კაკაოს საოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.09, 2023 წელი

კაკაოს შემადგენლობაში შედის A, B ჯგუფის, E, PP ვიტამინები; მიკრო- და მაკროელემენტები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა; სხვა ნივთიერებები – უჯრედისი, სახამებელი, გაჯერებული ცხიმმჟავები, ორგანული მჟავები.
კაკაოს ფხვნილის რეგულარული და ზომიერი გამოყენება ადამიანს სიმხნევეს მატებს, ამასთან, ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინსა და სეროტონინს – ჰორმონებს, რომლებიც ადამიანის კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი. კაკაო ეფექტური საშუალებაა დიეტების დროს.
კაკაო ძალიან მდიდარია ფლავონოიდებით – მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით. ფლავონოიდები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის: ის ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას, ანეიტრალებს, ეგრეთ წოდებულ, თავისუფალ რადიკალებს – ჟანგბადის აქტიურ ფორმებს, რომლებიც აზიანებს ქსოვილებსა და უჯრედებს. ამის წყალობით, კაკაო აბრკოლებს ანთებითი პროცესების გამო გამოწვეული დაავადებების, მათ შორის, ათეროსკლეროზის განვითარებას.
კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია მეხსიერებისთვის, ტვინის მუშაობის სტიმულირებისთვის და სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
კაკაო აღიარებულია, როგორც ლიდერი სასარგებლო მიკროელემენტების რაოდენობით, ხოლო თუთიის შემცველობის მხრივ, მას არ ჰყავს კონკურენტი.
კაკაოში კიდევ ერთი განსაკუთრებული ნივთიერებაა – ეპიცეცინი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, დაიცვათ თქვენი სხეული სხვადასხვა საშიში დაავადებისგან, როგორიცაა: კიბო, დიაბეტი, გულის შეტევა და ინსულტი.
რეკომენდებულია, კაკაო მიირთვათ დღის პირველ ნახევარში.
ეს რეცეპტი კაკაოს სასარგებლო თვისებებს უფრო გააძლიერებს.
კაკაოს და დარიჩინს აქვს საოცარი თვისებები, რომლებიც ებრძვიან მიკრობებს და ამცირებენ დაავადების ალბათობას, განსაკუთრებით ცივი ზამთრის თვეებში. კაკაო არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ძალიან მდიდარია მაგნიუმითა და ვიტამინებით, რაც ხდის მას უჩვეულოდ სასარგებლოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ 40 წელზე მეტის ხართ, მაშინ ის, უბრალოდ, საჭიროა.
რეცეპტი:
2ჭ რძე;
ნახევარი სადილის კოვზი კაკაო;
1 ჩაის კოვზი დარიჩინი;
მეოთხედი ჩაის კოვზი პიტნა (სურვილისამებრ);
მწიკვი მარილი.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ რძეში და დადგით დაბალ ცეცხლზე. აადუღეთ, თან მოურიეთ კოვზით, რომ ყველაფერი კარგად გაიხსნას.
კაკაო შეიცავს სხვა მატონიზებელ კომპონენტებს: თეოფილინს, რომელიც ააქტიურებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას, აფართოებს სისხლძარღვებს; თეობრომინს – აუმჯობესებს შრომის უნარს, მაგრამ კოფეინზე გაცილებით მსუბუქად მოქმედებს; ფენილეფილამინს – ამაღლებს გუნება-განწყობას, აფერხებს დეპრესიის ჩამოყალიბებას. ამიტომაც კაკაო რეკომენდებულია სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით, წინასაგამოცდო პერიოდში, ნერვიულობისა და დაძაბულობის შესასუსტებლად და კარგი გუნება-განწყობის შესაქმნელად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან