში ორჯერ.
ბავშვებში კბილის ტკივილისას: გაჭერით ხახვი შუაზე და დაადეთ გაჭრილი მხრიდან მარცხენა იდაყვის სახსარში (შიდა მხარეს), თუ კბილი მარცხენა მხარეს სტკივა, ხოლო მარჯვენა იდაყვის სახსარში, თუ მტკივანი კბილი მარჯვენა მხარესაა. გადაიხვიეთ დოლბანდით და დაელოდეთ 10-15 წუთი. ტკივილი გაუვლის.
თუმცა, ცოცხალი ხახვის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰიპერტონიის, შარდსასქესო ორგანოების კენჭოვანი დაავადებების, გასტრიტის, წყლულის, ქრონიკული გულძმარვისა და ღვიძლის დაავადებების დროს. იშვიათად, მაგრამ შესაძლოა, მის მიღებას ალერგიული რეაქციებიც მოჰყვეს. თუმცა, თერმულად დამუშავებული ხახვი, პრაქტიკულად, უვნებელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან